ქართველი მსახიობი, რომელიც დოსტოევსკის სულის მოსახსენიებელ ლოცვაში იხსენიებს

ქართველი მსახიობი, რომელიც დოსტოევსკის სულის მოსახსენიებელ ლოცვაში იხსენიებს

ბავშვობაში პირველი მძაფრი შთაბეჭდილება "სამი მუშკეტერის" კითხვის დროს მიიღო. ძალიან უყვარდა ზღაპრებიც. ოჯახს წიგნით მის დასაინტერესებლად ძალდატანება არ სჭირდებოდა, პირიქით, 11 წლის ასაკიდან იმაზე უფრო საყვედურობდნენ, შუქი ჩაექრო და კითხვაში ღამე არ გაეთენებინა.

წელს ივნისში, რობერტ სტურუას ახალ თეატრალურ სივრცეში "ფაბრიკა", რუსთაველის თეატრის მსახიობმა ლელა ალიბეგაშვილმა სპექტაკლში "მარია კალასი - გაკვეთილი" , ცნობილი საოპერო მომღერლის როლი განასახიერა. წიგნებსა და ლიტერატურულ გემოვნებაზე საუბრის ბოლოს მის ახალ როლსაც შევეხეთ...

- მიმაჩნია, რომ უფროს ასაკში უფრო ნაკლებს ვკითხულობთ, ვიდრე სინორჩის დროს. ახლა გაცილებით ნაკლებს ვკითხულობ და თან მაქსიმალისტური დამოკიდებულება გამიჩნდა წიგნებისადმი, ისევე როგორც სპექტაკლებისადმი. მინდა წავიკითხო და ვნახო ყველაფერი საუკეთესო.

- რის მიხედვით არჩევთ ავტორებს, საზოგადოების აზრს ითვალისწინებთ, მოდად ქცეულ მწერლებს ეცნობით, თუ?..

- მოდაში შემოსვლის გამო პირადად მე ერთგვარი პროტესტი გამიჩნდა პაოლო კოელიოსადმი (იღიმის). ასე მგონია, წიგნის მაღაზიაში შესვლისას ამ ავტორის წიგნები რომ მოვიკითხო, აქეთ-იქით გავიხედავ, ნაცნობმა არ დამინახოს და მეც სხვებივით მოდას აყოლილ მკითხველად არ მიმიჩნიოს. ვფიქრობ, არაჯანსაღია აჟიოტაჟი რომელიმე ავტორის გარშემო იმ ადამიანებისგან, რომლებიც "მკითხველ პუბლიკას" არ განეკუთვნებიან. ასეთ დროს სურვილი არ მიჩნდება, შევიძინო ესა თუ ის წიგნი და ჩავეწერო ამ საზოგადოებაში. დღეს წასაკითხ ლიტერატურას რომ ვირჩევ, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ავტორი ყველასათვის ცნობილი იყოს. მცირე ხნის წინ ჩემი მეგობარი მსახიობის, ზურა პირველის მეშვეობით აღმოვაჩინე ერთი ახალგაზრდა პოეტი ქალი ლია ლიქოკელი. ძალიან მომეწონა. ხევსურეთშია დაბადებული და ჭეშმარიტად ბუნების შვილია. დავტკბი, ისეთი შეურყვნელი ენით წერს. ამ ახალგაზრდა ქალმა გრძნობათა სიწრფელე და სისპეტაკე შეინარჩუნა. ის არის ბავშვი, როგორიც უნდა იყოს ყველა ხელოვანი და იმავდროულად მასში არსებობს გარკვეული სიბრძნე, რაც მისი ასაკისათვის გასაკვირიც კია.

- გეყოლებათ გამორჩეული პერსონაჟები მსოფლიო ლიტერატურიდან, ვის მიმართაც დადებითად ხართ განწყობილი...

- ასეთი ბევრია. მსოფლიო დრამატურგიიდან ჩემი უსაყვარლესი შექსპირის ჰამლეტს გამოვყოფ. რა თქმა უნდა, იდეალური არ არის, მაგრამ ის სწორედ რომ ადამიანია. ასევე ძალიან მიყვარს დოსტოევსკის პერსონაჟები. მაგალითად, ილუშენკას მამა - "ძმები კარამაზოვებიდან". მას და ჰამლეტის როლს სიამოვნებით ვითამაშებდი, ასევე შევასრულებდი "იდიოტიდან" ნასტასია ფილიპოვნას და ტოლსტოის "ანა კარენინადან" ანას როლს. საზღვარგარეთის ლიტერატურას ძირითადად რუსულ ენაზე ვკითხულობდი და დღემდე ასე ვარ. გული მწყდება, რომ რუსული ენა ჩვენმა წინა ხელისუფლებამ შეიძულა და მტრის ენად შერაცხა. სამწუხაროა, რომ ახალმა თაობამ ის არ იცის და ვერც რუსულად კითხულობენ. საერთოდ, დოსტოევსკი ჩემთვის იმდენად ახლობელია, რომ ეკლესიაში შესული, სულის მოსახსენებელში მას ყოველთვის ვიხსენიებდი ისე, როგორც ჩემს ახლობლებს. და როცა გავიგე, რომ ერთ დღეს, 30 ოქტომბერს ვართ დაბადებული, ძალიან გამიხარდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია