უსახლკაროების პირადი დრამატული ისტორიები (+ფოტორეპორტაჟი)

უსახლკაროების პირადი დრამატული ისტორიები (+ფოტორეპორტაჟი)

ეს ზამთარი პირველი იქნება, რომელსაც რვა წლის შემდეგ უსახლკარო ალბერტ სარქისიანი დახურულ სივრცესა და სითბოში გაატარებს.

ალბერტ სარქისიანი ერთ-ერთი პირველია, რომელიც საპატრულო პოლიციამ ქუჩაში იპოვა და მოსკოვის გამზირზე ახლად გახსნილ თავშესაფარში მიიყვანა.

"უკვე რვა წელიწადია ქუჩაში ვარ. არავინ ყურადღებას არ მაქცევდა. დღეს პირველად მომიყვანა პოლიციამ და აქ შემოვედი, გამიხარდა. ნიჩბით ფხეკდნენ ჩემი ზურგიდან თოვლს. ქუჩაში მეძინა. ერთი და იგივე ადგილზე, აფრიკის დასახლებაში ვიყავი, ხალხი მიყურებდა, რომ თოვლი მოდიოდა და ყურადღებას არ მაქცევდნენ. თუმცა ზოგჯერ პური მოჰქონდათ ხოლმე. ახლა მადლობა ღმერთს, ახალი მთავრობა ზრუნავს ჩვენს ამბავზე, შეიძლება მიშიკოსაც გაეკეთებინა, მაგრამ მიშიკოს დროს მე ქუჩაში ვიყავი", - ყვება ალბერტ სარქისიანი.

თავშესაფარში ჯერ ცოტანი არიან, თუმცა თავშესაფარს უკვე 100 უსახლკაროს მიღება შეუძლია. მათთვის დღეში ორჯერ, დილით და საღამოს ცხელი საკვები გამზადდება. უსახლკაროთა ისტორიები განსხვავებულია, სახლი ზოგმა ვალების გამო დაკარგა, ზოგი აფხაზეთიდან დევნილია და მთავრობის დახმარებას და ბინით უზრუნველყოფას დღემდე ელოდება.

ქალბატონმა, რომელიც თავშესაფარში გუშინ შვილთან ერთად მივიდა, ვინაობა არ გაამხილა, თუმცა საკუთარი ისტორიის მოყოლაზე უარი არ უთქვამს -"მთელი ცხოვრება საავადმყოფოში ვმუშაობდი, მერე ვალებში ჩავვარდი, დიდ ვალებში. შვილი მყავდა ავად. მომიწია სახლის გაყიდვა. ცოტა ფული დამრჩა, ვიფიქრე პატარა ბიზნესს წამოვიწყებდი, ისიც არ გამომივიდა. დავრჩი ასე. სამუშაოც დავკარგე - როგორც ხნიერი, გამომიშვეს. ყველაფერი ერთად დავკარგე და დავრჩით ქუჩაში მე და ჩემი შვილი. ბაღში ვათენებდით ღამეებს, ერთი წელია, უკვე ქუჩაში ვართ. არ მინდა გადაღება, მერიდება. რუსულ ეკლესიაში დავდივარ საჭმელზე და იქ მითხრა ნაცნობმა ქალმა ამ თავსესაფრის შესახებ. იმას ტელევიზიით გაუგია. წამოვედი. ძალიან თბილად მიმიღეს, ყველანაირად დამეხმარნენ. ქუჩაში ყოფნას ყველაფერი ჯობია. სითბო და ლოგინი მაინც არის, რომ დაწვე".

რუსლან ბერიძე აფხაზეთიდან დევნილია. სანამ თავშესაფარში მოიყვანდნენ, ღამეს მიტოვებულ მანქანაში ათევდა – "20 წელია დევნილი ვარ. არცერთმა მთავრობამ ჩემი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ბოლოს 17 სექტემბერს ვიყავი სამინისტროში, შემპირდნენ რომ ჯიქიას ქუჩაზე ერთოთახიან ბინას მიიღებთო. მაგრამ ჯერ არაფერია. სანამ ძმაკაცები მყავდა ცოცხალი, მათთან ვცხოვრობდი. ორი მეგობარი დამეღუპა, მესამესთან კი ვეღარ ვიცხოვრებდი, ცოლშვილი ყავს და მე იქ ზედმეტი ვიყავი. ბოლოს ორთაჭალაში, მანქანაში მეძინა, რომელსაც ფანჯრებიც არ ჰქონდა. 13 წელია პრაქტიკულად გარეთ ვარ".

მიუსაფართა დროებითი თავშესაფარი მოსკოვის გამზირის დასაწყისში 11 დეკემბერს გაიხსნა. თავდაპირველად 5 სამხედრო კარავი გაიშალა, თუმცა გუშინ კიდევ ორი კარავი დაემატა. აქედან ერთი სასადილოსთვის არის განკუთვნილი. აქვეა სამედიცინო დახმარების პუნქტიც. თავშესაფართან მუდმივად დგას სასწრაფო დახმარების მანქანაც. აქ მოსვლა მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, ვისაც ღამის გასათევი არ აქვს და, რთული ზამთრის პირობებში, გაყინვის საფრთხის წინაშე დგას. თავშესაფარი მხოლოდ ზამთრის პერიოდში იმუშავებს. უსახლკაროები ძირითადად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოყავთ, ასევე შექმნილია ცხელი ხაზი 2 510 774, რომელზეც მოქალაქეებს შეუძლიათ დატოვონ ინფორმაცია მიუსაფარი ადამიანების ადგილსამყოფელის შესახებ.

თავშესაფრის მოწყობაში აქტიურად არიან ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, მთავრობის კანცელარია. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი (112).

ნათია ლეშკაშელი, AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: კარვებში მოთავსებულ უსახლკაროებს დილა-საღამოს ცხელი საკვები ექნებათ

პატრულმა რამდენიმე უსახლკარო თავშესაფარში გადაიყვანა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია