"მძიმე წელი" პარაფირებიდან ასოცირებამდე, ანუ "რას გვიზამს რუსეთი"?!

"მძიმე წელი" პარაფირებიდან ასოცირებამდე, ანუ "რას გვიზამს რუსეთი"?!

საქართველო ევროპულ არჩევანზე უარის თქმას არაფრის ფასად არ აპირებს - გვარწმუნებს ხელისუფლება და პარალელურად მოსალოდნელი სირთულეებისთვის ემზადება.

რას გააკეთებს რუსეთი იმისთვის, რომ უკრაინის მსგავსად ევროპაზე უარი საქართველოსაც ათქმევინოს, არავინ იცის. ფაქტია, რომ მავთულხლართების გავლება და კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ პირთა დაკავება მოსკოვმა ვილნიუსში ქართული დელეგაციის გამგზავრების პარალელურად განაახლა.

ევროკავშირის ლიდერებმა ლიტვიდან რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მისი ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მისამართით 21-ე საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობებთან შეუსაბამოა.

უკრაინის მოვლენებმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი დაარწმუნა, რომ ევროპას "თამამი გადაწყვეტილებების მიღების დრო დაუდგა".

ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ რუსეთი ძალისხმევას საქართველოსა და მოლდოვას არჩევანზე გავლენისთვისაც არ დაიშურებს და "ერთგულ აღმოსავლელ პარტნიორებს" მხარდაჭერას ჰპირდებიან. ცდილობენ, დაარწმუნონ მოსკოვი, რომ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმებები მისთვისაც მომგებიანია.

"მოსკოვში ხშირად არის ხოლმე გაუგებრობა, თითქოს ევროკავშირის ნაბიჯები მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. სინამდვილეში, ეს ნაბიჯები აუმჯობესებს ჩვენს პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას იმ ქვეყნებთან, რომლებსაც დემოკრატიული განვითარება სურთ. ეს არის ევროკავშირის სტილი. ვიმედოვნებ, ადრე თუ გვიან ჩვენ შევძლებთ, ღიად განვიხილოთ რუსეთის მთავრობასთან ეს საკითხი და დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ევროკავშირი მათ წინააღმდეგ არ მოქმედებს", - გვითხრა ვილნიუსში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა.

იქამდე კი ევროპა ვერ უგულებელყოფს, რომ რუსეთი მისი სტრატეგიული პარტნიორია. შესაბამისად, მეტ სიმკაცრესაც ვერ გამოიჩენს.

"როდესაც ორმხრივი შეთანხმების პარაფირება ხდება, მესამე ქვეყნის ჩარევა დაუშვებელია. ევროპაში სუვერენიტეტის შეზღუდვის დრო დიდი ხნის წინ დამთავრდა", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ.

საქართველო "მძიმე წელს" მოელის სუვერენიტეტის შეზღუდვის გაგრძელების მიმართულებით.

"ჩვენ მოველით, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას, რათა შემცირდეს ის საფრთხე, რომელიც რუსი სამხედროების ბოლო დროინდელი მოქმედებებით შეიქმნა საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; მოხდეს კოორდინირებული რეაგირება ნებისმიერ აშკარა ზეწოლაზე რუსეთის მხრიდან, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ უარი ვთქვათ ჩვენს მიზანზე - 2014 წელს მოხდეს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტს ესმის, რომ შესაძლოა, გარკვეულმა ძალებმა საქართველოსა და ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანზე გავლენის მოხდენა სცადონ, თუმცა აქ უკვე ქართული საზოგადოების ერთიანობის იმედი აქვს. ამბობს, რომ თუ ვერ გაუძლო უკრაინამ, გაუძლებს საქართველო - ამ არჩევანისთვის თაობებს წლების განმავლობაში ბევრი გადაუტანიათ.

გიორგი მარგველაშვილს ეამაყება, რომ საქართველო თავის ევროპულ არჩევანში ისეთი ძლიერი და ერთიანია, როგორც არავინ.

"დღეს ყველანი ვართ იმ გავლენის და ემოციის ქვეშ, როდესაც ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა შეაჩერეს თავიანთი გადაწყვეტილება. ეს გარკვეულ ემოციურ ფონს ქმნის და გავლენას ახდენს, როგორც სამიტზე, ისე თითოეულ ჩვენგანზე. იქმნება განცდა, რომ შესაძლოა, სირთულეები იყოს მომავალშიც, რადგან ჩვენც პრინციპში, იგივე გზა უნდა გავიაროთ. რეალურად საქართველოს გააჩნია უსერიოზულესი რესურსი ამ გზაზე. არ ვიცი ქვეყანა, რომელიც ასეთი კონსოლიდირებულია თავის ევროპულ არჩევანში, როგორც მთლიანად საზოგადოების, ისე პოლიტიკური თვალსაზრისითაც ", - განაცხადა პრეზიდენტმა ვილნიუსში.

გიორგი მარგველაშვილი ევროპაში თბილად მიიღეს, ვიქტორ იანუკოვიჩი - ვერა. თავშეკავებული პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირი განაწყენებულია და ანგელა მერკელმა ამ მიზეზით ეტიკეტის დაცვაზე უარი თქვა - ოფიციალურ სადილზე უკრაინის პრეზიდენტს ხელი არ ჩამოართვა. სასურველი სტუმარი რომ არ იყო, ეს ვიქტორ იანუკოვიჩმა თავადაც იცოდა. სავარაუდოდ, ამით აიხსნება ის, რომ ქართველი ჟურნალისტების რუსულად დასმულ კითხვას მოკლედ და უკრაინულ ენაზე უპასუხა...

იმისთვის, რომ საქართველო უკრაინული რეალობის წინაშე არ აღმოჩნდეს, ევროპასთან კომუნიკაციის გაძლიერების გარდა, ევროპულ მომავალთან დაკავშირებით პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ - სტრატეგია ასეთია.

თუმცა უკრაინისა და საქართველოს შემთხვევების შედარება პოლიტიკურ სპექტრში მაინც შეუძლებლად მიაჩნიათ.

"უკრაინის შემთხვევა სხვაა, მას გაცილებით რთული სიტუაცია აქვს, რადგან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინა მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკურად, ფინანსურად, სოციალურად თუ კულტურულად რუსეთთან. ამ თვალსაზრისით შეიქმნა ეს პრობლემა. ჩვენ არ ვართ ჩრდილოელ მეზობელთან ისე გადაჯაჭვული ეკონომიკურად და ფინანსურად, როგორც უკრაინა. რუსეთმა ზეწოლა შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით განახორციელოს, სადაც ჩათვლის, რომ გავლენის ბერკეტები დარჩა", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანმა.

რას იზამს რუსეთი, რთულად პროგნოზირებადია. რისკი ყველაზე მეტად ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით დგას. ეკონომიკური ბერკეტები ჩვენ აღარ დავუტოვეთო, წინა ხელისუფლებაში ამბობენ.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ რუსეთს დღეს ზეწოლის გაცილებით ნაკლები ინსტრუმენტი გააჩნია, ვიდრე 10 წლის წინ.

"საქართველო უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული პოლიტიკურად და ეკონომიკურად რუსეთზე, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ეს არის ის მემკვიდრეობა, რასაც ხშირად აკრიტიკებს ახალი ხელისუფლება. საქართველომ ეს ბრძოლები გადაიტანა. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ იმ შეცდომების გამეორება, რაც ხელახლა დამოკიდებულს გაგხვდის ეკონომიკურად ან პოლიტიკურად რუსეთზე", - განაცხადა ბოკერიამ.

საოკუპაციო ზოლზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ხელისუფლებას განგაშის საფუძველს ჯერ არ აძლევს. უახლოესი მომავლის პერსპექტივაში სამხედრო მოქმედებების განახლების საფრთხე არ შეინიშნებაო, ამბობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

თუ სამხედრო მოქმედებების განახლების არა, ე.წ ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურების საშიშროება რეალურია, უკრაინული სცენარი კი - გამორიცხული, ირწმუნებიან ხელისუფლებაში.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ფიქრობენ, რომ შეუძლებელია საქართველოსთვის კარგი იყოს ის, რაც კარგი არ არის უკრაინელი ხალხისთვის.

საქართველო უკრაინელ ხალხს გულშემატკივრობს და იქ მიმდინარე პროცესების მშვიდად დასრულების მოლოდინშია.

უკრაინაში კი პროტესტი დღითიდღე ძალას იკრებს. დასავლური მედიის მონაცემებით, დემონსტრაციის მონაწილეთა რიცხვმა უკვე 800 ათასს გადააჭარბა. აქციის დაშლის ძალადობრივმა მეთოდებმა კი საქართველოში 26 მაისის ასოციაცია გააჩინა. სოციალურ ქსელში უკვე დაისვა კითხვა, ვინ უფრო სასტიკი იყო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ...

ნინო წივწივაძე, ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა