როგორ ატყუებენ სუპერმარკეტები მომხმარებელს

როგორ ატყუებენ სუპერმარკეტები მომხმარებელს

სუპერმარკეტებში მომხმარებელს ატყუებენ. პრობლემა ხან ფასებს უკავშირდება, ხან სასწორის უზუსტობას, ხოლო ეტიკეტებთან დაკავშირებით მუდმივად არის ხარვეზი.

მომხმარებლების მხრიდან საკუთარი უფლებების არცოდნა სავაჭრო ქსელების მფლობელებს მათ მოტყუებას კიდევ უფრო უადვილებს, რის გამოც მოქალაქეები ადვილად შედიან შეცდომაში. ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეიძლება დაზარალებულებმა მიმართონ, შემოსავლების სამსახურია. თუმცა, ამის შესახებ მათ არ იციან და საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ.

სუპერმარკეტი, რომელიც გლდანის ტერიტორიაზე ახლახან გამოჩნდა და "დაბალი ფასებით" იზიდავს მომხმარებელს, სინამდვილეში მყიდველი შეცდომაში შეჰყავს. ზოგიერთი ამას მხოლოდ სალაროსთან ხვდება, როდესაც საყიდლად შერჩეულ ნივთში თანხის გადახდა უწევს. უმეტესობა ვერც ამჩნევს სხვაობას და "იაფ პროდუქტს" სინამდვილეში ძვირად ყიდულობს.

"რეზონანსის" ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ტყუილში გამოჭერილმა გამყიდველმა თავი იმით გაიმართლა, რომ კომპიუტერში შეტანილი მონაცემებით ჰყიდის პროდუქტს და დახლებთან მითითებულ ციფრებთან არაფერი აქვს საერთო.

"სუპერმარკეტში დაახლოებით 11 ლარამდე ღირებულების პროდუქტი ვიყიდე. თუმცა, სალაროსთან მისულს 12,50 ლარის გადახდა დამჭირდა, სიგარეტიც კი, რომელიც მოლარის ცხვირწინ იყიდებოდა და 1,65 ლარი ედო, სინამდვილეში 1,70 ლარი ღირდა. როდესაც რამდენიმე დასახელების პროდუქტს ვყიდულობ, ამ სხვაობას ვერც ვამჩნევ, შეიძლება, უსირცხვილოდ მომატყუონ. თითო-ოროლა ნივთის შეძენისას ტყუილი აშკარავდება, მაგრამ გამყიდველები აქეთ გადმოდიან თავდასხმაზე და ცდილობენ, მაღალი ფასი გაამართლონ. ჩემს შემთხვევაში, მაღაზიის კოლექტივმა ისიც კი მითხრა, მითითებულ ფასად დისტრიბუტორებს აქვთ შემოტანილიო, რამაც კიდევ უფრო აღმაშფოთა. გამოდის, რომ აღნიშნული სუპერმარკეტი დღეში ასობით მომხმარებელს ატყუებს. სამწუხაროდ, ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა, მსგავს ხერხებს მაღაზიები ხშირად მიმართავენ და ყოველ ნაბიჯზე ცდილობენ ადამიანების მოტყუებას. საკუთარ თავს თუ არ დავიცავთ, პრობლემას ვერაფრით მოვაგვარებთ და მუდმივად შეეცდებიან ჩვენს მოტყუებას", - ამბობს სუპერმარკეტის დაზარალებული მომხმარებელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით "რეზონანსი" მომხმარებელთა უფლებების დამცავ ასოციაცია "ეტიკს" დაუკავშირდა. კომპანიის ხელმძღვანელის, ამირან შენგელიას თქმით, თბილისში მომხმარებლების მოტყუების ფაქტები ბოლო დროს გახშირდა, რისი მიზეზიც სავაჭრო ქსელების კონტროლის შესუსტებაა.

"ბევრი ადამიანი წინასწარ ვერ ანგარიშობს, რა ღირებულების პროდუქტი აქვს შერჩეული. ფასს სალაროსთან იგებს და მოლარის მიერ დაანგარიშებულ თანხას უსიტყვოდ იხდის. ეს პროცესი როგორმე უნდა გააკონტროლოს შემოსავლების სამსახურმა. ეს ერთადერთი ორგანოა, რომელსაც დაზარალებულებმა უნდა მიმართონ და მოითხოვონ დანაკარგის ანაზღაურება. ყველა ტყუის, მაღაზიის მფლობელიც და გამყიდველიც, თუმცა, ბოლოს ამ უკანასკნელს აწმენდენ ხელს. უხეშად რომ ვთქვათ, ყველა ასეთი დანაშაული სავაჭრო ქსელების მფლობელების ნამაიმუნარია და ამის გამო მათ პასუხი უნდა აგონ", - აცხადებს ამირან შენგელია.

გარდა იმისა, რომ მომხმარებლებს ფასსა და პროდუქტის ხარისხში ატყუებენ, წონაშიც იტყუებიან. ელექტროსასწორი, რომლის სიზუსტეშიც რატომღაც ეჭვი აქამდე არ შეგვპარვია, ხშირად ზუსტი არ არის. ეს კიდევ ერთი გამონაკლისი შემთხვევაა, როცა კონტროლი არ არსებობს და დაზარალებულს თავისი უფლებების დაცვა არ შეუძლია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონმდებლობა ასეთ "მცირე დარღვევებზე" არ ვრცელდება და მხოლოდ "დიდი დანაკარგის" ფაქტებზე რეაგირებს.

როგორც აღმოჩნდა, კანონმდებლობის ამ ხარვეზს აქტიურად იყენებენ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და ელექტრო-სასწორების დაკალიბრება თვითნებურად, მათივე სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მით უმეტეს, რომ წონის კონტროლი არ ხორციელდება და გამყიდველს მყიდველის მოტყუების მეტი შესაძლებლობები ექმნება.

"წონაში მოტყუების ფაქტი განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც ელექტროსასწორის დაკალიბრების მოთხოვნა არასავალდებულო გახდა. მყიდველი მაღაზიის მეპატრონის სინდისზეა მინდობილი, რითაც ბევრი სარგებლობს და მომხმარებელს ატყუებს. სავარაუდოდ, უარესი სიტუაციაა ბაზრებში. უნდა ველოდოთ, რომ ყველგან შეიძლება მოგვატყუონ. ცალკე პრობლემაა, რომ ვერავის მივმართავთ საჩივრით, მნიშვნელოვან ზარალი თუ არ მიადგა, მცირე დანაკარგზე კანონმდებლობა არ რეაგირებს. ფაქტობრივად, კონტროლის მექანიზმი არ არსებობს", - ამბობს ლია თოდუა, სურსათის სფეროს სპეციალისტი.

მომხმარებელთა უფლებების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია აგრარულ ბაზრებში. კომპანიის ხელმძღვანელის, მადონა კოიძის თქმით, იტყუებიან ქართული საწარმოების წარმომადგენლებიც და მომხმარებელს საკმაოდ ხშირად ეტიკეტის შეუსაბამო ხარისხისა და მოცულობის ნაწარმს სთავაზობენ.

"აგრარულ ბაზრებში, ძირითადად, ხელის სასწორს იყენებენ, სადაც ცდომილება დიდია და გადახდილი თანხა შეძენილი საქონლის წონას არ შეესაბამება. სამწუხაროდ, მომხმარებელს ატყუებენ კომპანიებიც. გვაქვს უამრავი ფაქტი, როცა დაფასოებული პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული წონა შიგთავსის მოცულობას არ შეესაბამება. განსაკუთრებით ეს ხდება ფქვილის და ბურღულეულის შემთხვევაში. წონის პრობლემა არსებობს და ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, კომპანიებიც დაგვისახელებია, მაგრამ პრობლემა არ ამოწურულა. ცხადია, მომხმარებლის უფლებები უხეშადაა დარღვეული. მას აქვს ზარალის ანაზღაურების უფლება და შეუძლია, გამყიდველს დანაკლისი და პროდუქციის შევსება მოსთხოვოს. ეს უკანასკნელი ვალდებულია, ცდომილება თავად გამოასწოროს ან გადახდილი თანხა დააბრუნოს", - აცხადებს მადონა კოიძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია