აბორტებზე კონტროლი მკაცრდება!

აბორტებზე კონტროლი მკაცრდება!

ჯანდაცვის სამინისტრო აბორტის საწინააღმდეგო კამპანიას იწყებს. ამ მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. რა შემთხვევაში აიკრძალება აბორტის გაკეთება? რა ჩაიწერება მინისტრის ახალ ბრძანებაში, რომელიც ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტას გულისხმობს და როგორი იქნება რეგულაციები, რომელიც გამკაცრებული ფორმით უკვე გაზაფხულისთვის ამოქმედდება?

"ალიას" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარიამ ჯაში ესაუბრა:

- აბორტების პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერდა ჯერ კიდევ გაზაფხულზე. ეს უკავშირდებოდა მისი უწმინდესობის კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ეპისტოლეს. მაშინ არაერთგვაროვნად იყო ინტერპრეტირებული აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებული რჩევა. სწორედ ამ თემის შემდგომ რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრა მიეძღვნა აბორტის საკითხს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აბორტის ჩატარების რეგულაციებთან დაკავშირებით მუშაობს. სამუშაო ჯგუფში გაერთიანებული არიან მეან-გინეკოლოგები, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. ეს ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და არ შეესაბამება იმ თანამედროვე რეკომენდაციებს, რომელიც ჯანმრთლეობის საერთაშორისო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ჯანდაცვის მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ არის რეკომენდებული. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოხდება ბრძანების ახალი რედაქციის მომზადება, რათა დაკონკრეტდეს და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი სამედიცინო ჩვენებები. ამჟამად ვრცელია ის ჩამონათვალი, რის გამოც შეიძლება სამედიცინო ჩვენებების გამო მოხდეს აბორტის გაკეთება, ჩვენ ამ ჩვენებების რიცხვს მინიმუმამდე დავიყვანთ. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს თავად მონიტორინგის მექანიზმები, რომელიც აბორტის სამედიცინო დაწესებულების დონეზე ზედახედველობას განსაზღვრავს. რეკომენდაციებში, სულ მცირე, მოიაზრება, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან მოხდეს ყოველთვიურად ინფორმაციის გამოთხოვა ჩატარებული აბორტების რაოდენობასთან დაკავშირებით. უნდა გაძლიერდეს მექანიზმები უკვე გაწერილი კანონმდებლობის აღსრულებისთვის.

- ეს მექანიზმები შეამცირებს აბორტების რიცხვს?

- აბორტები უნდა ჩანაცვლდეს თანამედროვე კონტრაცეფციული მეთოდების უფრო მეტად გამოყენებით. ბოლო ათი წლის განმავლობაში აბორტის სიხშირე შემცირებულია და პარალელურად გაზრდილია თანამედროვე კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების) გამოყენება, თუმცა ესეც არასაკმარისია. ბოლო წელიწადში საქართველოში ჩატარდა 39 268 აბორტი. ეს არის ოფიციალური ციფრი, მაგრამ ეს სტატისტიკა ხშირად არ ასახავს რეალობას და აბორტების რიცხვი გაცილებით მაღალია.

- დღეს ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი აბორტის გაკეთება, მინისტრის ახალ ბრძანებაში იქნება მკაცრად განსაზღვრული ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზეზები და ვადები?

- არასამედიცინო გზით, რაც გულისხმობს 12 კვირის ზემოთ ფეხმძიმობის შეწყვეტას, რეგულაციები, რა თქმა უნდა, გამკაცრდება, ვინაიდან ეს დედის ჯანმრთლეობის კუთხით არის სარისკო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები. 12 კვირა ითვლება ბოლო ვადად ორსულობის შეწყვეტისა, ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია და ბევრ ქვეყანაში სწორედ ასე განისაზღვრება ფეხმძიმობის შეწყვეტის ვადები. რაც შეეხება სამედიცინო მიზეზებით ფეხმძიმობის შეწყვეტას, ეს შესაძლებელია 12-22 კვირამდე. ესეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეგულაციებით არის განსაზღვრული. ძალიან მკაცრად და მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ის სამედიცინო ჩვენებები, რომელიც შეიძლება მოიაზრებოდეს ორსულობის შეწყვეტის მიზეზად. გაუპატიურების შემთხვევაში დამდგარი ორსულობაც სამედიცინო ჩვენებად ითვლება.

- სამუშაო ჯგუფი როდის დაასრულებს ამ რეკომენდაციებზე მუშაობას?

- ჩვენ გაზაფხულისთვის გვექნება უკვე საბოლოო პაკეტი შემუშავებული. ამ დროისთვის იქნება ასევე რევიზირებული რეგულაციები.

- საკეისრო კვეთის რეგულაციებზე მსჯლეობისას, საბჭოს გადაწყვეტილებით, გინეკოლოგებსა და მეან-გინეკოლოგებს დაეკისრათ ვალდებულება, აუხსნან ფეხმძიმეს, რა რისკის შემცველია მისთვის არასაჭირო საკეისრო კვეთა. აბორტის შემთხვევაშიც ექნებათ ეს ვალდებულება?

- აუცილებლად. ერთ-ერთი რეკომენდაცია სამუშაო ჯგუფისა არის ის, რომ შემუშავდეს დედის ინფორმირებულობის თანხმობის ფორმა, რომელზეც დედა დაადასტურებს თანხმობას, რომ მას მიეცა შესაბამისი ინფორმაცია, შეაფასა რისკები, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტასთან და ამის შემდგომ ის იტოვებს უფლებას, ჩატარდეს აბორტი. ჯანდაცვის კანონში შესატან ცვლილებათა შორის მოაზრებულია, რომ, როდესაც დედა გადაწყვეტს, ხელოვნურად შეწყვიტოს მიმდინარე ორსულობა, მას სამდღიანი ვადა მიეცეს სამედიცინო პერსონალის მხრიდან, რომ კარგად გაიაზროს ეს გადაწყვეტილება და სწორედ ამის შედმგომ მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება.

დავით გაგუას კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით გაგუა "ალიასთან" საუბრისას ამბობს, რომ რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია, ვინაიდან საგანგაშოა ის სტატისტიკა, რომელიც საქართველოში ჩატარებული აბორტების რიცხვს ასახავს. პროფესორი იმ ცვლილებებსაც ასახელებს, რომელიც საჭიროა, კანონში შევიდეს.

- რეგულაციების აუცილებლობა არსებობს და ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ძალიან დიდი რიცხვია აბორტებისა. მხოლოდ 2012 წელს 40 ათასამდე აბორტის შემთხვევა იყო. ამიტომ ამ რიცხვის შემცირების კუთხით აუცილებელია, რომ რეგულაციები გამკაცრდეს. გარდა ამისა, ძალიან ხშირად არის აბორტის შემდგომი გართულებები, ზოგჯერ კი სიკვდილიანობითაც სრულდება. ამიტომ რეგულაციებში უნდა იყოს გაწერილი რა შემთხვევაში, რა ასაკში, ფეხმძიმობის რა პერიოდში უნდა მოხდეს აბორტის გაკეთება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა შემცირდეს იმ სამედიცინო დაწესებულებების რიცხვი, სადაც შესაძლებელი იქნება აბორტის გაკეთება?

- აუცილებლად უნდა შემცირდეს. დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ყველაფერი. გარდა ამისა, ვიდრე აბორტი გაკეთდება, ექიმმა პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან უნდა ისაუბროს საფრთხეებზე, რაც ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს. აუცილებლად უნდა დარეგულირდეს ის, რომ მხოლოდ დედამ და ექიმმა არ გადაწყვიტონ აბორტის გაკეთება. ხშირად არიან მარტოხელა დედები, რომლებიც დამოუკიდებლად წყვეტენ ამ საკითხს. ამ შემთხვევაში მარტოხელა დედამ ოჯახის წევრები უნდა ჩააყენოს საქმის კურსში. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ქალის ეს გადაწყვეტილება მეუღლესთან იყოს შეთანხმებული. ძალიან ხშირად გამხდარა ამ ფაქტის დამალვა ოჯახში უთანხმოების მიზეზი. ასევე, ბავშვის სქესის გამო არ უნდა იყოს აბორტი გაკეთებული. უნდა იყოს კომისიის სახით ექიმთა ჯგუფი, რომელსაც მთავარი ექიმი ან მისი მოადგილე უხელმძღვანელებს და თითოეული ჩასატარებელი აბორტის შემთხვევაში იმსჯელებენ, გაითვალისწინებენ რისკებს, დაიყვანენ ამ რისკებს მინიმუმამდე და ჩაატარებენ ყველა იმ პროცედურას, რაც აუცილებელია. აუცილებელია, ასევე, გაწერილი იყოს ასაკი ქალებისა, რომელთაც აქვთ უფლება, გაიკეთონ აბორტი. კანონის მიხედვით, 15 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ, რომ აბორტი გაიკეთონ. მიმდინარე წელს უკვე 19 შემთხვევა იყო, როდესაც სწორედ 15 წლამდე მოზარდმა შეწყვიტა ხელოვნური გზით ორსულობა. ყველა დეტალი გასაწერია. სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს ამაზე და გვეცოდინება ის ცვლილებები, რაც კანონში შევა.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია