თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის კონტრაქტორს ხელშეკრულება გაუგრძელდება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო.
მიღწეულია მოლაპარაკება მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელების შემდგომ პირობებსა და ვადებზე.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის განხორციელება დაიწყო სპონტანურად, ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების გარეშე.
ს/ს საქართველოს რკინიგზამ საკონსულტაციო კომპანიის MC Mobility მეშვეობით შეისწავლა პროექტის ამ ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები.
დადგინდა, რომ უარესდება როგორც საოპერაციო, ასევე მონაკვეთის მოვლა-შენახვის მაჩვენებლები, მცირდება გამტარუნარიანობა (სატრანზიტო სიმძლავრე). ამასთან, პროექტის ასეთი ფორმით განხორციელება იწვევს მაღალ ბიუჯეტიანი თანმდევი პროექტების განხორციელების აუცილებლობას, რაც გათვალისწინებული არ არის არსებული პროექტის ბიუჯეტში.
კონტრაქტორის (ჩინეთის რკინიგზის 23 ე ბიურო) მიერ ვერ იქნა დაცული მშენებლობის შესრულების ვადები, შედეგად სამუშაოების დამთავრების თარიღისთვის (2013 წლის 8 ივნისი) კონტრაქტორს ჰქონდა 18-თვიანი ჩამორჩენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკურმა საბჭომ მიიჩნია, რომ აუცილებლობას წარმოადგენს შემოვლითი რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების მინიმალიზაცია, რისთვისაც უნდა ჩატარდეს დამატებითი საპროექტო საინჟინრო კვლევები.
უახლოესი მთავრობის სხდომა იმსჯელებს ხელშეკრულების ვადის 3 წლით გაგრძელების შესახებ.