ხელფასების ზრდას გადაყოლილი მთავრობა

ხელფასების ზრდას გადაყოლილი მთავრობა

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება და შრომითი ანაზღაურებაც. გაისად საჯარო სექტორში დასაქმებული იქნება 104 878 ადამიანი, რაც ნაცმოძრაობის მმართველობის ბოლო წელთან შედარებით 1,8%-ით მეტია. რაც შეეხება შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილ თანხას, 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით, ზრდა დაახლოებით 25%-ია და 1,318 მლრდ ლარს შეადგენს. აშკარაა, რომ "ოცნების" ბიუჯეტის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული 104,879 ადამიანი იქნება, რაც 2012 წელთან შედარებით 1 902-ით, დაახლოებით 1,8%-ით მეტია. ნაცმოძრაობის მმართველობის ბოლო წლის ბიუჯეტის მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობა 102 978 ადამიანს შეადგენდა.

დასაქმებულების ზრდასთან ერთად, 2012 წელთან შედარებით, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში გაზრდილია შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა, თუმცა დასაქმებულებისგან განსხვავებით ზრდა არა 18%-ს, არამედ ბევრად მეტს, დაახლოებით, 25%-ს შეადგენს.

რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, ზოგიერთ სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება და შრომითი ანაზღაურებაც, ზოგან კი ზრდა მხოლოდ ხელფასებზე მოდის. კერძოდ, პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხვიანობა, 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით შემცირებულია. თუ აღნიშნულ უწყებაში 2012 წელს 1 414 ადამიანი მუშაობდა, 2014 წელს 1 331 ადამიანი იმუშავებს. სამაგიეროდ, თითქმის 10 მლნ ლარით იზრდება შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა. თუ 2012 წელს პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში მომუშავეთა შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი იყო 24,868 მლნ ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეს ციფრი 33,180 ლარს შეადგენს.

2012 წელთან შედარებით, 2014 წელს მომუშავეთა რიცხვიანობა 215-დან 200 ადამიანამდე მცირდება მთავრობის კანცელარიაში, სამაგიეროდ, თითქმის 2 მლნ ლარით იზრდება შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი დაფინანსება. გაისად მთავრობის კანცელარიაში მომუშავეთა შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილია 6,5 მლნ ლარი მაშინ, როდესაც 2012 წლის ბიუჯეტში ეს ციფრი 4,794 მლნ ლარს შეადგენდა.

უმნიშვნელოდ, მაგრამ იზრდება უშიშროების საბჭოში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი დაფინანსებაც. თუ ნაცმოძრაობის მმართველობის დროს, აღნიშნულ უწყებაში მომუშავეთა შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი იყო 1,134 მლნ ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით ეს თანხა 1,179 მლნ ლარამდე იზრდება. დასაქმებულთა რაოდენობა კი ისევ 38 ადამიანს შეადგენს.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტით დაახლოებით 2,5 მლნ ლარით იზრდება აუდიტის სამსახურისთვის შრომითი ანაზღაურების მოცულობა. თუ 2012წლის ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 5,081 მლნ ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილია 8,645 მლნ ლარი. უშიშროების საბჭოს ანალოგიურად მომუშავეთა რიცხვიანობა არც აუდიტის სამსახურში იზრდება. როგორც 2012-ში, ასევე 2014 წელსაც ამ უწყებაში 350 ადამიანი იმუშავებს.

2012 წელთან შედარებით, 2014 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მომუშავეთა რიცხვიანობა სულ 12 ადამიანით იზრდება. სამაგიეროდ, ორჯერ მეტად იმატებს შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა. თუ 2012 წლის ბიუჯეტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ჰქონდა 838 ათასი ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეს თანხა 1920 მლნ ლარს შეადგენს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შემდგენ უწყებაში დასაქმებულთა რიცხვიც იზრდება და სახელფასო ფონდიც. კერძოდ, თუ 2012 წელს ფინანსთა სამინისტროში 4 475 ადამიანი მუშაობდა, 2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით ეს ციფრი 4 789-ს შეადგენს. რაც შეეხება შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, "ნაციონალების" ბოლო ბიუჯეტით დიმიტრი გვინდაძის უწყებისთვის გამოყოფილი იყო 66,293 მლნ ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი ხადურის უწყება შრომითი ანაზღაურებისთვის 70,193 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს.

შრომითი ანაზღაურებისთვის დაფინანსება ეზრდება ეკონომიკის სამინისტროსაც. ამჯერად კვირიკაშვილის უწყებას გამოყოფილი აქვს 13,024 მლნ ლარი, რაც 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით 4,1 მლნ ლარით მეტია. მაშინ ეკონომიკის სამინისტროს შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ჰქონდა 8,8 მლნ ლარი. 2012 წელთან შედარებით გაზრდილია დასაქმებულთა რიცხოვნობაც, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროში მომუშავეთა რიცხვიანობა 723-ს შეადგენს, როცა 2012 წელს ეს ციფრი 611 იყო.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი დაფინანსებაც. კერძოდ, თუ 2012 წლის ბიუჯეტით ამ უწყების შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი იყო 23,998 მლნ ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით ეს მონაცემი 37,495 მლნ ლარს შეადგენს. სახელფასო ფონდისგან განსხვავებით, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით იუსტიციის სამინისტროში შემცირებულია მომუშავეთა რიცხვიანობა. თუ 2012 წელს უწყებაში 1875 ადამიანი მუშაობდა, 2014 წელს ეს რიცხვი 1787-მდე მცირდება.

მცირდება მომუშავეთა რაოდენობა თავდაცვის სამინისტროში. სამაგიეროდ, იზრდება ანაზღაურებისთვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა. 2012 წელს თავდაცვის უწყებაში ხელფასებზე გამოყოფილი იყო 307,865 მლნ ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, ეს რიცხვი 427,994 მლნ ლარამდე იზრდება.

თითქმის სამჯერ ეზრდება შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი დაფინანსება გარემოს დაცვის სამინისტროს. ასევე ორჯერ მეტჯერ იზრდება უწყებაში მომუშავეთა რიცხვი. თუ 2012 წლის ბიუჯეტით ამ უწყებაში მუშაობდა 814 ადამიანი, შრომითი ანაზღაურებისთვის კი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 6,031 მლნ ლარი. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვის სამინისტროში მომუშავეთა რიცხვი 1 916 ადამიანამდე იზრდება, ხელფასებისთვის თანხა კი 16,460 მლნ-მდე.

გაზრდილია როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე სახელფასო ფონდი სოფლის მეურნეობის სამინისტროში. თუ "ნაციონალების" მმართველობის დროს, 2012 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროში 603 ადამიანი მუშაობდა და შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი იყო 8,178 მლნ ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მომუშავეთა რიცხვიანობა 1 212-მდე იზრდება, სახელფასო ფონდი კი 19,065 მლნ ლარამდე.

გარდა აღნიშნული სამინისტროებისა, თითქმის ყველა უწყებაში სახელფასო ფონდიც და დასაქმებულთა რაოდენობაც გაზრდილია.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ 2014 წლის ბიუჯეტში თანამშრომელთა 1,8%-იანი ზრდა სახელფასო ფონდის 25%-იანი ზრდის გამართლებისთვისაა ნაჩვენები. ამის გარეშე კრიტიკა, რომ მთავრობა საჯარო სექტორში ხელფასებს ზრდის და გაზრდილი მადა აქვს, უფრო საფუძვლიანი იქნებოდა. ბიუჯეტის პროექტში სახელფასო ფონდისა და მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდა გარკვეული მანიპულაციების ჩატარების გამო ხდება.

"წლიური ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება საჯარო სამსახურში თანამდებობის რიცხოვნობა, რომლითაც ხდება ბიუჯეტის გაანგარიშება. ეს ერთგვარი საწყისი წერტილია ათვლებისთვის, მაგრამ არ არის დასაქმებულების რეალური მაჩვენებელი. ეს არის ე.წ. ზედა ჭერი, რომლის ფარგლებშიც ხდება თანამშრომლების მიღება-გათავისუფლება, სახელფასო ფონდის გაანგარიშება და ა.შ.

სწორედ აქ ხდება ტრადიციულად მანიპულირება: სამინისტროსა თუ სხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი მომდევნო წლის დაგეგმვისას იღებს თანამშრომელთა მაქსიმალურ რაოდენობას, ბიუჯეტი და სახელფასო ფონდიც, შესაბამისად, მაქსიმალურად მტკიცდება. ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ეს შტატები არ ივსება (რჩება ვაკანსიები) ხარჯვისას კი ეს ყველაფერი აძლევს დაწესებულების ხელმძღვანელს სახელფასო ფონდში "აღმოჩენილი" რეზერვის ხარჯზე თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილებები თანამშრომელთა სახელფასო თუ პრემიალური უზრუნველყოფის თაობაზე; ანუ საჯარო სექტორში რამდენი მოხელეა საჭირო არავინ იცის. ეს მონაცემები არ არის ობიექტურად განსაზღვრული და პროგნოზირებული.

თავის მხრივ, ეს განაპირობებს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხოვნობისა თუ ფინანსურ-მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებზე სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღებას, თანაც ისე, რომ ამით კანონი არ ირღვევა", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

იხილეთ ასევე: - უფსკრული ხელფასებს შორის საქართველოში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია