ადამიანი, რომელიც ხელ-ფეხს საკუთარი სიამოვნებისთვის იმტვრევს

ადამიანი, რომელიც ხელ-ფეხს საკუთარი სიამოვნებისთვის იმტვრევს

ვისზეც ახლა მინდა გიამბოთ, 17 წლის ირაკლი თოდუაა. წლების წინ მისი მშობლები საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდნენ, ამიტომ კიევში დაიბადა და შესაბამისად, განათლებაც იქ მიიღო, თუმცა სულით და გულით ქართველია და ძალიან უყვარს საკუთარი ქვეყანა, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავრი. საქმე ის არის, რომ ირაკლი საკუთარი სხეულით ისეთ საოცარ მოძრაობებს აკეთებს, რომელსაც ადამიანი მშვიდად ვერ შეხედავს.

მიმდინარეობას, რომელსაც ირაკლი მისდევს, ფლექსინგი ჰქვია, ანუ ქუჩის ცეკვა, რაც კიდურებისა და სხეულის სხვა ნაწილების ისეთ გადაგრეხა-ამოტრიალებას გულისხმობს, რომ მისი ყურებისას შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ადამიანი პლასტელინისაა.

ჰოდა, ეს "პლატელინის კაცი", ერთი კვირის წინ თბილისშიც იყო და "ცეკვავენ ვარსკვლავების" წინა ტურში სცენაზეც გამოვიდა, რადგანაც ერთ-ერთი მოცეკვავის, გაგა თოდუას ძმაა, ძმას თანამედროვე ცეკვის ტურში დაეხმარა და გოჩა ჩერტკოევის შექებაც დაიმსახურა.

- მოგვიყევი, რას წარმოადგენს ფლექსინგი?

- ეს არის ცეკვის ნაირსახეობა. ის არც ტანვარჯიშია, არც სპორტის რომელიმე სახეობა. ფლექსინგი, როგორც ცეკვა, საკმაოდ ადრე გაჩნდა და განსაკუთრებული წარმატებით ბრუკლინში განვითარდა. ამ ცეკვით ხდება ადამიანის ზებუნებრივი გარდასახვა, არაადამიანური ილეთები ახასიათებს. მიმაჩნია, რომ ფლექსინგი ცეკვაზე მეტია.

- ჰოდა, ამ ცეკვაზე "მეტი რამით" რისი თქმა გინდა?

- ვამბობ იმას, რომ ადამიანის სხეულს არ აქვს საზღვარი და არ აქვს სრულყოფილება...

- როდის დაინტერესდი ამ საქმიანობით? საინტერესოა ასევე, სახიფათო ხომ არ არის ფლექსინგი ჯანმრთელობისთვის? სახსრებს ხომ არ აზიანებს?

- დაბადებიდან ასეთი ვარ: მიყვარს ადამიანების გაოცება... შემიძლია სახსრიდან თეძოსა და მუხლების ამოგდება, ენის საყლაპავში დამალვა, ქვედა წამწამების გაქრობა, ვიმტვრევ ხელებს, ბუდიდან ვიღებ იდაყვს და კიდევ ბევრ რამეს ვაკეთებ... ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტის საშუალებით, ამ მიმართულებაში ცნობილი მოცეკვავის მიერ ჩატარებული სულ რაღაც 4 გაკვეთილი ვნახე. ყველაფერი მაშინვე გავიმეორე, რადგანაც საოცრად რბილი სხეული მაქვს. თან, შეუძლებელიც იყო, არ გამემეორებინა, რადგანაც როგორც გითხარით, მსიამოვნებს და მიყვარს, როდესაც ადამაინებს ვაოცებ.

მოკლედ, ამ სტილს უკვე 2 წელია, მივდევ. საერთოდ, ცეკვა ისეთი საქმიანობაა, რომ ტრავმებთან არის დაკავშირებული, მაგრამ იმისთვის, რომ სიბერეში თავისუფლად და ნორმალურად ვიმოძრაო, ისევე, როგორც ახლა, აუცილებელია, მთელი ცხოვრება ვიცეკვო. ამიტომ ვალდებული ვარ, მთელი ცხოვრება სახსრები და ხელები ვიმტვრიო (სიცილით ამბობს), რომ სიბერეში როგორც საჭიროა, ისე ვიგრძნო თავი. ამიტომ, დღითიდღე ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი და მეტი საინტერესო მოძრაობა გამოვიგონო ისე, რომ არ დავინანო საკუთარი სხეული. ადამიანი მუდმივ მოძრაობაში უნდა იყოს, რადგანაც დასვენება იმქვეყნადაც ეყოფა...

- ცოტა ხნის წინ თბილისში იყავი ჩამოსული და პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მიიღე მონაწილოება. შენს ძმას, გაგას და თაკო ჩორგოლაშვილს გვერდით დაუდექი და ერთ-ერთი ცეკვის წარდგენისას დაეხმარე...

- ჩამოვედი იმიტომ, რომ გაგა მომენატრა და ძმის გარეშე მოვიწყინე. მასზე ახლობელი არავინ მყავს და იმისთვის, რომ მენახა, თბილისში ჩამოსვლა კიდევ ერთი საუკეთესო საშუალება იყო. თან, შანსი მომეცა, რომ მას დავხმარებოდი. ასე რომ, უბრალოდ ვალდებული ვიყავი, ჩამოვსულიყავი...

- როგორც გავიგე, უკრაინაში "ტალანტ შოუში" მონაწილეობდი. ეს ისეთივე შოუა, როგორ ჩვენთან "ნიჭიერია". იქ შენი ნომრები წარმოადგინე, მაგრამ არ გაგიმართლა...

- შოუში სახელწოდებით - "უკრაინას ჰყავს ტალანტი" მე და ჩემი გუნდი ვმონაწილეობდით, მაგრამ ტელეკომპანიის პოლიტიკის გამო ვერ შევძელით გაგვემარჯვა. ამ გადაცემის გარდა, მათ აქვთ კიდევ შოუები - "ცეკვავს ყველა" და "იქს-ფაქტორი". ამიტომ, "უკრაინას ჰყავს ტალანტი" ამ პროექტში მოცეკვავე და მომღერალი არ იმარჯვებს... უნდა ვთქვა, რომ იქ გამოგვიყენეს, ჩვენით ფული იშოვეს და ნახევარფინალიდან გამოგვყარეს... რას ვიზამთ, ასეთებიც ხდება.

- რა ჰქვია თქვენს ჯგუფს?

- ჯგუფს ჰქვია "EAT ME CREW". სულ შვიდნი ვართ. თითოეული თავის სტილს ცეკვავს, მაგრამ სწორად გაერთიანებაც შეგვიძლია, ანუ სტილების ისე შერწყმა, რომ ერთი მაგარი ცეკვა გამოვიდეს.

- ფლექსის სულ რამდენი სტილი არსებობს?

- სულ 7 სტილი არსებობს. თითოეულმა ჩვენგანმა დამატებით კიდევ იცის ერთი რაღაც სტილი. საერთოდ, ყველანი თვითნასწავლი ქუჩის მოცეკვავეები ვართ...

- სად მუშაობთ?

- თითოეული სხვადასხვა ასაკის არის და სხვადასხვა ადგილას მუშაობს. პირადად მე სვეტლანა ლობოდასთან, უკრაინელ ვარსკვლავთან ვარ, მის მუსიკალურ ნომრებს ცეკვით ვაფორმებ. რემელიღაც ჩვენგანი ცეკვას სწავლობს, ერთ-ერთი ანი ლორაკთან ცეკვავს. დანარჩენებს მუდმივი სამსახური არ აქვთ...

- როგორც ვიცი, ხანდახან "კრესჩატიკზეც" - კიევის მთავრ გამზირზე გამოდიხართ და იქ პურის ფულსაც შოულობთ...

- იქ უფრო გასართობად გავდივართ, რადგანაც ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე მაგარი ჰობი. ვცეკვავთ იმპროვიზაციას და არავისზე არ ვართ დამოკიდებულები, თვითონ ვერთობით.

გამვლელებს პოზიტიურ განწყობილებას ვჩუქნით. ხალხი მხარს გვიჭერს, ტაშსაც გვიკრავს, ვიღაც ფულსაც გვიყრის, ამ ყველაფრით კმაყოფილები ვართ, რადგანაც ხალხს ჩვენს დადებითი ენერგიასა და ემოციას გადავცემთ. თუმცა ახლა "კრეშჩატიკზე" სამწუხაროდ, ქაოსი და ნეგატივი სუფევს...

- ჰო, ხალხი მთავრობის პოლიტიკას უპირისპირდება და პროტესტს გამოთქვამს...

- და იქ მხიარულებისთვის არავის სცალია...

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს? რადგან ჯერ ძალიან ახლაგაზრდა ხარ, 17 წლის...

- ისე, 17 წლის დღეს (ჩაწერილია 4 დეკემბერს. - ავტ.) გავხდი...

- გილოცავ...

- აკადემიაში ქორეოგრაფიული განხრით ვსწავლობ... დიპლომს რომ ავიღებ, ცეკვების შესასწავლ სკოლას გავხსნი, სადაც პედაგოგები, მე და ჩემი ჯგუფის წევრები ვიქნებით და რა თქმა უნდა, ჩემი ძმა - გაგაც.

- ძმა ახსენე და აქვე გკითხავ, როგორ ფიქრობ, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ფინალში თუ გავა?

- ჩემი ძმა მოხვდება ფინალში, მაგრამ არ ვიცი, როგორ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თაკოსთან ერთად, ისინი ფინალამდე მიაღწევენ. მათ საოცრად ვგულშემატკივრობ. თუ გაგა ფინალში გავიდა, მაშინ ის ცეკვის სკოლა, რომელზეც ვოცნებობ, საქართველოში გაიხსნება, რათა ჩემი ქვეყანა ამ მიმართულებით ისე განვითარდეს, როგორც საჭიროა.

ლალი ფაცია

სპეცილაურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია