ნიკა რურუა: ეკლესიას პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა ბევრ შეცდომას დააშვებინებს

ნიკა რურუა: ეკლესიას პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა ბევრ შეცდომას დააშვებინებს

რატომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევრომაიდანზე საქართველოს ბედიც წყდება, აპირებდა თუ არა თანამოაზრეებთან ერთად ნაცმოძრაობიდან განდგომას, როგორ ხსნის ერთკაციანი პარტიების ფენომენსა და როგორ აფასებს ინტელიგენციის კმაყოფილება-უკმაყოფილებას? "ვერსია" ნიკა რურუას ესაუბრა.

- ევრომაიდანზე განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, გაჩნდა პარალელები 7 ნოემბერთან, 26 მაისთან... დარბევის გარდა, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან ამ ორი თარიღის კავშირს ვერ ვხედავ, პირიქით, მოთხოვნებიც რადიკალურად განსხვავებულია და პროცესიც, თქვენ?

- ეს პარალელები ჩემთვისაც სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. როგორც ჩანს, ის ხალხი, რომელიც 26 მაისის გამოსვლებს ანდა 7 ნოემბერს საკუთარ "გმირობად" ითვლის, ახლა ცდილობს, ევრომაიდანზე გამოსულ უკრაინელებთან ასოცირდეს. კიევში ევროპასთან დაახლოების მიზნით გამოვიდა ასობით ათასი ადამიანი, საქართველოში ასობით ათასი ადამიანის ნაწილი გააღიზიანა საკმაოდ ხისტმა და მტკივნეულმა რეფორმებმა, რაღაც ნაწილი - მთავრობის არაკომუნიკაბელურობამ, ნაწილს კი მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უნდოდა. როგორც შემდეგ პატარკაციშვილის ჩანაწერებიდან გაირკვა, ის აპირებდა სახელმწიფოს გადატრიალებას – მინისტრის "დაძინებას", გაყალბებული ბიულეტენების დაბეჭდვას, დამხობას ვითომ ლეგიტიმური საფუძველი რომ ჰქონოდა. ეს იყო ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის, თუმცა ეთნიკურად ქართველი პატარკაციშვილის სპექტაკლი, რომელიც ძალზე უსიამოვნო სურათით დამთავრდა. 26 მაისი კი პუტინთან მიღებაზე ნამყოფი ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის თვითშემოქმედება იყო, რომელიც სახელმწიფოს პროვოცირებას ცდილობდა. სამწუხაროდ, ეს პროვოკაცია მართლაც მოხდა, ასე რომ, ევრომაიდანთან არც ერთსა და არც მეორეს კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება ევრომაიდანს, ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანი ბრძოლაა უკრაინისთვის იმიტომ, რომ იგი გეოგრაფიულადაც ევროპის შუაგულშია და რიცხობრივადაც იმხელა ქვეყანაა, მისი არჩევანი მნიშვნელოვანია ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის, თუმცა წინააღმდეგი ვარ, ავტომატურად მივებათ უკრაინას და ვთქვათ, რომ თუ იქ რამე არ გამოვიდა, აქაც არ გამოვა. ეს ასე არაა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ეს გზა უნდა გავაგრძელოთ.

- ანუ არ ეთანხმებით იმ შეფასებას, რომ დღეს კიევში წყდება ქვეყნის ბედი?

- უკრაინის ბედი ნამდვილად წყდება. ბუნებრივია, საქართველოს ინტერესშიცაა, უკრაინაში რუსეთის ნეოიმპერიალისტური ძალები დამარცხდნენ. გარკვეულწილად, ისინი ჩვენს ბრძოლასაც იბრძვიან, მაგრამ ის, რომ ჩვენი ბედი წყდება კიევში, ჰიპერბოლაა. ჩვენი ბედი წყდება საქართველოში, სკოლებში, სახლებში, უნივერსიტეტებში, ქუჩებში, ჩვენს ბიზნესში და, რაც მთავარია, ჩვენი მთავრობის დერეფნებსა და კაბინეტებში.

- კარგი იქნებოდა, ასე იყოს... თუ კიევში ხალხმა დაამხო ხელისუფლება ევროპული ღირებულებების ღალატის გამო, ჩვენს ხელისუფლებას არ გაუჩნდება შიში, რომ ღალატის შემთხვევაში, აქაც იგივე მოხდება პრეცედენტს დიდი ძალა აქვს და სწორედ ამიტომაც ხომ არაა გარინდული საქართველოს ხელისუფლება, თუ არ ვცდები, მხოლოდ თინა ხიდაშელმა დაწერა, რომ მისი სული და გული ევრომაიდანზეა. ოფიციალური თბილისი დამუნჯებულია.

- ასე არაა, ვერ დაგეთანხმებით, რაც უნდა მოხდეს უკრაინაში, ჩვენი ხელისუფლება მაგას ვერც ასე გაბედავს, ვერც ისე. ქართველი ხალხის უმრავლესობა თავისუფლებაზეა ორიენტირებული და ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. იმისგან დამოუკიდებლად, როგორ დამთავრდება უკრაინული კრიზისი, საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას და ორიენტაციის შემოტრიალებას პუტინის რუსეთის მონობის მიმართულებით – ეს გამორიცხულია! მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ აქვთ მიზნად ჩვენს ხელისუფალთ და რომც ჰქონდეთ, ვერ გააკეთებენ, ამას არ შეეგუება არც დიდი, არც პატარა. რაც შეეხება ამ ეტაპზე მათ სიჩუმეს, ანგარიშს უწევენ ოფიციალურ კიევს, მოკლედ, პოლიტკორექტულობას იჩენენ. ჩემი გემოვნებისთვის ეს ზედმეტად გაჩუმებაა, ფრთხილ, მაგრამ დემოკრატიის, უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ განცხადებას გავაკეთებდი, სადაც ევროპის უდიდესი ქვეყნების ლიდერები ღიად უჭერენ მხარს, სადაც გვიდო ვესტერველე ევრომაიდანზე მივიდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კიევში ვიზიტი გააუქმა, ჩვენებსაც შეეძლოთ გამოეხატათ მხარდაჭერა, მაგრამ ისინი ცდილობენ, პოლიტკორექტულობა შეინარჩუნონ, თუმცა ჩემი აზრით, ზედმეტად.

- ამბობთ, რომ ხელისუფლება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლებს ქვეყნის ორიენტაციის შეცვლას, მაგრამ თქვენი სტატუსები სოციალურ ქსელში ყველაზე მწვავე სწორედ ამ მიმართულებითაა.

- ეს ბუნებრივია, ყველანი, უნდა ვიყოთ ფხიზლად, ვაკონტროლოთ ხელისუფალთა მოტივაციები იმიტომ, რომ ადამიანი, მით უფრო ხელისუფლებაში მყოფი, ვერ უძლებს ცდუნებას, იჩენს სულმკოლეობას. მათი გარედან კონტროლი აუცილებელია, რაც ოპოზიციის საქმეა. ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, ვაჩვენოთ სწორი გზა პოლიტიკურ ოპონენტებს. მათი შეცდომები წესით უნდა გვაწყობდეს, მაგრამ როდესაც ეს ქვეყნის ბედს ეხება, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ... არ შეიძლება ხელის მოთბობა ქვეყნისთვის კატასტროფულ შეცდომებზე.

- ბოლო დროს, ბევრს საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, თქვენი ინტერვიუც გამოქვეყნდა, სადაც ღიად საუბრობთ, რომ პარტიაში გადაწყვეტილებას ერთი გუნდი იღებდა და აუცილებელია ამ წესის შეცვლა დემოკრატიული მმართველობის ფორმით.

- ეს უკვე მოხდა, პოლიტსაბჭოს არჩევნები ჩატარებულია და ამ შედეგით კმაყოფილი ვარ, ესაა შიდადემოკრატიისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ნაციონალური მოძრაობა მალე მოხვდა ხელისუფლებაში, სადაც პარტიას არ აქვს ნამდვილ პარტიად ჩამოყალიბების დრო და საშუალება. სწორედ ახლაა ის მომენტი, როდესაც ეს ორგანიზაცია უნდა გადაიქცეს ნამდვილ, დასავლური ტიპის პარტიად.

- როდესაც პარტია ხელისუფლებაშია, შეიძლება არ გეთანხმებოდე, მაგრამ გამოგყვე ყველა გადაწყვეტილებაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა კომფორტულია, მაგრამ როდესაც იგი ოპოზიციური ხდება და, სხვებთან ერთად, მეც მიწევს ბრძოლა, პოზიციის შუბლით გატანა, მაშინ კეთილი უნდა ინებონ და მეც მიმაღებინონ მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში...

- ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეა, პარტიაში ყოველთვის არის შიდადებატები, შიდაარჩევნებიც, ყოველდღიური პარტიული საქმანობაც უკეთესია კამათის, დებატის, აზრთა გაცვლა-გამოვცლის რეჟიმში. ერთი ადამიანი უფრო მეტად და ხშირად ცდება, ვიდრე ბევრი.

- თუმცა ნაცმოძრაობის შემთხვევაში, არც იყო და არც თქვენ გქონდათ საუბარი ერთ პირზე, საუბარი იყო რამდენიმე პირზე...

- ამ დიალოგში შეგნებულად არ შემოვალ, არ მაინტერესებს... მაინტერესებს მანკიერი სისტემის გამოცვლა და არა ვინმეს დამცირება, ან ვინმეზე იერიშის მიტანა; ვლაპარაკობ პრინციპის გაუმჯობესებაზე, ჩემს მიერ შეთავაზებული პრინციპი ბევრად უკეთესია იმაზე, რაც იყო, რადგან იმან ბევრი შეცდომა გამოიწვია.

- არც იმას გამორიცხავენ, რომ პარტიას, შესაძლოა, გამოყოფოდნენ ახალგაზრდები და ჩამოყალიბებულიყო ახალი პოლიტიკური ძალა, მათ ერთ-ერთ სავარაუდო ლიდერად თქვენც გასახელებდნენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ პარტიის შიგნით პროცესები ისე არ წავიდოდა, როგორც წავიდა?

- როგორც ჩანს, მაინც რაღაც ინტრიგას ეძებ... საერთოდ არ ვარ პარტიის წევრი და არც ვარ ჩახედული მის საქმეებში. ყველანი ჩემი მეგობრები არიან და ეს იყო ჩემი მეგობრული რჩევა. გამოყოფას, გადაყოფასა და წასვლას რაც შეეხება – ვინც წამსვლელი იყო, ზეწოლას ვინც ვერ გაუძლო, წავიდა დიდი ხნის წინ, ასე რომ, არავინ არსად წასვლას არ აპირებს, ყველა ერთად ვაპირებთ, უკეთესი ქვეყნის მშენებლობას.

- ერთკაციან პარტიებზე მინდა გკითხოთ, საქართველოში რომ უხვადაა. შედეგს ვერც ერთ არჩევნებზე ვერ აღწევენ და მაინც აგრძელებენ ფუნქციონირებას, დავიჯერო, იმ დაფინანსების გამო წვალობენ, რომელსაც ბიუჯეტიდან იღებენ, დიდი ფული იშოვება პოლიტიკაში ამ სოლოფორმით თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

- მეც თქვენსავით მეცინება ამ ერთკაციან პარტიებზე და თვითდანიშნულ ლიდერებზე. თუ რაიმე საინტერესო აქვთ, სხვები რატომ არ მიდიან? საქმეც ეგაა, უჭირთ კომუნიკაცია. საერთოდ, ქართველებს გვიჭირს კომუნიკაცია, ტარზანივით ვართ – კუნთები გვაქვს და ლაპარაკი არ ვიცით. დააკვირდით, თითქმის ყველა ლაპარაკი ჩხუბით მთავრდება. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება, რაღაც კონსენსუსამდე მისვლა, კომპრომისის გამონახვა. სანამ კომპრომისი საგინებელი სიტყვა იქნება საქართველოში, პოლიტიკურ ცხოვრებაში საინტერესოს ვერაფერს ვნახავთ. შენი ინტერესები უნდა დაიცვა, მაგრამ უნდა გაითვალისწინო მოწინააღმდეგის ინტერესებიც. ყველაფერი ან არაფერი – პოლიტიკაში არ ამართლებს, ეს მარტო მაშინ ხდება, როდესაც მტერი მოდის და ღიად გებრძვის, არ შეიძლება შიდაოპონენტს ისეთივე სისასტიკით ებრძოლო, როგორც მტერს.

- ანუ ფიქრობთ, ესენი კოლეგებთან საერთო ენის გამონახვას, ურთიერთობას ვერ ახერხებენ, ამიტომ გარბიან, ქმნიან სოლოპარტიებს და მათ ირგვლივ იკრიბება რაღაც პატარა პარტაქტივი.

- კი, კი და როგორც წესი, ასეთი პარტიები წარმოადგენენ მყვირალა ტიპაჟებისგან შემდგარ ერთმუჭა ჯგუფს და სრულ პოპულიზმზე არიან ორიენტირებულნი.

- ძირითადად, ასეთი პარტიებისგან იყო დაკომპლექტებული, თავის დროზე, თქვენი ოპოზიცია...

- და ახლანდელი "ოცნებაც".

- გყავდათ სუსტი ოპოზიცია, არავინ გიწევდათ რეალურ ოპონირებას და ამანაც მიგიყვანათ არჩევნებში მარცხამდე.

- გეთანხმებით, მაგრამ ეგ ერთ-ერთი მიზეზია. ჩემი აზრით, ეს მარცხი მოიტანა რამდენიმე ფაქტორმა – ცვლილების სურვილმა, ძალიან მტკივნეულმა და ეგზისტენციურმა პრობლემებმა, ელექტორატის ნაწილმა, უბრალოდ, თავი მოიტყუა და ჩათვალა, თვალს თუ დახუჭავდა, მტერი მტერი აღარ იქნებოდა. "ქართული ოცნების" რიტორიკა იყო, რომ უნდა დავუახლოვდეთ რუსეთს, რომ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა სააკაშვილის ბრალია, გაიმარჯვეს და რა მოხდა? რამდენჯერ მიაყენეს მათ შეურაცხყოფა მავთულხლართებით, ადამიანის გატაცებით? რუსეთს პარტნიორად არასოდეს განუხილავს საქართველო, არც მაშინ და არც ახლა, მას უნდა ვასალი, რაზეც ქართველი ხალხი არასოდეს დათანხმდება, რაც უნდა იფიქროს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა.

- ალბათ, არ გინდათ ელექტორატის გაღიზიანება და მაგ მიზეზებიდან იმიტომ გამოტოვეთ რუსული სპეცსამსახურების ხელიც...

- რა თქმა უნდა, სპეცსამსახურის ხელიც ერია... აშკარად იყო ივანიშვილის ფულის იმედი, რომელიც მათ ღვთიურ მანანად წარმოედგინათ და, როგორც გაირკვა, ისევ ღვთიურ მანანად დარჩა. სწორიც ქნა, პირადი ფული რომ არ დაურიგა ხალხს, ეს პარაზიტიზმის პირველი რეცეპტია. რაც უნდა მდიდარი იყოს ადამიანი, მისი დარიგებული ფულით ქვეყანა ვერ გამდიდრდება. ქვეყანა მდიდარია მაშინ, როდესაც ადამიანებმა იციან ეფექტური შრომა, ჩვენ ახლა ეს გამოსავალი გვაქვს, ეფექტურად შრომა უნდა ვისწავლოთ. ყველამ ერთად, დიდი, პატარა, საშუალო ბიზნესი უნდა განვავითაროთ, განათლებას მივხედოთ. სამწუხაროდ, ამ მთავრობას ამის გაკეთების უნარი არ აქვს.

- ინტელიგენცია უკვე უკმაყოფილოა კულტურის მინისტრით, მათი უკმაყოფილება, ერთი მხრივ, ობიექტურია – მართლაც არაფერი კეთდება, მეორე მხრივ, სუბიექტურია და გამოწვეულია იმით, რომ რაღაცას არ უკმაყოფილებენ. რა ხდება, რეალურად, ამ ფენას ძალიან კარგად იცნობთ მინისტრის პოზიციიდან... რა ფენომენთან გვაქვს საქმე და დღეს რამდენად ობიექტურები არიან კულტურის მინისტრის შეფასებაში?

- ზუსტად არ ვიცნობ მათ პრეტენზიებს, რა პრეტენზიებზეა საუბარი? ზოგადი უკმაყოფილება, ხომ იცით, ქართველების სენია, ყოველთვის საკუთარი გასაჭირის მიზეზს ეძებენ სხვაში და სხვაგან და არა საკუთარ თავში. მოგეხსენებათ, ინტელიგენცია საბჭოთა ტერმინია, დასავლურ სამყაროში მას არ ხმარობენ, იქ ე.წ. ელიტები არსებობს, არსებობს ინტელექტუალური ელიტები, რომელშიც შედიან ინჟინრები, ექიმები, იურისტები, მათ შორის მწერლებიც და პოეტებიც, მაგრამ მარტო ეს არ არის ელიტა, ჩვენთან კი მარტო ასეა. პარაზიტიზმი არ უნდა წაახალისოს არც ერთმა ხელისუფლებამ იმიტომ, რომ პარაზიტობა დავრდომილობის წინაპირობაა. ჩვენი ინტელიგენციის რაღაც ნაწილი მიჩვეულიც იყო სახელმწიფოს კმაყოფაზე ცხოვრებას. მათი დიდი ნაწილი მუშაობდა, მაგრამ ნაწილი მიჩვეული იყო "ფავორებს" სახელმწიფოს მხრიდან, ასე მაგალითად, დაუბეჭდავდნენ ყოვლად უნიჭო წიგნს ასი ათასიანი ტირაჟით, მას ყიდულობდა ისევ სახელმწიფო - სკოლებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის და არავინ კითხულობდა, მაგრამ ეს ადამიანი იყო ბედნიერი, ჰყავდა მანქანაც, ჰქონდა აგარაკიც... ეს სისტემა რომ მოიშალა, ძალიან კარგია. ყველანაირად ვცდილობდი, სახელმწიფოს ასეთი ფავორიტები არ ჰყოლოდა, ყოველთვის ვეხმარებოდი მათ, ვისაც მართლა სჭირდებოდა დახმარება – ახალგაზრდობას. როდესაც ქვეყანა სუსტია და ღარიბი, დამწყებს უნდა დაეხმარო, ნიჭის რეალიზება რომ შეძლოს, ფრთები გაშალოს. ასევე აუცილებლად ვეხმარებოდი იმ ხალხს, ვისაც უჭირს, შრომა აღარ შეუძლია, მაგრამ დამსახურებული ადამიანია. ასეთი ასზე მეტი იყო.

- ამითაც ხომ არ ისარგებლა თავის დროზე ივანიშვილმა, თქვენ არ გასცემდით ფავორებს, ის გასცემდა წლების მანძილზე და მოიმადლიერა, მიიმხრო...

- იყო, რა თქმა უნდა, ეს... ცოტა მოსყიდვას ჰგავდა ეს ამბავი, თუმცა ვიღაცისთვის დახმარება დახმარება იყო, მაგრამ ისეთებიც იყვნენ, ვინც სახელმწიფოსგანაც იღებდნენ და ივანიშვილისგანაც. ერთ-ერთ ცნობილ ადამიანს, რომელიც ღია კრიტიკოსი იყო მთავრობისა, 6 ათასი ლარი ჰქონდა ხელფასი და ერთი ამდენს კიდევ ივანიშვილი აძლევდა, ვერ ვიტყვით, რომ ის კაცი შიმშილით კვდებოდა... ეს მაინც პოსტსაბჭოთა ავადმყოფობაა, ამგვარი ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ტრადიცია ყოველთვის იყო ჩვენს ინტელიგენციაში - მათ უხაროდათ და უნდოდათ ხელისუფლებასთან სიახლოვე იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდში ეს იყო მათთვის არა მხოლოდ ფავორების წყარო, არამედ ხანდახან გადარჩენის საშუალებაც. განსაკუთრებით თავიდან - საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში მუსრი გაავლეს არა მარტო არისტოკრატიასა და ბიზნესელიტებს, არამედ შემოქმედებით ელიტებსაც. საქართველო რეპრესიების ყველა ტალღაზე ძალიან დაზარალდა – საუკეთესო ხალხი, უბრალოდ მოგვიკლეს, წაგვართვეს. ასეთი სოციალური "ინჟინერია" კომუნისტებმა ჩაატარეს იმიტომ, რომ გამოეყვანათ უსამშობლო, უღირებულებო, მორჩილი ადამიანები, ვინც პარტიასა და მის ყველა განცხადებას უსიტყვოდ დაემორჩილებოდა, ეს იყო შიშით შექმნილი სისტემა და სწორედ ამან დათრგუნა ინტელიგენცია. თავიდან ეს მათთვის ხელშეუხებლობის გარანტია იყო, 50-იანი წლების შემდეგ კი, ამქვეყნიური სიამეების მოპოვების გარანტია - კარგი ბინების, კარგი აგარაკების, ნაკვეთების და ა.შ.

- კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაზე მინდა გკითხოთ. აღნიშნული ნუსხის შედგენაზე წლები მუშაობდნენ სპეციალისტები, ახლა სტატუსის მოხსნის პრეროგატივა ეკონომიკის სამინისტროს ენიჭება, საუბარია იმაზე, რომ 6 ათასი ობიექტიდან მხოლოდ 800 შეინარჩუნებს სათანადო სტატუსს. რა ხდება, ვერ ინახავენ თუ ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ უპრობლემოდ გაყიდონ?

- ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ინვესტორებზე ოდიექტები იოლად გაყიდონ. რისი გაყიდვაც შეიძლება, იმის გაყიდვა, შესაძლოა, ცუდიც არ იყოს, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოსხნა რომ შეეძლება, ნამდვილად ცუდი იდეაა იმიტომ, რომ ხანდახან ბიზნესი დაუნდობელია კულტურასთან მიმართებაში - მას შეუძლია ეგოისტურად დაანგრიოს ღირებული, რამაც საუკუნეებს გეაუძლო და წამოჭიმოს იქ სასტუმრო, რომელსაც ექნება მხოლოდ მონეტარული ღირებულება და არა კულტურული. ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის პრიორიტეტი უნდა დარჩეს კულტურის სამინისტროს პრეროგატივად.

- თვითმართველობის კანონის პროექტის წინააღმდეგ გაილაშქრა პატრიარქმა. ბევრი იურისტი, ისტორიკოსიც იგივეს აცხადებს, რომ ეს კანონი საქართველოს დაშლის საფრთხის შემცველია, მაგრამ ფაქტი, რომ პატრიარქი ასე ღიად ერევა სახელმწიფოს საქმეებში - თავისთავად სახიფათოა.

- მომხრე ვარ, ეკლესია არ ჩაერიოს პოლიტიკაში. ეკლესიამ უნდა მწყემსოს მრევლი ქრისტიანულად, მისცეს შვება, აღასრულოს საიდუმლო რიტუალები - მიიღოს აღსარება და გვირჩიოს, როგორ ვიცხოვროთ. პოლიტიკური ცხოვრება არის ამქვეყნიური ამბები, მასში ჩართვა ეკლესიასაც ბევრ შეცდომას დააშვებინებს და სახელმწიფოსაც აზარალებს. მაცხოვარმა ყველაზე უკეთ თქვა – მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა. ეს ორი რამ – საღვთო და საერო, გაყოფილი უნდა იყოს და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეა.

ცხადია, პატრიარქს აქვს უფლება, ყველანაირი აზრი გამოთქვას, ეს მისი თავისუფლებაა, მაგრამ როდესაც იგი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, იმედს ვიტოვებ, რომ პოლიტიკოსები ამ აზრს არ მიიღებენ ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებად და საკითხს თავისი შეხედულებით, საკუთარი პოლიტიკური ალღოთი და კანონის შესაბამისად გადაწყვეტენ.

რეზო შატაკიშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა