გზებზე გარკვეული ტიპის შეზღუდვები ისევ რჩება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში უხვი ნალექიდან გამომდინარე, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
"გამომდინარე იქიდან, რომ როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ერთნაირად უხვი ნალექი იყო, ორივე მიმართულებით მიდიოდა საგზაო სამუშაოები, მონიტორინგს ვაწარმოებდით უშუალოდ მე, ჩემი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მთელი ხელმძღვანელობა მთელი ღამის განმავლობაში, იმისათვის, რომ რაიმე შეფერხებები არ ყოფილიყო. ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულა. დღეის მდგომარეობით სურათი არის ასეთი, ყველა მაგისტრალი არის გახსნილი, მათ შორის რიკოთის ურელტეხილზე, ქობულეთი თბილისის მონაკვეთზე თავისუფალია ავტოტრანსპორტის გადაადგილება ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის და არსებული შეზღუდვები დროებით მოხსნილია. რაც შეეხება სხვა კატეგორიის გზებს შეფერხებით ხდება, გადაადგილება და შეზღუდულია ნახევარმისაბმელიანი და მისაბმელია, ასევე 30 ადგილზე მეტი ტევადობის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, ეს არის კობი-გუდაურის მონაკვეთი, სტეფანწმინდა ლარსი, ეს არის გომბორის უღელტეხილზე და სხვა გარკვეული მონაკვეთები", - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე ინფორმაციით, დღეს და ხვალ შედარებით ნაკლები ნალექი იქნება და შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება.
"ხვალ საღამოდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, აქედან გამომდინარე მინდა მივმართო მძღოლებს, რომ პირველ რიგში თუ ძალიან გადაუდებელი, აუცილებელი არ არის, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, ან დაემორჩილონ საგზაო და საპატრულო სამსახურის წარმომადგენლებს. იმისათვის, რომ გადადგილების დროს რაიმე სახის შეფერხებები არ შეიქმნას. აუცილებელია შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში დაემორჩილონ დაწესებულ ნორმებს, რომ იმოძრაონ ზამთრის საბურავებით, ან მოცურების საწინააღმდეგო ჭაჯვებით, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაძლოა გზებზე წარმოიშვას საცობები", - აღნიშნა მინისტრმა.
ნარმანიას განცხადებით, გზებზე მონიტორინგი კვლავ გრძელდება.
რაც შეეხება ზემო აჭარას, მინისტრის ინფორმაციით, ზემო აჭარასთან დაკავშირებით რა პრობლემებიც იყო, დღის წესრიგიდან მოიხსნა.
"ენერგეტიკისა სამინისტროს გვერდით ვუდგავართ, რომ ზემო აჭარაში შესაბამისი დანადგარები იქნას მიტანილი და აქაც იწმინდება გზები, რათა დაზიანებული ბოძები დროულად აღდგეს. ვეხმარებით იმ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომელთაც არ აქვს ტექნიკის სრული მარაგი", - განაცხადა ნარმანიამ.