სად დგას ახალი რადარები დასავლეთის მაგისტრალზე

სად დგას ახალი რადარები დასავლეთის მაგისტრალზე

მძღოლები ხშირად წუხდნენ იმის გამო, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები ძალიან დიდი იყო. პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა და იგი 2014 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. კოდექსში ბევრი რამ შეიცვალა, ჯარიმების ნაწილი შემცირდა, თუმცა ნაწილი პირიქით - გაიზარდა.

რა ცვლილებები შევიდა კანონში, ამის გარკვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, ლევან მაჭავარიანთან ვცადეთ.

- ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანა რითი იყო გამოწვეული?

- მთელ რიგ ჯარიმებზე, რომელზეც სახდელი ჩვენი გადმოსახედიდან იყო გაუმართლებლად დიდი, ზღვარი დავწიეთ, უმეტეს შემთხვევაში - გავანახევრეთ. ასევე დაიწია საურავის ზედა ზღვარმა. მაგალითად მოვიყვან ყველასთვის მტკივნეულ ე.წ. რადარის 100-ლარიან ჯარიმას. დამრღვევ მძღოლებს სიჩქარის გადაჭარბებისთვის ძალიან ხშირად უწევდათ საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა. ამიტომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სამართალდარღვევებზე მთელი რიგი ცვლილებები მომზადებულიყო. აღნიშნული ინიციატივა ჯარიმის ოდენობებისა და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადების შემცირებას ითვალისწინებს. ჯარიმების ოდენობა ისე დაიწევს, რომ მძღოლს გარკვეული რიდი მაინც დარჩეს.

- კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა კანონში და იქნებ განგვიმარტოთ, საგზაო მოძრაობის წესების რომელი დარღვევისთვის რა სანქცია ამოქმედდება?

- კანონპროექტის მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა (რადარები) - 100 ლარი განახევრდება და დამრღვევი მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული საურავი 500 ლარის ნაცვლად 150 ლარამდე შემცირდება. ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა 1.500-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500-ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი. დგომა-გაჩერების წესების დარღვევა 10-ლარიან ჯარიმასა და გადაუხდელობის შემთხვევაში, 150-ლარიან საურავს ითვალისწინებს. ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევ მძღოლს 1 წლის ნაცვლად მართვის უფლება 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1.000-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500-ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი. ასევე, ნახევრდება ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის არსებული 100-ლარიანი ჯარიმა და ის 50 ლარი იქნება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მძღოლს 500 ლარის ნაცვლად 150-ლარიანი საურავი დაეკისრება. ჯარიმისა და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევ მძღოლს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა 1500-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი. მცირდება აგრეთვე განმეორებით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის დაწესებული 200-ლარიანი ჯარიმა და იგი 100 ლარი იქნება. ჯარიმისა და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, 2 წლის ნაცვლად მართვის უფლება მძღოლს 1 წლით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისთვის 1.500-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 1.000 ლარის გადახდა მოუწევს.

- ზოგ დარღვევაზე ჯარიმა გამკაცრდა. მაგალითად, ჯარიმის ოდენობა გაიზარდა სიმთვრალეზე. ეს გადაწყვეტილება რის საფუძველზე მიიღეთ?

- დიახ, რიგ გადაცდომებზე ჯარიმები განახევრდება ან იგივე დარჩება, თუმცა ზოგიერთზე გამკაცრდება. ჯარიმების შემცირება ისეთ სამართალდარღვევაზე მოხდება, რომლებიც საზოგადოებას უსამართლობის გრძნობას უჩენდა. ჩვენ უფრო გავამკაცრეთ ჯარიმა სიმთვრალეზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ არ ვუდგებით ზერელედ და ზედაპირულად საერთო ჯარიმების პრობლემას. მაგალითად, მძღოლის მიერ ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის შემთხვევაში ადრე ჯარიმა 200 ლარი იყო. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი, ნასვამ მძღოლს მართვის უფლებას 6 თვით ჩამოართმევენ. სამწუხაროდ, ადრე საზოგადოების ნაწილისთვის ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ვაჟკაცობასთან ასოცირდებოდა, დღეს კი როგორც მინიმუმ, ნასვამი მძღოლი მოსახლეობაში გაკვირვებას იწვევს. ასევე ხშირად ფეხით მოსიარულეები არღვევენ საგზაო წესებს, რაც სავალალო შედეგით სრულდება. ამიტომ ასეთი დარღვევებისთვისაც გაიზარდა ჯარიმის ოდენობა და ის 3 ლარის ნაცვლად 10 ლარი იქნება.

- როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკური მო­ნა­ცე­მები, რომელიც თბილისში ე.წ. სიჩ­ქარის განმსაზღვრელი რადარების დამონტაჟების შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევათა შედეგებს ასახავს. რა შეგიძლიათ ამ მონაცემებზე გვითხრათ?

- დიახ, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, თბილისში, იქ, სადაც რადარები დამონტაჟდა, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ 80%-ით იკლო. საგულისხმოა, რომ დაღუპულთა რაოდენობაც 85%-ით შემცირდა. მაგალითად, თბილისში, შარშან ამ პერიოდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, წელს მხოლოდ - 6, ხოლო 2013 წლის ნოემბრის თვეში მსხვერპლი საერთოდ არ ფიქსირდება. ეს მონაცემები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ პროგრამა წარმატებულია. ამ დროისთვის დედაქალაქში სულ 17 რადარი მუშაობს, სამომავლოდ ეს ციფრი 29-მდე გაიზრდება.

- რაც შეეხება რეგიონებს, აპირებთ თუ არა რადარების საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებას?

- მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისა და მოძრაობისას გადაჭარბებული სიჩქარის მაქსიმალურად შემცირების მიზნით, ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აჭარისა და გურიის რეგიონების ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალებზე სიჩქარის მზომი 18 ახალი რადარი დაამონტაჟა. მძღოლებს თუ მიაწვდით ინფორმაციას, კონკრეტულად თუ სად არის ეს რადარები დამონტაჟებული, კარგი იქნება. დღეისათვის ამ ორ რეგიონში რადარები შემდეგ ადგილებზეა განთავსებული:

გურიის რეგიონი: სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე, სოფელ ხაჟალიაში და იქ დასაშვებია 60+15 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა; სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 21-ე კმ-ზე, სოფელ ჭყონაგორაშიც დამონტაჟებულია რადარი და სიჩქარე აქაც 60+15 კმ/სთ-ია. ასევე რადარი მუშაობს ამავე საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, სოფელ შუხუთში. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 46-ე კმ-ზე, სოფელ გრიგოლეთში; სოფელ შეკვეთილში. აჭარის რეგიონში კი რადარი დამონტაჟებულია გონიოს ციხესთან, სარფის მიმართულებით, ასევე გეზის ტერმინალთან, ბათუმის მიმართულებით და იქ მოძრაობა 90+15 კმ/სთ სიჩქარით არის შესაძლებელი; ბათუმში - ხიმშიაშვილის 9 ნომერთან მოძრაობა დასაშვებია 40+15 კმ/სთ სიჩქარით და რადარი დგას სარფისკენ მიმავალ გზაზე. ანალოგიურად, რადარი დამონტაჟდა ხიმშიაშვილი-ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე და იქაც დასაშვებია 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა; ასევე მახინჯაური-სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე, 60+15 კმ/სთ სიჩქარით, ორივე მიმართულებით. ხელვაჩაური-ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე 60+15 კმ/სთ, ორივე მიმართულებით, ბობოყვათი-სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 78-ე კმ-ზე 90+15 კმ/სთ სიჩქარით, ბათუმის მიმართულებით. ქობულეთში კი აღ­მაშენებლის გამზირის #266 ნომერთან ჩოლოქის მიმართულებით მოძრაობა დასაშვებია 40+15 კმ/სთ-ით, ასევეა ქობულეთში, ფიჭვნარში, ბათუმის მიმართულებით და სიჩქარე განსაზღვრულია 70+15 კმ/სთ-ით. რადარები ორივე მიმართულებით დგას ჩაქვის გვირაბებთან (60+15 კმ/სთ).

- არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავების მოთხოვნათა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქცია გახუთმაგდა და ის 2.000 ლარით განისაზღვრა, ასევე საუბრობენ, რომ პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა 15-დღიანი პატიმრობითაც დაისჯება. კანონით როგორ იყო ეს საკითხი ადრე დარეგულირებული და რატომ გადაწყდა ამ კუთხით კანონის გამკაცრება?

- ეს პრევენციული ღონისძიებაა. მოქალაქეს სამართალდამცავების პატივისცემა და რიდი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ვერ ვიტყვი, რომ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევამ იმატა და ამას უკავშირდება სასჯელის გამკაცრება. ეს ჩვენთან არის ასე - ძარცვის ან სხვა სახის დანაშაულისთვის სასჯელი უფრო მკაცრია, ვიდრე სამართალდამცავის ფიზიკური შეურაცხყოფისა და ღირსების შელახვისთვის. ევროპის ქვეყნებში პირიქითაა. მაგალითად, საფრანგეთში ან თუნდაც ბრიტანეთში ძალიან მძიმეა მუხლი, რომელიც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია