საბავშვო ბაღებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება იგეგმება

საბავშვო ბაღებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება იგეგმება

თბილისის საბავშვო ბაღებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება იგეგმება. საკითხთან დაკავშირებით თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა, უწყების ხელმძღვანელი რამაზ სულამანიძე "ამბები.გე"-სთან საუბარში ადასტურებს, რომ სააგენტო უსაფრთხოების მიზნით, ბაღებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას აპირებს.

წინასწარი ინფორმაციით, კამერები აღსაზრდელთა ჯგუფებში არ განთავსდება. სათვალთვალო მოწყობილობა, ძირითადად, ბაღის შესასვლელში, ჰოლში, ასევე სამზარეულოში დამონტაჟდება, რათა ჰიგიენა დაცული იყოს.

მშობლების სურვილია, რომ კამერები ჯგუფებშიც დამონტაჟდეს, რათა პატარებისადმი აღმზრდელების დამოკიდებულება, კვება და სხვა ფაქტორები ეფექტურად გააკონტროლონ. რამაზ სულამანიძეც მიიჩნევს, რომ კამერების ჯგუფებში დამონტაჟება ცუდი არ იქნებოდა, თუმცა ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. როგორც სააგენტოში ფიქრობენ, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ბავშვთა უფლებები დაირღვეს, მეორე საკითხი კი ფინანსური ფაქტორია, რაც კამერების რაოდენობიდან გამომდინარე პროექტს აძვირებს.

სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე წელია, რაც თბილისში, ზოგიერთი სახელმწიფო ბაღის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მშობლების მოთხოვნით, რამდენიმე ბაღში კამერები დამონტაჟდა, რასაც სხვა ბაღებიც ითხოვენ.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში თბილისის 158 ბაღია. საკითხის განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სათვალთვალო კამერები ყველა მათგანში, სავარაუდოდ, მომავალ წელს დამონტაჟდება.

ამ ეტაპზე პროექტის სავარაუდო ღირებულება უცნობია.

ანა მარშანია, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია