აივ-ინფიცირებული ფეხმძიმე სამმა სამშობიარომ არ მიიღო - დისკრიმინაციის ფაქტები საქართველოში

აივ-ინფიცირებული ფეხმძიმე სამმა სამშობიარომ არ მიიღო - დისკრიმინაციის ფაქტები საქართველოში

1 დეკემბერს მსოფლიომ შიდსთან ბრძოლის დღე აღნიშნა. საქართველოშიც აღნიშნულ თარიღს არაერთი საინფორმაციო ხასიათის აქცია მიეძღვნა. როგორც რეალობამ აჩვენა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და საინფორმაციო ღონისძიებების გარდა, უფრო მასშტაბური პროპაგანდაა გასაწევი, ვინაიდან აივ-შიდსის მატარებელ პაციენტებს არა მარტო საზოგადოება, არამედ სამედიცინო დაწესებულებებიც ავიწროვებენ. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ აივ-დადებითი პირების იდენტიფიცირება ხშირად სამედიცინო პერსონალის მიერ ხდება.

აივ-ინფიცირებული ნინო: წესით არავის უნდა სცოდნოდა, რომ აივ ინფიცირებული ვარ, მაგრამ სამშობიაროში ყველამ გაიგო ამის შესახებ. მოკლედ პალატაში ჩაქრა შუქი. ძალიან ციოდა და სანიტარს ვთხოვე სხვა ოთახში გადავეყვანე, სადაც სინათლეც იყო და გათბობაც. ნაცვლად იმისა, რომ დამხმარებოდა, ეს სანიტარი დერეფანში გავიდა და მორიგე ექიმს ყვირილი დაუწყო: ამ ქალს ხელს ვერ ვახლებ, ვერსად ვერ გადავიყვან, შიდსიანიაო. მთელი განყოფილება გამოეფინა დერეფანში სეირის სანახავად. საშინლად დამცირებული და დათრგუნული ვიყავი, აღარც შვილის გაჩენა მიხაროდა, ისეთი სტრესი მოვიღე და მორალურად გავნადგურდი. რა თქმა უნდა, დამნაშავე არ დასჯილა…

აივ ინფიცირებული დათო: სტომატოლოგთან რამდენჯერმე ისე მივედი, რომ არ მითქვამს ინფიცირებული რომ ვიყავი. სინდისმა შემაწუხა და ბოლო ვიზიტზე ვუთხარი, რომ ინფიცირებული ვიყავი. ყვირილი დამიწყო, აქ რას მოეთრეოდიო. რატომ არ გამაფრთხილე შიდსიანი რომ იყავიო. წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა… კბილი ისევ დასაბჟენი მქონდა და იძულებული გავხდი სხვა სტომატოლოგთან მივსულიყავი. იქ უკვე ტყუილი ვთქვი და ექიმს განვუცხადე, რომ C ჰეპატიტის მქონდა. ექიმმა მომისმინა და მიმკურნალა, სადაც სამედიცინო იარაღებს ცალკე აწყობდნენ სასტერილიზაციოდ. საკვირველია ის, რომ C ჰეპატიტიანი პაციენტები უფრო მისაღებია ექიმებისთვის, ვიდრე აივ-ინფიცირებულები. ამ დროს C ჰეპატიტი უფრო ვერაგი დაავადებაა.

შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ექიმ-ლაბორანტის, იზა ბოდოკიას განცხადებით, ბოლო პერიოდში კლინიკები აივ-ინფიცირებულ პაციენტებს არ იღებენ, ან დაინფიცირებულთა იდენტიფიცირება საჯაროდ ხდება. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მალე სასამართლოში სარჩელი შევა.

იზა ბოდოკია- შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ექიმ-ლაბორანტი: ადვოკატები უკვე მუშაობენ სარჩელებზე და მალე სასამართლოში შევიტანთ. აუცილებლად დავასახელებთ იმ კლინიკებს, რომელთა პერსონალი უდიერად ექცევა აივ-ინფიცირებულებს და მათ სტატუსს საჯაროს ხდის. ამას წინათ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ ერთი ახალგაზრდა კლინიკაში მიიყვანა. ბიჭმა თავისი სტატუსის შესახებ საავადმყოფოს ექიმს უთხრა. ამ ექიმმა კი შეყარა ცა და ქვეყანა. საავადმყოფოში მომენტალურად ყველამ გაიგო ამ ბიჭის აივ დადებითი სტატუსის შესახებ. იმხელა სტრესი მიიღო ამ ადამიანმა, რომ ცალკე ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დასჭირდა.

მეორე შემთხვევაც ახლახანს მოხდა. აივ-ინფიცირებული ფეხმძიმე ქალს მშობიარობა უწევდა. სამ სამშობიაროში უარი უთხრეს. არა და არავინ იცოდა როდის დაეწყებოდა მშობიარობა, ისეთი სიტუაცია იყო. ნაცნობობით და ხვეწნა-მუდარით მიიღო ერთ-ერთმა კლინიკამ ეს ქალი. ფაქტია, რომ ჩვენ საზოგადოებას პრობლემები აქვს და ინფორმაცია დაბალია აივ-შიდსის შესახებ.

როგორც შიდსის ცენტრში აცხადებენ, კლინიკებს კანონი ავალდებულებს ნებისმიერ პაციენტს თანაბარი სამედიცინო მომსახურება გაუწიონ, თუმცა კანონის დამრღვევები თავად მედიკოსები ხდებიან.

მაია ცინცაძე მედიცინის დოქტორი: კლინიკებში თუ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია, არ უნდა ეშინოდეთ აივ-ინფიცირებული პაციენტების მიღება. გარდა ამისა, ვინც ჩვენთანაა აღრიცხვაზე, სერიოზული მკურნალობა უტარდებათ და მათი მხრიდან სხვისი დაინფიცირების შანსი მინიმუმამდეა დასული. საქართველოში აივ-შიდსის 4100 შემთხვევაა რეგისტრირებული, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვინაიდან სიმპტომატიკის არ ქონის გამო, მოქალაქე ხშირად აივ-შიდსის ანალიზს არ იკეთებს და ვირუსმატარებლობის შესახებ არ იცის. რაც შეეხება წლევანდელ სტატისტიკას, შიდსის ცენტრში 460 შემთხვევა დაფიქსირდა.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო: "ხმამაღლა თქვა: შიდსი აქვსო"... - აივ/შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაცია საზოგადოებისგან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია