პატრიარქის განცხადების შემდეგ მმართველი გუნდი მზადაა, თვითმმართველობის კანონპროექტში ცვლილებები შეიტანოს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, მთავრობა პარლამენტს ბევრად დახვეწილ და მოდიფიცირებულ ვარიანტს შესთავაზებს. რატომ მიიჩნევს აღნიშნულ კანონპროექტს რუსული გეგმის ნაწილად და როგორ აფასებს ბოლო დროს სასულიერო პირების გააქტიურებას? - "ვერსია" ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს თამარ ჩხეიძეს ესაუბრა.
- ზოგადად, თვითმმართველობის პრინციპის წინააღმდეგი არ ვარ – ხალხს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, პრობლემები თავად გადაწყვიტოს და რაიონის მართვის საკითხებიც აკონტროლოს, მაგრამ მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს თვითმმართველობასთან კავშირი აბსოლუტურად არ აქვს. თვითმმართველობის კოდექსში მითითებულია, რომ ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხეების პოლიტიკურად დაყოფა უნდა განხორციელდეს, რაც ქვეყნისთვის დამანგრეველია. ისტორიული კუთხეებისთვის ავტონომიური ფუნქციების მინიჭება საქართველოს დასაშლელად ჩადებული ნაღმია, რაც შემთხვევითი პროცესი სულაც არაა - წლების განმავლობაში, რესპუბლიკური პარტია სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს, მისი მიზანი კი საქართველოს ფედერალიზაცია და რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან იურიდიულად ჩამოშორებაა.
- ანუ ფიქრობთ, რომ რესპუბლიკური პარტია, რომელიც დეკლარირებულად დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალაა, რეალურად, რუსულ გეგმას ახორციელებს?
- დიახ, რესპუბლიკელები ვითომ დასავლური ორიენტაციის პარტიად მიიჩნევა, თუმცა თუ ბოლო წლების განმავლობაში, მათ საქმეებს, თუნდაც აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით გადავხედავთ, ნათელი გახდება, რომ ისინი რუსულ დაკვეთას ასრულებენ. გაიხსენეთ რეგიონული ენების შესახებ კანონპროექტის მომზადებაც... მათ წლებია საქართველოს ფედერალიზაციის შესახებ აკვიატებული იდეა აწუხებთ, ცნობილია მათი განცხადებები კანონში სიტყვა "ოკუპაციის" მითითებაზეც.
- მას შემდეგ, რაც პატრიარქმა განაცხადა, რომ თვითმმართველობის კოდექსის დამტკიცება საქართველოს დაშლას გამოიწვევს, დავით ნარმანიამ პირობა დადო, რომ კანონპროექტი დაიხვეწება...
- თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი ინფორმაციით, რესპუბლიკელები რეგიონულ ავტონომიებთან დაკავშირებით რეფორმის შეცვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, დანარჩენი პუნქტების შეცვლაზე კი თანახმა არიან. იმედი მაქვს, პატრიარქის განცხადებისა და საზოგადოებრივი მობილიზების ფონზე, ხელისუფლება იძულებული გახდება, თვითმმართველობის კოდექსის დამტკიცების საკითხი დროებით მაინც გადადოს.
- პატრიარქის განცხადებას თამარ კორძაია გამოეხმაურა – ხომ არ სჯობდა, პატრიარქისთვის ერთი საპარლამენტო მანდატი გადაგვეცაო. ქალბატონო თამარ, პოლიტიკურ პროცესებში ეკლესიის ჩართვას გამართლებულად მიიჩნევთ?
- მსგავსი განცხადებები, უბარლოდ, აღმაშფოთებელია. რატომღაც ზოგი ფიქრობს, რომ პატრიარქის სიტყვის თქმის უფლება არ აქვს, თუმცა ჩემი აზრით, იგი ვალდებულია, ქვეყანაში მიმდინარე განსაკუთრებულ მოვლენებს, მათ შორის თვითმმართველობის კოდექსს, რომელსაც საქართველო დაშლისკენ მიყავს, გამოეხმაუროს. უშუალოდ სახელმწიფო საქმიანობასა და პოლიტიკურ პროცესებში, შესაძლოა, ეკლესია არ ჩაერიოს, მაგრამ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს და გამონაკლისი არც პატრიარქია, მით უმეტეს, იგი ერის სულიერი მამაა.
- ირაკლი მელაშვილი დარწმუნებულია, რომ 120-გვერდიანი კანონპროექტი პატრიარქს წაკითხული არ აქვს...
- დაინტერესების შემთხვევაში, პატრიარქს ექნებოდა შესაძლებლობა, აღნიშნული პროექტი მოეთხოვა, თუმცა კოდექსი წაკითხული რომც არ ჰქონდეს, ცვლილებების მთავარი აზრი კუთხეების პოლიტიკური დაყოფაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთი, ჰერეთი, ქვემო ქართლი და ა.შ. ავტონომიურ თვისებებს შეიძენს და პოლიტიკური დატვირთვა ექნებათ! ფედერალიზაციის იდეა საქართველოში არ დაბადებულა. მის განხორციელებას თავის დროზე გრაჩოვი და რუსეთი მოითხოვდნენ. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, გეოპოლიტიკურ მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი რეფორმის განხორციელების აუცილებლობა ნამდვილად არ დგას. კახელისგან, იმერლისგან ან მეგრელისგან არასოდეს მსმენია, რომ საკუთარ ქალაქში პარლამენტის ჩამოყალიბება უნდა. ვიმეორებ, ეს საქართველოს ფარგლებსგარედან შემოსული შეკვეთაა. ფსევდოლიბერალები პატრიარქს რატომღაც პრორუსულობას აბრალებენ, არადა კრიზისულ ვითარებაში, ყოველთვის სახელმწიფო ინტერესებს იცავს.
- ბოლო დროს, სასულიერო პირების გააქტიურება სხვა მიმართულებითაც შეინიშნება. მაგალითად, ხანუქის დღესასწაულზე პლაკატები ჩამოხიეს და ტრიბუნა დააზიანეს...
- როგორც ფსევდოლიბერალების მიერ წარმოებული ანტიეკლესიური ისტერიაა მიუღებელი, ასევე სხვა აღმსარებლობის მიმართ სამღვდელოების ბნელი ნაწილის მოქმედებები დაუშვებელია. მსგავსი მამაოები ეკლესიის სულისკვეთებასა და ქრისტიანობის არსს ეწინააღმდეგებიან. სხვათა შორის, ორივე ნაწილი - ფსევდოლიბერალები და ბნელი ფუნდამენტალისტები – ქართული ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული; მეტიც - ორივე ძალა რუსეთიდან იმართება.
- თუკი ასეა, საპატრიარქო ბნელ ნაწილს რატომ არ ემიჯნება?
- საპატრიარქოში ყველაზე ნათელი წერტილი პატრიარქია, რომლის გარემოცვაშიც კაგებეს მიერ შეგზავნილი ადამიანები არიან და ამ მხრივ, ილია მეორე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია – მის გვერდით მდგომი პირები, მართლმადიდებლობის სახელით, სწორედ ეკლესიას ებრძვიან. სასწაულია, რომ ამ პირობებში პატრიარქი, რომელსაც ჯანმრთელობის მხრივაც პრობლემები აქვს, საღ აზრს ინარჩუნებს და საქართველოს ინტერესების დაცვაც შეუძლია. ეს მართლაც, სასწაულია.
რუსუდან შელია