ბედნიერების დეფიციტი ქართველ ახალგაზრდებში

ბედნიერების დეფიციტი ქართველ ახალგაზრდებში

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფ "ეისითის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ახალგაზრდების ფსიქოლოგიური განწყობა არცთუ სახარბიელოა. როგორც "რეზონანსმა" გაარკვია, ამის მიზეზი ცხოვრების მიმართ მცდარი დამოკიდებულებაა. 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს, იმაზე მეტი სურთ, ვიდრე აქვთ და ეკუთვნით. გარდა ამისა, უბედურების შეგრძნებას ამძაფრებს მძიმე სოციალური ფონი, დაუსაქმებლობის, უპერსპექტივობის პრობლემა.

2013 წლის სექტემბერში კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, გაეროს დაკვეთით, 2012 წელს ჩატარებული "ბედნიერების ინდექსის" კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. იგი ქვეყნებში ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლას ემსახურებოდა. გამოკითხვის მიხედვით, დადგინდა, რომ ყველაზე ბედნიერი ხალხი მსოფლიოში ჩრდილოეთ ევროპაში ცხოვრობს. ესენია: დანია, ნორვეგია და ჰოლანდია.

"ეისითის" გაუჩნდა ინტერესი, რომ შეეტყო, თუ როგორ გრძნობენ თავს თბილისელები. გამოკითხვა ჩატარდა 407 ზრდასრულ ადამიანს შორის, მონაცემთა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაირკვა, რომ თბილისელთა მხოლოდ 8% მიიჩნევს თავს ბედნიერად.

"ეისითიმ" კვლევა ასაკის მიხედვითაც განახორციელა. აღმოჩნდა, რომ 25-დან 44 წლამდე მყოფი ადამიანები თავს უფრო კარგად გრძნობენ, ვიდრე 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდები. აღნიშნულ საკითხზე მცირე გამოკითხვა "რეზონანსმაც" ჩაატარა და მონაცემები ორგანიზაცია "ეისითის" შედეგების მსგავსი აღმოჩნდა.

"ვეთანხმები იმ აზრს, რომ ახალგაზრდების უმეტესობა (ძირითადად 18-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანები) თავს ბედნიერად არ გრძნობს. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ ყოველთვის იმაზე ბევრად მეტი სურთ, ვიდრე აქვთ. ზოგს მანქანა უნდა და არ ჰყავს, ნაწილს საზღვარგარეთ მოგზაურობა, კარგი სამსახური და ა.შ. ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ სულ ტყუილად კარგავს დროს სწავლაზე, რადგან არცთუ ცოტანი არიან ისეთები, ვინც, მიუხედავად დიდი გარჯისა, სამსახურს უშედეგოდ ეძებენ და ვერ შოულობენ.

რა ქნას ახალგაზრდამ, ვინც შრომა და თანხა ჩადო განათლების მიღებაში? ეს სამწუხარო რეალობაა, რის წინაშეც დღეს 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდები დგანან. დავამატებ იმასაც, რომ სწავლისთვის ღამეების თენებაც შესაბამისად აისახება მათ ფსიქიკაზე", - ამბობს თბილისელი ნინი ქადარია.

სოციალურმა პრობლემებმა ახალგაზრდებამდეც მიაღწია. მათ დაკარგეს რეალობის შეგრძნება და დაავიწყდათ, რომ ხშირად მათი მოთხოვნა არ შეეფერება სინამდვილეს. უნდათ კარგი ცხოვრება და არ უჩნდებათ სურვილი, რომ ამისთვის სერიოზულად იშრომონ. ისინი დროს უკეთესი მომავლის შექმნაში კი არა, დარდში და ვაი-ვიშში ატარებენ.

"ვეთანხმები მოსაზრებას, რომ 18-დან 24 წლის ასაკის ადამიანების უმეტესობა თავს ბედნიერად არ გრძნობს. ეს, ძირითადად, სტუდენტობის პერიოდია. ისინი მუდმივად ფულის დეფიციტს განიცდიან. არ არის იმის საშუალება, რომ ჰქონდეთ საკუთარი ხელფასი, რადგან სტაჟირების დროს ისინი ანაზღაურების გარეშე შრომობენ. ბოლოს და ბოლოს ეს ძალიან ბეზრდებათ და ფიქრობენ, რომ უსამართლოდ ექცევიან. ახალგაზრდები და მათ შორის მეც, ვფიქრობთ, რომ ანაზღაურების შემთხვევაში მეტად მონდომებულნი ვიქნებით და დაფასებულად ვიგრძნობთ თავს.

გარდა ამისა, სტუდენტებში სტრესს იწვევს გადატვირთული რეჟიმი. ეს სინამდვილეა, განსაკუთრებით კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დილიდან საღამომდე გვიწევს ყოფნა", - ამბობს მარი ადუაშვილი.

სოციალური გარემო გახდა უმთავრესი მიზეზი, რაც ახალგაზრდების უკმაყოფილებას და ზოგჯერ გაწბილებასაც იწვევს. გამოკითხულთა უმეტესობა დაუსაქმებლობაზე საუბრობს და ძირითად პრობლემად უპერსპექტივობას ასახელებს.

"სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა და პროფესიული განვითარების რეალური შანსი არ აქვთ. ძალიან შეზღუდულია შრომის ბაზარი, შესაბამისად, მცირეა დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა. დაუსაქმებლობა, უმუშევრობა კი მძიმე სოციალურ მდგომარეობასა და დროის უყაირათოდ ფლანგვაში ვლინდება.

ეს ყველაფერი ერთ გარემოებაზე მიუთითებს – 18-დან 24 წლამდე ადამიანები ვერ ახერხებენ თვითრეალიზებასა და დამოუკიდებლად საკუთარი ცხოვრების ორგანიზებას. ეს კი ბედნიერების შეგრძნების დაკარგვის მთავარი წინაპირობაა", - ამბობს თსუ-ს სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე.

წინა რესპონდენტების მსგავსად დიანა ლიპარტელიანიც პრობლემად უმუშევრობას განიხილავს.

"ახალგაზრდულ ასაკში მყოფ ადამიანებს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილი აქვთ და ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან. ამას, ალბათ, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი განაპირობებს. მათ არ ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობის რეალიზების საშუალება და ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, რომელსაც სწორად ვერ გეგმავენ და მერე საკუთარი გაუაზრებელი ქმედების მსხვერპლნი ხდებიან", - ამბობს დიანა ლიპარტელიანი.

"რეზონანსი" დაინტერესდა, როგორ აფასებენ ამ ფაქტს ფსიქოლოგები. 18-24 წელი ეს ის პერიოდია, როცა ყველაფერი შედარებით მარტივია და მეტი დრო გაქვს, საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებისთვის. ფსიქოლოგი სოფო ტაბაღუა მიიჩნევს, რომ ამ დროს ადამიანები დამოუკიდებლობას ეზიარებიან და ეს მათ სტრესულ მდგომარეობაში აგდებს.

"ამ ასაკში პიროვნება ყველაზე მეტად ცდილობს თავისი იდენტობის აღმოჩენას - ვინ ვარ მე და რა უნდა გავაკეთო, რა შემიძლია, როგორ უნდა ვმართო ჩემი მომავალი. ადამიანში ეს ყველაზე დიდი სირთულეა. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდებში ბედნიერების ხარისხი იკლებს.

ამასთან, ხდება ასაკის პერიოდებად დაყოფა. 18 წელი გარდატეხის ასაკის დასასრულია. 14, 15 და 16 წელი უფრო რთულია, ქცევით, სტილით, თავის დამკვიდრებით და ა.შ. რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ პერიოდს (18-24 წელს), ეს სტუდენტობის ხანაა და აქედან გამომდინარე, უჩნდებათ მეტი პასუხისმგებლობა და უწევთ ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა. ისინი თავს ნაკლებად ბედნიერად იმ მიზეზით გრძნობენ, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას სხვა უნარ-ჩვევები სჭირდება. ამიტომაც აქვთ კრიზისული პერიოდი პიროვნულ დონეზე", - აცხადებს ფსიქოლოგი სოფო ტაბაღუა.

მარიამ აფციაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია