თბილისელი ტაქსისტი, რომელიც მგზავრებს სიყვარულს 22 ენაზე უხსნის

თბილისელი ტაქსისტი, რომელიც მგზავრებს სიყვარულს 22 ენაზე უხსნის

"ქვეყანა რომ აირია, დაცვის პოლიციაში ვმუშაობდი, პარალელურად - "ვტაქსაობდი", რადგან ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა. მერე ის სამსახურიც გააუქმეს და დავრჩი უმუშევარი", - მეუბნება ტაქსის მძღოლი აჩიკო ჯანელიძე, რომელიც რუსთავში ცხოვრობს, მაგრამ როგორც ბევრი მისი თანამოქალაქე, სამუშაოდ თბილისში ჩამოდის. ბატონი აჩიკო 63 წლის გახლავთ. მსგავსი აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი იშვიათად შემხვედრია.

- ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელიდან გახლავართ. ლამაზია იქაურობა, მთაგორიანი და დიდი სოფელია. ყველაზე მეტი ყურძენი ჩვენთან მოდის. საუცხოო დედა (ქეთევან ქართველიშვილი) მყავდა. თავის დროზე ის ფილმში - "რაჭა, ჩემი სიყვარული" გადაიღეს. ტექნიკუმში პედაგოგად მუშაობდა, სოფლის ბუღალტერიც იყო, მოლარეც და კლუბის გამგეც... 87 წლისამ ფეხი მოიტეხა და აღარ შეუხორცდა. 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აღარ არის. ცოცხალი რომ იყო, რაჭაში ხშირად ჩავდიოდი. ჩემი მანქანის სიგნალს შორიდან ცნობდა და გახარებული მეგებებოდა... სკოლა 1968 წელს დავამთავრე. იმავე წელს ჯარში წამიყვანეს, კოდაში ვმსახურობდი. ფიზიკურად სუსტი გახლდით და მამამ შორს არ გამიშვა. ჯარიდან რომ ჩამოვედი, წელიწად-ნახევარი რაჭაში ვიყავი, მერე დეიდაშვილმა მითხრა, - წამოდი რუსთავში, ქარხანაში დაგაწყებინებ მუშაობას, ბინასაც მიიღებ და ისწავლი კიდეცო. ავიკარი გუდა-ნაბადი და წამოვედი. მალე ჩემი მომავალი მეუღლეც გავიცანი. მას უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, საქონელმცოდნეა. წარმოშობით ქიზიყიდან არის, მაგრამ რუსთავშია დაბადებულ-გაზრდილი. მოკლედ, დავოჯახდი. უფროსი ვაჟი 37 წლისაა, შუათანა - 34-ის, უმცროსი კი 22-ის და 4 შვილიშვილის ბაბუა გახლავართ. დღეს ოჯახს ტაქსისტობით ვინახავ. ვიდრე შევძლებ, ვიმუშავებ. რა ვქნა, გაჩერება არ შემიძლია.

- ტაქსიში რომ ჩაჯდები, ზოგიერთი მძღოლი ხმას არ იღებს, ზოგი კი პირიქით - არ ჩერდება: ლაპარაკობს პოლიტიკაზე, საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე.

- მე შემიძლია, ადამიანი 2 წუთში შევაფასო და მასთან კომუნიკაცია დავამყარო. თუ შევატყობ, რომ საუბარში არ მომყვება და ასე ვთქვათ, სიტყვებს უფრთხილდება, ვჩერდები; თუ დიალოგში ჩაერთო, შემიძლია, ნებისმიერ თემაზე ველაპარაკო... რადიო სულ ჩართული მაქვს, პრესას აქტიურად ვეცნობი. მაინტერესებს, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები, როგორ წარიმართება ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრება...

- ბოლო ერთ წელიწადში ჩვენს ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები მოხდა. რას იტყვით ამაზე?

- მხოლოდ ერთს ვიტყვი: მეზობელთანაც კარგად უნდა ვიყოთ და გადამთიელთანაც...

- იმ მეზობელმა, რომელიც თქვენ იგულისხმეთ, ჩვენი მიწების საუკეთესო ნაწილები მიითვისა.

- კი, მაგრამ შორეულ კარგ ნათესავს მეზობელი გერჩივნოსო, - ხომ გაგიგონიათ? ურთიერთობა რაღაცნაირად თუ არ დავათბეთ, საერთო ენა თუ არ გამოვნახეთ, ვერაფერს გავხდებით, გადაგვივლიან. ნიჭიერი პოლიტიკოსები არიან საჭირო, რომ ამ საკითხს მიხედონ...

- ოდესმე ამა თუ მიტინგზე თუ ყოფილხართ?

- ზვიად გამსახურდიას დროს, მიტინგზე ერთხელ მეც მივედი, თან - ბავშვი მეჯდა კისერზე... მერე, "მხედრიონის" პერიოდში პურის რიგში შეწუხებული ვიდექი, როცა ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა: თავისუფლება რომ გინდოდა და ზვიადს გვერდით ედექი, აბა, რა გეგონაო? - როდის ვიდექი ზვიადის გვერდით-მეთქი? - ვკითხე. - როგორ არა, დიდ პლაკატზე შენი ფოტო იყო გამოსახული და იქიდან მახსოვხარო. თურმე, იმ მიტინგზე, რომელიც წეღან ვახსენე, ჩემთვის ვიღაც ფოტოგრაფს სურათი გადაუღია... შევარდნაძე რომ გავისტუმრეთ, ჩემი პატარა ბიჭი ისევ მხრებზე მეჯდა და კანცელარიის გარშემო ღობე საკუთარი ხელით მოვარყიე. მაშინ მეგონა, უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოდით... "ნაციონალებმა" ბევრი კარგი რამ გააკეთეს, მაგრამ მათი ნამოქმედარიდან უმეტესობა ცუდია - ნახევარი საქართველო ციხეში გაუშვეს! სააკაშვილის ხელისუფლებას 9 წელი დავაცადეთ. მოდი, ამათ 1 წელი მაინც ვადროვოთ და ცოტა ხანში გამოჩნდება, რისი გამკეთებლები არიან.

- ბატონო აჩიკო, რა განათლება გაქვთ?

- კამოს, ახლანდელი უზნაძის ქუჩაზე მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი იყო და იქ ვსწავლობდი. პარალელურად, რუსთავში, ქიმიურ ქარხანაში ვმუშაობდი... ისე, მიგიხვდით, ეს რატომაც მკითხეთ, - ზოგი ტაქსისტი ტრაბახობს, რომ ორი დიპლომი აქვს. არადა, მთავარი არა დიპლომი, არამედ ადამიანობაა. ზოგს სულაც არ აქვს დიპლომი, მაგრამ ისეთი განათლებულია, ორდიპლომიანს გადაწონის...

- თქვენ რითი ტრაბახობთ?

- მე ჩემი სერვისით ვტრაბახობ. ჩემგან წასული კლიენტი კმაყოფილი უნდა დარჩეს. რისი საშუალებაც აქვს, იმ ფასში მიმყავს, თან - გზაში ვამხიარულებ, საინტერესო ამბებს ვუყვები, რაღაცებსაც ვასწავლი. ზოგიერთს თუ კარგი სურნელი ასდის, ვცდილობ, მისი სუნამოს სახელწოდება გამოვიცნო: ხან ვცდები, ხან - "ვარტყამ".

- სუნამოს ყველა ცნობილი ბრენდის სახელწოდება იცით?

- აი, თითქმის ყველა ვიცი (ბატონმა აჩიკომ რამდენიმე ბრენდი დამისახელა კიდეც. - ავტ.). პატარა გოგონებს უხარიათ, მათთვის საინტერესო თემაზეც რომ შემიძლია ლაპარაკი. მთავარია, ადამიანმა სუნამო, რომელსაც მიიპკურებს, მოირგოს და გაითავისოს... ხანდახან სტუდენტები, ახალგაზრდები ინგლისურად რომ ლაპარაკობენ, მათ საუბარში მეც ვერთვები ხოლმე. უკვირთ, - ამ ხნის კაცმა ინგლისური საიდან იცითო? ვეუბნები, - თქვენსავით, მეც ახლა ვსწავლობ ინგლისურს და მინდა, თქვენთან ჩემი ცოდნა შევამოწმო, რომ მერე უცხოელებთან არ შევრცხვე-მეთქი.

- სულ რამდენ ენას ფლობთ?

- ქართულის გარდა, ვიცი მეგრული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური, ინგლისური... ამ ენებიდან ყველაზე მეტად, ინგლისური მადგება. ბევრ უცხოელს დაუკრავს ჩემთვის მხარზე ხელი და უთქვამს: "ვერი გუდ ტაქსი დრაივა". უხარიათ, ინგლისურად რომ ვლაპარაკობ. ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ფერადკანიანებსა და ირანელებს ჩვენი ქალები არ მოსწონთ. ამბობენ, - ჩვენები უკეთესები არიანო... სამაგიეროდ, ცოტა ხნის წინ ესპანელი ჩავისვი მანქანაში. ინგლისური იციო? - მკითხა. - "ნოუ პრობლემ"-მეთქი. ზიგზაგის ქუჩაზე მიდიოდა. შამპანური და კონიაკი მიჩვენა, - აბა, შეხედე, კარგიაო? გაუხარდა, შენაძენი რომ მოვუწონე. გზაში მითხრა, - საქართველო მომწონს და აქაური ქალბატონებიცო. დანიშნულების ადგილას რომ მივიყვანე, 10 ლარი მომაწოდა. ხურდას ვუბრუნებდი და არ მინდაო, - თავი გაიგიჟა. მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე.

- ამ რაჭველმა კაცმა აზერბაიჯანული და სომხური როგორ ან სად ისწავლეთ?

- რუსთავის იმ უბანში, სადაც ვცხოვრობ, აზერბაიჯანელებიც არიან და სომხებიც. მეუღლეს ბაზარში ჩემთან ერთად სიარული უხარია, რადგან აზერბაიჯანელ გამყიდველებს მათსავე ენაზე ველაპარაკები და ფასს ვაკლებინებ. მოსწონთ, ქართველი მათ ენაზე რომ ვლაპარაკობ. თუ მანქანაში სომეხი ან აზერბაიჯანელი კლიენტი ჩამიჯდება, ჩემთან ურთიერთობით ისინიც კმაყოფილები რჩებიან... სხვათა შორის, ძალიან ბევრ ენაზე ვიცი ფრაზა: "მე შენ მიყვარხარ"...

- მაინც, რამდენ ენაზე იცით ეს ფრაზა?

- ჩამოგითვლით: მეგრული, ოსური, აფხაზური, სვანური, რუსული, უკრაინული, პოლონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური, ფინური, ნორვეგიული, არაბული, თურქული, ბერძნული, ებრაული, აზერბაიჯანული, სომხური, იაპონური, ჩინური, ინდური (ბატონმა აჩიკომ თითოეულ ენაზე თქვა კიდეც ეს ფრაზა. - ავტ.). ამას ჩემი მგზავრები რომ იგებენ, გიჟდებიან.

- კარგი მეხსიერება გქონიათ.

- არ ვუჩივი. ზეპირად ვიცი ყველა ახლობლის, მეგობრის, ნათესავის ტე­ლეფონის ნომრებიც... იცი, ერთხელ "სასწრაფო დახმარების" ექიმს მშობიარის მიღებაში დავეხმარე.

- ეს როგორ?

- რაღაც პერიოდი რუსთავში "სასწრაფოს" მძღოლიც გახლდით. ბრიგადაში ერთი თბილისელი გინეკოლოგი ბიჭი იყო, რომლის მორიგეობისას რეზუსუარყოფითიანი ფეხმძიმე ქალის ოჯახიდან გამოგვიძახეს. ვინაიდან რუსთავში რეზუსუარყოფითიანების სამშობიარო არ გახლდათ, ორთაჭალაში წამოვიყვანეთ. გზაში მშობიარობა დაეწყო და სოღანლუღის "ტეკთან" გავჩერდით. მშობიარეს ქმარი და დედამთილი ახლდნენ. ჩვენი სანიტარი 80 წლის ქალი იყო, ჩანთას ძლივს დაათრევდა და ექიმს როგორღა მიეხმარებოდა?! გინეკოლოგმა მითხრა, - აჩიკო, ახლა ჩემი თანაშემწე უნდა გახდე, ხელები კარგად დაიბანე და მომეხმარეო. ხელები დავიბანე, თვალები დავხუჭე და რასაც მეუბნებოდა, ყველაფერს ვაკეთებდი. კიდევ კარგი, მალე იმშობიარა. გოგონა გაჩნდა...

ერთხელაც მანქანაში კარგად "ჩაშმოტკილი" გოგონები ჩამისხდნენ, დიდ ჩანთაში ფულით სავსე "პორტმანი" ედოთ. სახლთან მისულებმა გადამიხადეს და მანქანიდან გადავიდნენ. მანქანა მოვაბრუნე და უკანა სალონს თვალი მოვავლე (ასე ვიცი ხოლმე, მგზავრს რამე ხომ არ დარჩა-მეთქი?) და რას ვხედავ, ფულით გატენილი საფულე არ გდია? გავაჩერე მანქანა, საფულეს ხელი დავტაცე და იმ გოგონებს გავეკიდე. დავეწიე და ვკითხე: აბა, რა დაკარგეთ-მეთქი? - არაფერიო. - კარგად დაათვალიერეთ-მეთქი. უცებ, ერთ-ერთმა წამოიძახა: - ვაიმე, საფულეო! კიდევ კარგი, დროზე დავინახე, თორემ სხვა მგზავრი რომ დამჯდარიყო, თქვენს საფულეს აიღებდა-მეთქი. ერთი არ უფიქრიათ, ნამუსიანი კაცი ჩანს და მოდი, რაღაც ვაჩუქოთო ან რად მინდოდა მათი ფული? არც გამოვართმევდი, მაგრამ ხომ უნდა ეთქვათ?..

ასეთი ამბავიც შემემთხვა: პეკინის ქუჩაზე პროვინციიდან ჩამოსული დედა-შვილი ჩავისვი. შვილი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულიყო და დედას მაღაზიაში ტანსაცმლის საყიდლად მიჰყავდა. რომ ჩავიდნენ, ტრადიციისამებრ, სალონს თვალი გადავავლე და რას ვხედავ: ქალს საფულე მანქანაში დარჩენია. მათაც დავეწიე და მაღაზიაში თავზე იმ დროს დავადექი, კაბას რომ არჩევდნენ. - ქალბატონო, მე იმ ტაქსის მძღოლი ვარ, ვის მანქანაშიც საფულე დაგრჩათ, აი, აგერ არის-მეთქი. დედა-შვილი შოკში ჩაცვივდნენ. ქალმა ხელები დამიკოცნა, საფულე გახსნა და რაღაც თანხას იღებდა, უნდა დაგასაჩუქროო. - არა, შენი ჭირიმე, რას ამბობ, ფული ძლივს მოგიგროვებია, ბავშვისთვის ტანსაცმელს ყიდულობ და როგორ გამოგართმევ-მეთქი?!.

- დაბოლოს, მინდა გკითხოთ: რადგანაც მგზავრებზე გარკვეულ ფსიქოლოგიურ დაკვირვებას ახდენთ, რას გვეტყვით, - როგორები არიან ჩვენი მოქალაქეები?

- როდესაც ჩვენს ხალხზე უცხოელებთან ვლაპარაკობ, მეუბნებიან, - ქართველები კარგები არიან ("პიპალ ვერი გუდ"), ქუჩაში სულ იცინიანო... ჩემი დაკვირვებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, უმძიმეს მდგომარეობაშია, ნევროზი სჭირთ. მანქანიდან ხშირად დამინახავს, ქუჩაში მიმავალი კაცი თუ ქალი თავისთვის რომ ლაპარაკობს. ესეც მძიმე მატერიალურმა მდგომარეობამ მოიტანა. იმედი მაქვს, ყველაფერი დროებითია, ცხოვრება გამოკეთდება და ხალხი დაწყნარდება.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია