პოლიტიკური ცხოვრება ავტორიტეტული და ქარიზმატული ლიდერების გარეშე

პოლიტიკური ცხოვრება ავტორიტეტული და ქარიზმატული ლიდერების გარეშე

ბოლო არჩევნების მიხედვით, ყველაზე მაღალი შედეგების მქონე პარტიების, "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავტორიტეტული ლიდერების წასვლის მიუხედავად, რეიტინგის შენარჩუნება არ გაუჭირდებათ. პოლიტოლოგებს კი მიაჩნიათ, რომ ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პარტიები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან.

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას დიდი ხანია აკეთებდა. მიხეილ სააკაშვილი კი აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იყო, აქტიურ პოლიტიკაში დარჩენილიყო. თუმცა, მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებებში აღარ ერევა.

გასულ კვირას ორივე პარტიამ შეკრება მოაწყო და პარტიული თანამდებობები გადაინაწილა. "ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი გია ვოლსკი გახდა.

ასევე გადაწყდა, რომ იურიდიული საკითხების მდივანი ირინა იმერლიშვილი, საერთაშორისო საკითხების მდივანი კი არმაზ ახვლედიანი იქნება, ხოლო ახალგაზრდულ ფრთას ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს.

ივანიშვილის წასვლის და მმართველი კოალიციიდან რამდენიმე წევრის გასვლის მიუხედავად, არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მტკიცედ მივა და ერთიანობას მომავალშიც შეინარჩუნებს.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიის პოლიტსაბჭომ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე მიხეილ მაჭავარიანი აირჩია; რეგიონული მდივნის თანამდებობაზე - ნუგზარ წიკლაური; ადმინისტრაციული მდივნის თანამდებობაზე - ხათუნა გოგორიშვილი; მედია მდივნის თანამდებობაზე - ირმა ნადირაშვილი; პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე - ზურაბ ჯაფარიძე; საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობაზე - გიგა ბოკერია; სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების მდივნის თანამდებობაზე - გიორგი ვაშაძე; სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობაზე - ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სტრატეგიული განვითარების მდივანი და თბილისის მერობის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ძველი შეცდომების გათვალისწინებით, სრულიად ახალი მენეჯმენტის პარტიის ჩამოყალიბება იგეგმება.

"სააკაშვილი არაფერში არ ერევა და სრულ დამოუკიდებლობას აძლევს "ნაციონალური მოძრაობის" თითოეულ წევრს. წესდება, რომელიც ჩვენ ბოლო სხდომაზე მივიღეთ, განსაზღვრავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ძირითადი მართვის ორგანო არის პოლიტიკური საბჭო.

"ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, პოლიტიკაში ტაიმაუტის აღების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს სიტყვა არ დაუტოვებია, თუ ვინ სად უნდა იყოს და რას უნდა აკეთებდეს პოლიტიკურ მოძრაობაში. ჩვენ გვაქვს სრული თავისუფლება. "ქართულ ოცნებას" თავისუფლება არ აქვს, იქ თავს ახვევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს", - უთხრა ვაშაძემ "მთელ კვირას".

"მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების არჩევითობა. იქნება პრაიმერები ყველა რაიონში და პარტიის შიდა სამენეჯმენტო სისტემა გახდება უფრო გამართული. ჩვენ ვმუშაობთ, როგორ მოვხსნათ ბარიერი და როგორ გავხსნათ კარები თითოეული თქვენგანისთვის. "ნაციონალური მოძრაობა" ნელ-ნელა გახდება პლატფორმა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ვფიქრობ, რომ ეს არის ძირითადი მექანიზმი რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" გააკონტროლებს და მთავრობაში თვითნებობის უფლებას არავის არ მისცემს.

"დღევანდელი "ქართული ოცნების" პრობლემა არის ის, რომ არცერთ შეცდომას არ ითვალისწინებს, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუშვა. გაცილებით უფრო ცენტრალიზებულია, ვიდრე "ნაცმოძრაობა" იყო. ჩვენ შეცდომებზე ვისწავლეთ. ზედმეტი ცენტრალიზება, ნაკლები გახსნილობა, ნაკლები დემოკრატია - ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა. დღეს ორჯერ უარესი სიტუაციაა "ქართულ ოცნებაში", - დასძენს ვაშაძე.

თსუ-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ავტორიტეტული ლიდერების წასვლის შემდეგ ორივე პოლიტიკური ძალა გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას.

"ორივე პარტია გამოკვეთილი ქარიზმატული ლიდერის არარსებობას განიცდის, რაც მათ უქმნის ახალ რეალობას, განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ხელისუფლებაში აღარ არის. "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, თუმცა, სტრუქტურულად ჯერჯერობით სუსტი პარტიაა და ახლა ფორმირდება. ამიტომ ეს სიტუაცია გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს ორივე ძალას.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არიან ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსები, თუმცა მათთან საკითხი დგას რებრენდიგთან და ახალ სახეებთან დაკავშირებით. ამ პარტიისათვის ამ ეტაპზე წამგებიანია სააკაშვილთან ასოციაცია, გარკვეულ ეტაპზე მისგან დისტანცირებაა საჭირო. რამდენად მოახერხებს ამას "ნაციონალური მოძრაობა", დრო გვიჩვენებს.

"საჭიროა ახალი იდეები და ახალი ლიდერები. ძველმა ლიდერებმა ცოტა უნდა "ჩაიჩოჩონ". ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება ამ ლიდერებისთვის. თუ ასე არ მოხდა, იგივე სახეებით და აპელირებით, რომ ისინი ყოველთვის მართლები იყვნენ და ყველაფერს კარგად აკეთებდნენ, ამ პარტიას მომავალში ძალიან გაუჭირდება. შეიძლება მომავალში მათი იდეოლოგიის დაზუსტება მოხდეს და პარტიამ სახელიც შეიცვალოს იმიტომ, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ სახელის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი", - უთხრა კაკაჩიამ "მთელ კვირას".

"რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", აქ პრობლემა არის ის, რომ ჯერჯერობით კოალიცია საკმაოდ სუსტია. არც დიდი რესურსები შეინიშნება, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც გარკვეულმა ლიდერებმა უკვე გადაინაცვლეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ახლა პარტიამ უნდა დაამტკიცოს, ამ ლიდერების წასვლის შემდეგ რამდენად სიცოცხლისუნარიანია.

"არ ჩანს გამოკვეთილი ლიდერები და მათაც იგივე პრობლემა აქვთ - ესაა ახალი სახეები. მათ უნდა შეძლონ ახალი სახეების წარმოჩენა და ელიტის გარკვეული ნაწილის გადმობირებაც დასჭირდებათ, რაც ადვილი არ იქნება.

"მათ დასალაგებელი აქვთ რეგიონული სტრუქტურებიც. ყველაფერს გადაწყვეტს ფინანსები, თუ ივანიშვილი ფინანსურად ბოლომდე მხარს დაუჭერს "ქართულ ოცნებას", ისინი მეტ-ნაკლებად ამ პრობლემას მოაგვარებენ, მაგრამ მან თუ უარი თქვა, პარტიას კარგი დღე არ ელის.

"რაც შეეხება "ნაცმოძრაობას", აქაც იგივე პრობლემაა - ჯერჯერობით რეგიონულ სტრუქტურებს ინარჩუნებენ, მაგრამ თუ ფინანსური საკითხები არ მოგვარდა, ალბათ ძალიან ბევრი რეგიონული ორგანიზაცია დაეშლებათ. რამდენიმე დაიშალა კიდეც არჩევნების დროს.

"მარტო ფინანსებიც არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობა. საინტერესო იქნება, რას შესთავაზებენ ეს პარტიები კონკრეტულად საზოგადოებას," - დასძენს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ძველი სახეებით რეიტინგის შენარჩუნება გაუჭირდება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილი კი იყო გადამწყვეტი ფიგურა, მაგრამ ის არ იყო ერთადერთი ავტორი იმისა, რაც ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა. ავტორები იყვნენ ყველანი, ვინც ამ პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში არიან, მერაბიშვილით დაწყებული. ამიტომ ფაქტობრივად ის დამოკიდებულება, რაც ქართველ მოსახლეობას სააკაშვილის მიმართ ჰქონდა, ლოგიკურია, ამჟამად აქვს "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. თუკი ეს ლიდერები დარჩებიან პარტიაში და მათი რიტორიკაც ისეთი დარჩება, როგორიც ახლა არის, პოლიტიკაში იმხელა პერსპექტივა აქვთ, რაც სააკაშვილს.

"რაც შეეხება "ოცნებას", მას ჩამოყალიბების დიდი გზა აქვს გასავლელი. ერთი წელი ნამდვილად არ არის პარტიისთვის საკმარისი დრო. გვახსოვს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენი სახესხვაობა განიცადა. როგორ წავა პროცესები, ამის თქმა ძნელია", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბარში.

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა