ლექსო ჭიკაიძე: "წესიერი ადამიანები მიყვარს, კრიმინალური მენტალიტეტის მქონენი კი მაღიზიანებენ"

ლექსო ჭიკაიძე: "წესიერი ადამიანები მიყვარს, კრიმინალური მენტალიტეტის მქონენი კი მაღიზიანებენ"

სულ რამდენიმე ხნის წინ ჩვენს რესპონდენტს საზოგადოების მცირე ნაწილი თუ იცნობდა, ახლა კი ბავშვმაც იცის, რომ შს მინისტრის პორტფელი 28 წლის ალექსანდრე ჭიკაიძემ ჩაიბარა.

რით დაიმსახურა მან პრემიერ-მინისტრის ნდობა? რა გეგმები აქვს და როგორ პასუხობს ყველაზე მწვავე შეკითხვებს, რაც 2008-დან 2012 წლამდე შსს-ში მის საქმიანობას უკავშირდება? - შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პირველი ინტერვიუ ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას" მისცა.

- მე თვითონ არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკოსი და სიმართლე გითხრათ, კარგად არც ვარ გარკვეული პოლიტიკაში. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში პოლიცია პოლიტიზებული არ იქნება. მე ირაკლი ღარიბაშვილის დაწყებულ საქმეს გავაგრძელებ. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველამ დაინახა, რომ პოლიცია მოქმედებდა ისე, როგორც უნდა ემოქმედა. ის უზრუნველყოფდა წესრიგს საზოგადოებაში, სხვა ფუნქცია არ ჰქონია. მერწმუნეთ, მომავალშიც ასე იქნება.

პოლიცია ნელ-ნელა გადადის იმ ფაზაზე, როცა მოქალაქეებს ისე ემსახურება, რომ მათში არა შიშის დანერგვას, არამედ დაცულობის განცდას აჩენს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ უფლებებსა და უსაფრთხოებას ვიცავთ.

- და მაინც, ხომ არ იგეგმება რეფორმები პოლიციის დეპოლიტიზაციისთვის, რათა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი მთლად თქვენს კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული?

- შსს-ს თანამშრომლებს პოლიტიკური საქმიანობა კანონით ისედაც აკრძალული აქვთ. მთავარია, იყოს მზაობა კანონის დაცვისა.

- უშიშროების და შსს-ს ერთმანეთისგან განცალკევება არ იგეგმება? ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ თავის დროზე ასეთი მონსტრის შექმნამ პოლიციის პოლიტიზაციას ხელი შეუწყო.

- უშიშროების და შსს-ს ერთმანეთისგან გამოყოფის საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუმცა ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ.… პირადად მე არ ვთვლი, რომ ამ ორი უწყების გაერთიანება პოლიციის პოლიტიზაციასთან კავშირშია. ევროპის წამყვან ქვეყნებშიც (მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში და ა.შ.) ანალოგიური სისტემა მოქმედებს, მაგრამ პოლიცია პოლიტიზებული არ არის.

- იმიტომ, რომ ეს ისედაც დემოკრატიული ქვეყნებია, ჩვენ კი ახლა ვიბრძვით დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად.

- ვიმეორებ, 2013 წლის არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და პოლიციამ თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა. ვფიქრობ, ეს მრავლისმთქმელია. რასაკვირველია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიცია ხელისუფლების პოლიტიკური ნების უპირობო შემსრულებელი იყო. მე მაშინაც ვმუშაობდი ამ სისტემაში და ვიცი, რომ ბევრი პოლიციელი პოლიტიკურ წნეხში იყო, თანაც იმდენად, რომ მწვავე ნევროზულ მდგომარეობამდე იყო მისული.…

- საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა გკითხათ, თქვენ პირადად ხომ არ მიგიღიათ ან შეგისრულებიათ უკანონო ბრძანება 2008-დან 2012 წლამდეო. მან ისიც გაიხსენა, რომ მაღალი თანამდებობის პირი იყავით და დაინტერესდა, თავად გასცემდით თუ არა უკანონო ბრძანებებს? რატომ უპასუხეთ ამ კითხვას დუმილით?

- კუბლაშვილს მაშინ მოკლედ გავეცი პასუხი, ახლა კი კიდევ ერთხელ დავაზუსტებ: ის, ვინც უკანონო ბრძანებას გასცემდა და ასრულებდა, ან უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული, ან საქართველოდან გაქცეულია. მე რომ უკანონობა ჩამედინა, დღეს არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ.

- ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოს საიდუმლო საცავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები საზოგადოების ნაწილს წარუდგინა. იცოდით, რომ ასეთი ფაქტები ხდებოდა?

- ერთია, როცა ჭორად იცი რაღაც და მეორე, როცა ფაქტის შესახებ გაქვს ინფორმაცია. რასაკვირველია, როცა ერთი რიგითი, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი თანამშრომელი (თუნდაც თანამზრახველებთან ერთად) სჩადის დანაშაულს, მხოლოდ ის აგებს ამ ქმედებაზე პასუხს, მაგრამ სულ სხვაა, როცა ადამიანის ღირსების შემლახველ დანაშაულს მასობრივი ხასიათი აქვს. ამას ვიდეოფირების რაოდენობაც მოწმობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დანაშაულებრივ საქმიანობაში შსს-ს ხელმძღვანელობაც იყო გარეული, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია. გამოძიება მიმდინარეობს და იმედია, ჭეშმარიტებაც დადგინდება და ყველა, ვინც ამ სასტიკ დანაშაულებს სჩადიოდა, დაისჯება.

- "ჭიკაიძე 26 მაისს თავის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ ის არ იყო დამარბეველი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში. იქნებ დააზუსტოთ, სად იმყოფებოდით 26 მაისს და რა მოვალეობას ასრულებდით?

- მაშინ პოლიცია ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. ქალაქის მთავარი სამმართველო მთლიანად იყო მობილიზებული. მე ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში ვიყავი და ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. ასე რომ, არც რუსთაველის პროსპექტზე ვმდგარვარ და არც ხელკეტი მჭერია.

- მაშინ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილების დეტექტივი იყავით და ზემდგომისგან ბრძანება არ მიგიღიათ?

- მე არ ვსარგებლობდი ხელმძღვანელობის ისეთი დიდი ნდობით, რომ ჩემთვის დანაშაულებრივი ქმედება დაევალებინათ.

- სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძის ცხედრები რომ "აღმოაჩინეს" მაღაზიის თავზე, ზემდგომთან შეკითხვები გაგიჩნდათ, თუ მართლა დაიჯერეთ, რომ ისინი ელექტროსადენების შეხებით გარდაიცვალნენ?

- ცხადია, ეს დაუჯერებელი იყო, მაგრამ ერთია, როცა ასე ფიქრობ და მეორე, როცა დანაშაულს შეესწრები. მე საკუთარი თვალით არ მინახავს, რა მოხდა.

- თქვენი აზრით, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თუ არა ვანო მერაბიშვილს იმის გამო, რაც 26 მაისს მოხდა?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა გაირკვეს, ვინ გასცა ბრძანება, რატომ გასცა და დაავალეს თუ არა მას ეს ზემოდან, შემდეგ კი ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. …

- გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროს, როცა მსგავსი ამბები ხდებოდა, სოციალურ ქსელში ("ფეისბუკში") მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს დებდით.

- სიცრუეა, იმიტომ, რომ "ფეისბუკზე" გვერდი ვიდრე მინისტრი გავხდებოდი, არც მქონია, სხვები ჩემი სახელით რეგისტრირდებოდნენ, ექვსი ყალბი გვერდი აღმოვაჩინე.

- ბარბარე რაფალიანცის საქმე თუ მოიკითხეთ?

- ეს შემთხვევა არჩევნების წინაღამეს მოხდა, მაშინ არ გატარებულა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები, რის გამოც ეს საქმე დღეს გაუხსნელია. შემთხვევის ადგილი დაცული არ ყოფილა, ამის გამო მტკიცებულებები არ შეგროვდა. წავიდა ის დრო, როცა მტკიცებულებების გარეშე იჭერდნენ ადამიანებს. დღეს შსს უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე მოქმედებს. ამიტომ გამოძიების დასრულებამდე ვერაფერს გეტყვით.

- მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვის მიზნობრიობას შსს იძიებს. დაიბარებთ თუ არა დაკითხვაზე ყოფილ პრეზიდენტს ამ საქმეზე?

- კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტიც.

- ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ გაუჩინარებული ადამიანების საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და უახლოეს ხანში გავიგებთ, თუ როგორ იკარგებოდა ხალხი უგზო-უკვლოდ. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 2 000 კაცია დაკარგული და მათ საქმეებს გრიფი "საიდუმლო" ადევს.

- უახლოეს ხანში მართლაც საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ ამ საქმეებზე, დეტალებს ჯერჯერობით ვერ გავახმაურებთ. გპირდებით, რომ ექსკლუზიურ ინფორმაციას თქვენს გაზეთს მივაწვდი.

- და მაინც, რომელ მაღალჩინოსანთა დანაშაული იკვეთება ორი ქართველი მზვერავის - პაატა ქარდავასა და როინ შავაძის გაუჩინარებისა და ლიკვიდაციის საქმეებში?

- ამ შეკითხვაზე პასუხისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა