რა ჯდება სამართლიანობის აღდგენა?

რა ჯდება სამართლიანობის აღდგენა?

ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენაზე უარს ამბობს, მთავრობაში ამის მიზეზად მოსალოდნელ ფინანსურ სირთულეებს ასახელებენ. ექსპერტები და უფლებადამცველები კი უფულობის მომიზეზებით სამართლის აღდგენაზე უარის თქმას ცინიზმად მიიჩნევენ.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია აღარ შეიქმნება. მისი თქმით, როგორც კი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა დაზარალებულთა მატერიალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზად იქნება, კომისიის შექმნის საკითხი იმ წერტილიდან გაგრძელდება, სადაც გაჩერდა.

"კომისიის შექმნას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავრობამ მიიჩნია, რომ ძალიან ფრთხილად არის გასათვლელი ის შედეგები, რაც შესაძლოა, ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით მივიღოთ. თუ ადამიანს გაამართლებ, მას გაუჩნდება მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება, ამისთვის კი დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის. სწორედ ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩათვალა მთავრობამ, რომ ამ კომისიის შექმნა ამ ეტაპზე ნაადრევია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ვარაუდობს, რომ კომპენსაცია შესაძლოა, რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს შეადგენდეს. თუმცა აღნიშნავს, რომ საკომპენსაციო თანხის ზუსტი რაოდენობა არავინ იცის, რადგან რეალურად ამ საქმეების შესწავლისა და შედეგების დადების გარეშე პრობლემის ინვენტარიზაცია შეუძლებელია.

"რამდენ საქმეზეც იქნებოდა შესწავლის მოთხოვნა, კომისიას იმდენი უნდა შეესწავლა. ზუსტ ციფრს ვერავინ ამბობს, რადგან რეალურად მხოლოდ პროკურატურაში შეტანილი განცხადებები დაფიქსირდა. ბევრს სარჩელი არც შეუტანია და, რა თქმა უნდა, შეტანილზე ბევრად მეტი იქნებოდა.

მსმენია, რომ პროკურატურაში 10 303 განცხადება იყო შესული, მათგან ზოგი ეხებოდა უკანონო პატიმრობას, ზოგი - ქონების უკანონოდ ჩამორთმევას. აქედან რამდენი იყო მართლაც უკანონოდ და რამდენი - კანონიერად, ამის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ ჩატარებულა. ზიანი რომ რამდენიმე ასეული მილიონია, ამის ვარაუდი თავისუფლად შეიძლება, მაგრამ რამდენი - ზუსტად თქმა ნებისმიერ მოქალაქეს გაუჭირდება.

რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით უნდა მომხდარიყო ზიანის ანაზღაურება, ეს მსჯელობისა და განხილვის საგანია. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ზიანის ანაზღაურება ხდება ფულადი სახით მაშინ, თუ მისი ნატურით ანაზღაურება შეუძლებელია. ამიტომაც ჯერ უნდა მოხდეს ინვენტარიზაცია, დადგინდეს, ვისი რამდენი გვმართებს და მერე უნდა ვიფიქროთ, რა ფორმით მოხდება კომპენსირება.

"თეამ ეს განცხადება იმის საფუძველზე გააკეთა, რომ ამ შემთხვვაში თავისუფლად შეიძლება ივარაუდო, რომ რამდენიმე ასეულ მილიონზე შეიძლება იყოს საუბარი. თავდაპირველი განცხადებების რაოდენობიდან და დაწესებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, თეამ ეს ვარაუდის დონეზე თქვა", - ამბობს ქუცნაშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ არსებული რეგულაციებით ადამიანები სამართლიანობის აღდგენას ვერ შეძლებენ, რადგან მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის გარეშე მათ სარჩელის შეტანა არ შეუძლიათ. ის საკანონმდებლო სისტემის გადახედვას და ახალი მექანიზმების შექმნას მოითხოვს.

"ჩვენ სწორედ მაგას ვაბობთ, რომ ამ ადამიანებს სასამართლოში გასაჩივრება არ შეუძლიათ. სხვა საკითხია, გამარჯვებას რამდენად მიაღწევდნენ, მაგრამ ასეთი მექანიზმი არ არის.

"ვიღაცას რომ 5 წლის წინ პატიმრობა მიესაჯა, ეს განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და ვერანაირად ვერ გაასაჩივრებს. ამიტომ ვმუშაობთ ახალი მექანიზმის შექმნაზე და ამის არარსებობა ქმნის პრობლემას.

"არსებულ ვითარებაში, ამ რეგულაციის თანახმად, კომისიის გარეშე ვერ იჩივლებენ. თუ ახალი მექანიზმები არ შეიქმნა, ადამიანები სამართლიანობის აღდგენით ვერ ისარგებლებენ. ჩვენ მაინცდამიანც კომისიის შექმნას კი არ მოვითხოვთ, ეს საკითხი შეიძლება თვითონ სასამართლომ განიხილოს. მთავარია, შემუშავდეს მექანიზმი და რა ფორმით - ეს შეიძლება მსჯელობის საგანი იყოს", - აღნიშნავს იურისტი.

კოჟორიძე იხსენებს შემთხვევას, როდესაც სახელმწიფომ უკანონოდ დაკავებულ პირებს მორალური კომპენსაცია 2000 ლარით აუნაზღაურა. მისი თქმით, კანონის მიხედვით, კომპენსაციის რაოდენობა დეტალურად არაა განსაზღვრული და ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული.

"საია-ს ქუთაისის ფილიალი აწარმოებდა საქმეებს, როცა 2012 წელს წინასაარჩევნო პერიოდში 2 პიროვნება დააკავეს და საპარლამენტო არჩევნების მერე ისინი სასამართლომ გაამართლა. ჩვენ მოვითხოვეთ ფულადი კომპენსაცია და მათ დაახლოებით 2000 ლარი მიიღეს, რაც ძალიან მიზერული თანხაა", - აცხადებს კოჟორიძე და განმარტავს, რომ კანონის ძირითადი პრინციპი ადამიანისთვის იმ დანაკლისის ანაზღაურებაა, რაც უკანონოდ პასუხისგებაში მიცემამ გამოიწვია.

"მატერიალური ზიანის ანაზღაურებისას მნიშვნელობა აქვს, თუ რა ტიპის ზარალი მიადგა კონკრეტულ პირს. თუ, დავუშვათ, ის სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა და 1000 ლარი ჰქონდა ხელფასი, მაშინ აღნიშნული თანხა იმ თვეებზე გადამრავლდება, რამდენ ხანსაც იყო დაპატიმრებული და ხელფასი ვერ მიიღო. მაგრამ თუ ის იყო ბიზნესმენი და სერიოზული შემოსავალი დაკარგა, მაშინ მეტი კომპენსაცია სჭირდება.

"შეიძლება საუბარი მორალურ კომპენსაციაზეც და კანონი აქაც კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული - ადამიანს რა სიმძიმის ბრალი ედებოდა, რამდენი მოიხადა, რა ვითარება იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ა.შ.", - ამბობს კოჟორიძე.

მისივე თქმით, ხარვეზების დამდგენ კომისიას ათასობით საქმის შესწავლა მოუწევდა და მისი გადავადება ადამიანებისათვის უკანონობის გაგრძელებას ნიშნავს.

"ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ საკმოად ბევრი საქმე უნდა შეესწავლათ, შეიძლება ათასობით იყოს. თავად "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ ათასობით ადამიანია ასეთი და ამაზე პარლამენტმაც ისაუბრა პოლიტპატიმართა შესახებ დადგენილებაში. ამ პრობლემამ არაერთხელ გაიჟღერა და ამ ვითარებაში კომისიის შექმნის გადადება ნამდვილად არაა სწორი გადაწყვეტილება, ეს ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას," - ამბობს კოჟორიძე და დასძენს, რომ სიმართლის დადგენის გადავადება მიუღებელია.

"ერთია სიმართლის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა პირმა დანაშაული და მეორე – მატერიალური კომპენსაციის საკითხი. გვესმის, რომ სახელმწიფოს შეიძლება მატერიალურად უჭირდეს და ამ ეტაპზე ფულადი კომპენსაცია ვერ გადაიხადოს, მაგრამ სიმართლის გარკვვის გადავადებას ვეწინააღმდეგებით.

"დროში რაც უფრო გადავადდება ეს საიკთხი, სამრათლიანობის აღდგენა მით უფრო გართულდება, რადგან ადამიანები ჯერ კიდევ ციხეში სხედან და მათთვის გადავადება უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებას ნიშნავს", - ამბობს კოჟორიძე.

იგი საკომპენსაციო თანხის რაოდენობაზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან აღნიშნული საკითხი არ შეუსწავლიათ.

"ვფიქრობ, ეს საკითხი არც მთავრობას შეუსწავლია, რადგან აღნიშნული პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს რა თანხა უჯდება ან რა კვლევას ეფუძნება ეს ვარაუდი, მათი მხრიდან ასეთი ინფორმაცია არ გაჟღერებულა", - აღნიშნავს კოჟორიძე.

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან საუბარი, რომ სამართლიანობის აღდგენის გადავადება უსახსრობის გამო ხდება, ცინიზმია.

"ფინანსების არქონის გამო რომ კომისია არ შეიქმნება, ეს იყო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მოტყუება. ახლა, როდესაც თბილი სავარძლები მოირგეს და "ნაციონალურ მოძრაობასთან" საეროთ ენა გამონახეს, უკვე აღმოჩნდა, რომ ხალხის უფლებების დაცვა წინააღმდეგობაშია ხელისუფლების ინტერესებთან. ამიტომ თქვეს – იცით რა, ფული არ არის და გადავდოთ იმ დროისთვის, როცა იქნება. ეს იყო ცინიზმი.

"ესაა ტყუილი. მაშინ დაგვიდონ ციფრები. ზარალი არავის არ დაუთვლია და ჯერჯერობით ვერც ვერავინ დაითვლის, რადგან მას შემდეგ დაითვლება, რაც საქმეები კომისიას გაივლის, სასამართლოებში შევა და სასამართლო დაადგენს ზიანს. თუ საქმეები კომისიაშიც კი არაა შესული, საიდან უნდა დაითვალო?!

"თუ წართმეულ ქონებაზეა საუბარი, ეს სახელმწიფოს ბალანსზეა. ისინი კი იტაცებდნენ, მაგრამ შენობა-ნაგებობებს სახლში ხომ ვერ წაიღებდნენ?! ესაა მილიონები და არა მილიარდები, თან სახელმწიფოს შეუძლია, გრძელვადიანი სესხი აიღოს, ფასიანი ქაღალდები გამოუშვას, ამის დარეგულირების ათასი ფორმა არსბეობს. მთავარია, რომ დღეს ამის პოლიტიკური ნება არ არის", - ამბობს უფლებადამცველი.

მისივე თქმით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადების მიზეზი პოლიტიკური ნების არქონა და დამნაშავეებთან კოაბიტაციაა.

"ამ საქმეების განხილვა რომ დაიწყოს, კონკრეტული მოსამართლეებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლებთანაც დღევანდელი ხელისუფლება კოაბიტაციაშია. ასევე დადგება პასუხისმგებლობა "ნაცმოძრაობის" იმ ბობოლა წარმომადგენლებისა, რომლებიც უშუალოდ უკვეთავდნენ ამ ბინძურ გადაწყვეტილებებს.

"ეს არის ძალიან ფარულად და შეიძლება ითქვას, ღიად ნათქვამიც, რომ სამართლიანობა არ აღდგება და შეეუგეთ იმას, რაც არის.

მადლობა თქვით, რომ ცოცხებით აღარავინ დადის და გააგრძელეთ ცხოვრება. ამას არავინ შეეგუება, ხალხმა სამართლიანობის აღდგენას მისცა ხმა და ამას მოსთხოვენ ისინი ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას", - ამბობს კაკაბაძე.

როგორც ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, მორალური კომპენსაციის ანაზღაურება ბიუჯეტს დღევანდელი მდგომარეობით მართლაც არ შეუძლია, მაგრამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას წინ არაფერი უდგას.

"როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მოხდება, რადგან ძვირი ჯდება, არ ვიცი, უფრო კატასტროფული რა უნდა იყოს. მორალური ზიანის ანაზღაურება სხვა საქმეა, შეიძლება წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ დაკავებული ადამიანები კომპენსაციას ითხოვდნენ. მე ამ შემთხვევაში ხელისუფლების მესმის, რომ ბიუჯეტს დღეს მორალური კომპენსაციების გაცემის საშუალება ნამდვილად არ აქვს, მაგრამ საუბარია ქონებაზე, რომელიც უკანონოდ წაართვეს - სხვას გადასცეს ან თვითონ მიითვისეს. ამის დაბრუნებას რა უნდა?!

"როგორ შეიძლება მთავრობამ ამაზე ასეთი განცხადება გააკეთოს... გამოდის, რომ ის უბრალოდ არ ასრულებს იმას, რაც ელემენტარულია სახელმწიფოში, ხალხმა კი სწორედ ამიტომ აირჩია, რომ სიმართლის აღდგენა სჭირდებოდა", - აბმობს ექსპერტი.

გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ამას ნაწილობრივ ხელს უშლის ის ლობისტური ჯგუფები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს თავად ცდილობდნენ ამ ქონების ხელში ჩაგდებას.

"საუბარია არა ვინმეს დასჯაზე, არამედ ადამიანებს უკანონოდ წართმეული საკუთარი ქონების დაბრუნება უნდათ და თუ ამას ვერ აკეთებს ხელისუფლება, აბა, რას აკეთებს?! სამართლიანობა ფული ღირს ქვეყანაში, მაგრამ ამის გამო ხარჯებს ვერ გავიღებთო - ესაა განცხადება, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით კომენტარს არ ექვემდებარება. ესაა ხელისუფლებისთვის ფინიში", - აღნიშნავს გიორხელიძე.

მაია აბაიაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ