უამინდობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, გუშინდელი დღიდან ამ დრომდე, "112"-ში 36 464 ზარი დაფიქსირდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს "112"-ის დეპარტამენტიდან აცნობეს, სულ შეიქმნა 6106 საქმე და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით დაუყოვნებლივ გაიგზავნა შესაბამისი ეკიპაჟები,დარჩენილი ზარების ნაწილი კი საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა.
როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტი შეუფერხებლად ღებულობდა ზარებს, რათა მყისიერი რეაგირება მოეხდინა ყველა იმ ინციდენტზე, რომელიც საქართველოში ამინდის გაუარესებამ გამოიწვია.
ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 429, ხოლო თბილისის მასშტაბით 190 შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, აჭარაში - 37, გურიაში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 9, იმერეთში - 264, რაჭა-ლეჩხუმში -5, შიდა ქართლში - 39. სამცხე-ჯავახეთში - 32, მცხეთა- მთიანეთში - 11, ქვემო ქართლში - 9, ხოლო კახეთში - 16.
უამინდობის შედეგად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი და გარკვეული სახის მატერიალური ზარალი მიადგა მოსახლეობას.
"112" ოპერატიულად მიიღებს და განახორციელებს ზარების დისპეტჩერიზაციას შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით.