რა ქონებას ფლობს ნანა კაკაბაძე

რა ქონებას ფლობს ნანა კაკაბაძე

"რადგან ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა ხარვეზების კომისიის შექმნაზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ღირსება და სამართლიანობის აღდგენა, დაგვიკავშირდით მოძრაობაში "სამართლიანობა უნდა აღდგეს" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის". ხელისუფლებას რატომღაც ჰგონია, ქართველი ხალხის ქონება მათი სკამებზე ჯდომა იყო, დავანახოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა 15 დეკემბერს 13 საათზე, რუსთაველზე, ყოფილი პარლამენტის წინ ვიკრიბებით ყველა, რეჟიმისგან დაზარალებულები".

ეს განცხადება ნანა კაკაბაძეს ეკუთვნის. როგორც ხედავთ, ის 15 დეკემბრიდან ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს და ამავე დროს "მეორე ფრონტსაც" ხსნის.

"პარასკევს, 13 საათზე, კანცელარიასთან იწყება შიმშილობა სამართლიანობის აღდგენისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, გთხოვთ თუ ვინმეს შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ კარვებითა და თბილი ინვენტარით, მოგვაწოდეთ ოფისში".

ორი მოთხოვნა, ორი აქცია – შიმშილობა, კარვები, ყველაფრის ისევ თავიდან დაწყების მცდელობა. ასევე შიმშილობის დაწყება ციხეებში. ბოლო ინფორმაციის თანახმად, 50 პატიმარი შიმშილობს. როგორც ინკოგნიტო წყარო ამტკიცებს "ალიასთან" საუბარში, ნანა კაკაბაძე უკვე ბინძურ თამაშშია ჩართული და ციხეებშიც კარგა გვარიანად ურევს ხელს. მისივე თქმით, ეს არის სახიფათო თამაში არა საქმისთვის, არამედ ძველი გავლენის მოპოვებისთვის. რას ნიშნავს ძველი გავლენა? მისივე არასამთავრობო ორგანიზაციის კულუარებში ლაპარაკობენ, რომ ის თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა "ნაციონალების" მმართველობის პირობებში და საკმაოდ დიდი ქონებაც დააგროვა...

"ალიას" ნანა კაკაბაძის ქონების სიასაც აწვდიან:

1. ბინა თბილისში. ჭავჭავაძის გამზირი, #37, 205 კვ.მ. ტერასა – 34 კვ.მ. ავტოსადგომი - 18 კვ.მ.

2. ნაკვეთი მუხიანში – 600 კვ.მ.

3. ბინა თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. #3, 79 კვ.მ. მანსარდა – 88 კვ.მ.

4. ბინა თბილისში, თემქა, მე-4 მ/რ, კორპუსი #9.

5. ბინა თბილისში, აგლაძის ქ. #37.

6. ბინა ბათუმში, გორგასლის ქ. #159. 56 კვ.მ.

ნანა კაკაბაძეს ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ მას წლების განმავლობაში ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა გიგა ბოკერიასთან, მისი ვაჟი სწორედ მან მოაწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, საკონსულო დეპარტამენტში და სხვათა შორის, როგორც კი ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა გაიგო, ბრძანება გასცა, კაკაბაძის შვილი გაეგდოთ სამსახურიდან, მაგრამ გიგა ბოკერიამ ყველა დაარწმუნა, რომ ასე იყო საჭირო და დაატოვებინაო.

"ალიას" ინკოგნიტო წყარო უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ ნანა კაკაბაძემ 2007 წლის არეულობის დროსაც გააკეთა ფული "ნაციონალებთან" გარიგებით... ყოველ შემთხვევაში, 7 ნოემბრის შემდეგ 56 ათასლარიანი სამზარეულო ვერ უნდა ეყიდაო. შეიძლება, ეს უკვე ჭორაობას ჰგავს, მაგრამ აქ ფულზეა ლაპარაკი და არა სამზარეულოზეო.

იგივე წყაროს ცნობით, ეს ადამიანი შემჩნეულია პატიმრებთან საეჭვო ურთიერთობებში. დღეს ბევრი იხსენებს, როგორ დაიწყო მან ტირილი მაშინ, როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი მასშტაბური ამნისტია ცოტაოდენ გაჭიანურდა და ზოგიერთი პატიმარი შეწყალების სიიდან ამოაგდეს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სატირალი არაფერი იყო, უბრალოდ, კაკაბაძეს ფული ჰქონდა აღებული და კოვზი ნაცარში უვარდებოდაო.

"ალია" კომენტარისთვის ნანა კაკაბაძესაც დაუკავშირდა... მართალია, ის არ უარყოფს ბინების ჩამონათვალს, მართლაც მას ეკუთვნის, მაგრამ ამბობს, რომ ეს ქონება მემკვიდრეობით ერგო:

- მე პატიმრების ხარჯზე არაფერი არ დამიგროვებია, რამე დოკუმენტი დამიდონ.

- ნანა, კონკრეტულ ბინებზეა საუბარი...

- მე ჭავჭავაძეზე დავიბადე და გავიზარდე, ეს ჩემი სახლია. რა ვქნათ? თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩემი ქმრის სახლია, როცა გავეყარე, მემკვიდრეობით დარჩა ჩემს შვილს. თემქაზე არ ვიცი, ჩემი მული ხომ არ იშენებდა? აგლაძის ქუჩაზე ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის სახლია. ბათუმშიც მაქვს სახლი, გაუთხოვარი მული მყავდა და ჩემს შვილს უყიდა 1-ოთახიანი ბინა. მუხიანშიც მაქვს ბაბუაჩემის ნაკვეთი.

- შემდეგი...

- კაი, ახლა აღარ მინდა, გელა, დავიღალე, რაა, მომბეზრდა და მართლა ყველაფრის ხალისს ვკარგავ... ადამიანს ენთუზიაზმი რაღაცაზე ხომ გაქვს, არა? გაკარგვინებენ ყველაფერს! რა ხდება, ხომ შეიძლება, გამაგებინო? მე ქორწინების უფლება არ მქონდა?

- თქვენი შვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა?

- კონკურსი მოიგო და არ დააწყებინეს მუშაობა, "ნაციონალებმა" უთხრეს, დედაშენის პირადობის მოწმობა მოგვიტანეო.

- გიგა ბოკერია მფარველობდაო...

- ვაიმე, გელა, მართლა გადავირევი... მართლა აღარ მინდა ასეთ რაღაცებზე ლაპარაკი. მე მათხოვარი რომ არ ვარ და არც ერთ ხელისუფლებაზე დამოკიდებული რომ არ ვყოფილვარ, ამიტომ მიგორებენ ასეთ რაღაცებს.

- რა ხდება ციხეებში, კიდევ შიმშილობენ პატიმრები?

- ჩვენ ვცდილობთ, პატიმრებს შევაწყვეტინოთ შიმშილობა. მშობლებს 2 დეკემბერს უნდოდათ შიმშილობის დაწყება... აქ ხდება ასეთი რაღაცა: ჩვენ დავიწყებთ გარეთ, ოღონდაც იმათ იქ შეწყვიტონ. მე შევთავაზე, მოდით, მოლაპარაკება ვაწარმოოთ, ახლა ემოციური ფონია-მეთქი.

- მოლაპარაკება ვისთან უნდა აწარმოოთ?

- პატიმრებთან... ჩვენ ერთმანეთს უნდა ჩავენაცვლოთ და ასე მივაღწიოთ მიზანს, ანუ კომისიის შექმნას. ახლა სოზარსაც ველაპარაკე და ვფიქრობ, მოლაპარაკებას შევძლებთ. მოკლედ, ახლა ნერვები მაქვს მოშლილი... ეს ქონება მაქვს და რა ვქნა, გადავყარო? აი, ენთუზიაზმი დამეკარგა, ლაპარაკიც აღარ მინდა...

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია