პროკურატურის ხელმძღვანელობას კბილაშვილის კადრებისგან წმენდენ

პროკურატურის ხელმძღვანელობას კბილაშვილის კადრებისგან წმენდენ

პროკურატურიდან რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გაათავისუფლეს, რომელთა უმეტესობა თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის პერიოდში დაინიშნა. გათავისუფლებული თანამშრომლები "რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, რომ პროკურატურიდან იმის გამო გაუშვეს, რომ კბილაშვილის კადრებად ითვლებოდნენ.

საკადრო ცვლილებებს პროკურატურაში ადასტურებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ თანამშრომლებმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვეს.

ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ მთავარი პროკურორის მოადგილეებს, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილს, არამედ სხვა თანამდებობის პირებსაც, მაგალითად: მადონა ღიბრაძეს, გენერალური ინსპექციის უფროსს; ლევან გზირიშვილს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს; ხათუნა კალანდაძეს - საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს; ეკატერინე ებანოიძეს - საფინანსო სამმართველოს უფროსს; კახა წერეთელს - შსს-ს ტერიტორიულ ორგანოებზე საპროცესი ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსს და ა.შ.

საიას ინფორმაციით, ცვლილება ქვედა რგოლებშიც ინტენსიურად ხორციელდება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ პროკურატურის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ თანამდებობის დატოვებას აიძულებენ, რასაც მთავარი პროკურატურა უარყოფს.

"პრინციპული" მნიშვნელობა აქვს, პროკურორებმა განცხადება საკუთარი ნებით დაწერეს თუ ამას ხელმძღვანელობის მხრიდან მოთხოვნის ფორმა ჰქონდა, - აღნიშნავს საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე "რეზონანსთან" საუბრისას, - ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, ყველანი ამბობენ, რომ ამას მოთხოვნის ფორმა ჰქონდა.

"აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების უმეტესობამ პროკურატურაში მუშაობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვის მიმართაც პრეტენზია არსებობდა, ისინი არ უნდა გაათავისუფლონ. თუკი მათი მხრიდან იყო გადაცდომა, არა მარტო პროკურატურიდან უნდა გაუშვან, არამედ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს.

"ჩემი ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ დანიშნულ პროკურორებზე ასეთი საჩივრები არ არსებობს. გაუგებარია, რატომ მოხვდა სიაში ასეთი პროკურორების უმეტესობა?" - კითხულობს კოჟორიძე.

კოჟორიძის განცხადებით, პროკურატურის შესახებ კანონი არ ითვალისწინებს, რომ უწყებაში ახალი მთავარი პროკურორი თავისი გუნდით მოვიდეს.

გენინსპექციის ყოფილი უფროსი მადონა ღიბრაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მისთვის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებიათ.

"გვითხრეს, რომ ახალი გუნდით მივიდნენ. მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი ცდილობდა განემარტა იმ თანამდებობის მნიშვნელობა, რომელიც მეკავა და თივთონ აღარ მივეცი საუბრის გაგრძელების საშუალება, ვთხოვე პირდაპირ ეთქვა, რა უნდოდათ, რის შემდეგაც გადმომცა მოთხოვნა თანამდებობის დატოვების თაობაზე. განცხადება წამოსვლის შესახებ მე დავწერე, თუმცა თქვენ განსაჯეთ იმ მომენტისთვის ეს იყო თუ არა ჩემი ინიციატივა და სურვილი", - აღნიშნა ღიბრაძემ, რომელც პროკურატურაში 2012 წლის 12 ნოემბრიდან მუშაობდა.

ამბობს, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არჩილ კბილაშვილისგან მიიღო. "ჩემს დანიშვნას კბილაშვილმა მოაწერა ხელი. ფაქტია, რომ კბილაშვილის დროს მივედი პროკურატურაში. ვითვლებოდი თუ არა კბილაშვილის კადრად, ეს თავად განსაზღვრეთ", - დასძინა მან.

აჭარის ყოფილი პროკურორი ლევან გზირიშვილი კი გვეუბნება, რომ ისიც მთავარი პროკურორის მოადგილემ, გაბიტაშვილმა დაიბარა და უთხრა, რომ პროკურატურაში ახალი გუნდი მოდიოდა.

"მითხრა, რომ ჩემ ადგილზე სხვა კანდიდატურას განიხილავდნენ და რომ რიგითი პროკურორის თანამდებობის შემოთავაზებას ვერ გაკადრებთო. ვკითხე, ჩემგან განცხადების დაწერას მოითხოვთ-მეთქი, მან კი მიპასუხა, რომ სწორად მიხვდიო. მთავარი პროკურორის მოადგილეს ჩემთვის გათავისუფლების არავითარი მიზეზი არ უთქვამს", - აღნიშნავს გზირიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

ამბობს, რომ პროკურორად მუშაობა მრავალი წლის წინ დაიწყო, თუმცა 2008 წლიდან უმუშევარი იყო. პროკურატურაში ხელმეორედ მუშაობა კი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის 10 ნოემბერს დაიწყო. "როდესაც კბილაშვილმა ვაკანსია გამოაცხადა, მაშინ გავგზავნე ჩემი რეზიუმე, აჭარის პროკურორის თანამდებობა შემომთავაზეს, რაზეც დავთანხმდი. როგორც ჩანს, პროკურატურიდან იმიტომ გამათავისუფლეს, რომ კბილაშვილის კადრად ვითვლებოდი", - გვითხრა გზირიშვილმა.

გზირიშვილი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას არ აპირებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია.

საკადრო ცვლილებებს ადასტურებენ პროკურატურაშიც, თუმცა პროკურორების მიმართ განხორციელებულ წნეხს უარყოფენ.

"მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი შეხვდა პროკურატურის ხელმძღვანელ პირებს. მათ შორის გაიმართა ღია საუბარი, რომელზეც განხილული იქნა სამომავლო ხედვა, გეგმები და შესაძლო საკადრო გადაადგილებები. თანამშრომელთა ნაწილის მიმართ განხორციელდა საკადრო როტაცია, ხოლო ხელმძღვანელი პირების ნაწილმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვების შესახებ. რაც შეეხება ბრალდებას, კბილაშვილის მთავარ პროკურორად საქმიანობის პერიოდში დანიშნული პროკურორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვიტყვით, რომ ამჟამად სისტემაში საქმიანობას აგრძელებს 179 პროკურორი და გამომძიებელი, რომლებიც თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაინიშნენ", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დამატებით კითხვებზე საუბარი პროკურატურაში არ ისურვეს.

უფლებადამცველი დიმიტორი ლორთქიფანიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურაში წმენდა ჩასატარებელია, თუმცა არა იმ კონტინგენტში, რომლებმაც უწყებაში მუშაობა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო.

"თუ პროკურატურის ახალ თანამშრომლებს იშორებენ თავიდან და სისტემა კვლავ ძველი თანამშრომლების დანაშაულებრივ პრაქტიკას უნდა დაეყრდნოს, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მიუტევებელი შეცდომა. ეს საკითხი შესასწავლია. თუ პროკურატურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებში არიან ის პროკურორებიც, რომლებიც დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მაშინ უწყების ახალი ხელმძღვანელობა მხოლოდ ამით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და ყველა ასეთი ტიპის დამნაშავე პროკურორის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.

"მაგრამ თუ საქმე გვაქვს იმ პროკურორების გათავისუფლებასთან, რომლებიც თანამდებობებზე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაინიშნენ, საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან. ამ შემთხვევაში თითოეული გათავისუფლებული პირი თავად არის ვალდებული მიმართოს სასამართლოს".

ლორთქიფანიძის განცხადებით, პროკურატურამ ამ ერთი წლის განმავლობაში ეფექტურად ვერ იმუშავა, თუმცა არჩილ კბილაშვილზე "ხელების შეწმენდა ბინძური კამპანიის" ნაწილია.

"ხელისუფლებაში ცდილობენ, რომ კბილაშვილზე ხელების შეწმენდით პოლიტიკური ვალდებულება გადააბარონ ამ არაპოლიტიკური თანამდებობის პირს. სამართლიანობის აღდგენის ვერაღსრულების გადაბრალება რატომღაც კბილაშვილზე დაიწყეს, რასაც მისი თანამდებობაც შეეწირა. როგორ შეიძლება ეს გადააბრალო არჩილ კბილაშვილს, როცა მაღალი თანამდებობების პირები (იგივე ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის მიმართ) ბრალის წაყენების პრეროგატივა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ეკუთვნოდა. თუკი პასუხისმგებლობა გაიზიარა კბილაშვილმა, მაშინ ათჯერ უფრო მეტად გასაზიარებელი აქვს პოლიტიკური თანამდებობის პირს", - ამბობს ლორთქიფანიძე.

"თუ პროკურატურიდან 2012 წელს დანიშნულებს უშვებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა კბილაშვილის კადრებისგან თავისუფლდება", - უთხრა "რეზონანსს" უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა.

სახალხო დამცველის შეფასებით, მასობრივი საკადრო ცვლილება დაუშვებელია, ან ამისთვის მყარი არგუმენტებია საჭირო. ომბუდსმენის აპარატმა პროცესის შესწავლა უკვე დაიწყო.

იაგო ნაცვლიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა