რესპირატორულ-ვირუსული ინფექციები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებებია, რომელთა რიცხვი ტრადიციულად ზამთრის დადგომასთან ერთად მატულობს, მაგრამ ხშირად გრიპით დასნებოვნების შემთხვევების მატება ზამთრის ბოლოსაც აღინიშნება.
სპეციალისტების აზრით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევების მატება სეზონურია და ამაში საგანგაშო არაფერია.
თამარ ჩეჩელაშვილი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი:
- გასული წლის ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით რესპირატორული დაავადებების შემთხვევებმა წელს ორჯერ იმატა. ბავშვები ზემო სასუნთქი გზების პრობლემებით მოდიან. სათანადო გასინჯვისა და ანალიზების შემდეგ ბევრ მათგანს საჭირო დანიშნულებით შინ უშვებენ, ზოგიერთს კი ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. ჩვენი კლინიკა ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადგილები არ გვაქვს.
- ზოგიერთ პაციენტთან რესპირატორული დაავადება პნევმონიით მიმდინარეობს.
- ეს იმ შემთხვევაში, თუ დაავადება გართულებულ ფორმას იღებს და ექიმის დროული ჩარევა არ ხდება. ამიტომ პირველივე სიმპტომების გამოვლენისას მშობლებმა დროულად უნდა მიმართონ ექიმს.
ირინა მიმინოშვილი, პედიატრი:
- ბოლო სამი კვირის განმავლობაში ვირუსული ინფექციით დაავადებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში აღინიშნება სეზონური ვირუსული ინფექცია. ყოველ წელს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გეოგრაფიულ სარტყელში, ამ პერიოდში რესპირატორული დაავადების შემთხვევები იზრდება, რაც განპირობებულია, ერთი მხრივ, ვირუსების მდგრადობით დაბალ ტემპერატურასთან მიმართებით, მეორე მხრივ კი, დახურულ სივრცეში, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში მისი ადვილად გავრცელებით. თუ შენარჩუნდა ჰაერის დაბალი ტემპერატურა, შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ძირითადი სიმპტომატიკაა მაღალი ტემპერატურა, სურდოს ნიშნები, ხველა, სახსრების ტკივილი, არის ღებინების შემთხვევები და შესაძლოა პნევმონიითაც გართულდეს. ამიტომ აუცილებელია დროული და სათანადო მკურნალობა.
- რა პრევენციული ზომების გათვალისწინებას გვთავაზობთ?
- დაიცავით ჰიგიენის ელემენტარული ნორმები და თავი აარიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ქუჩიდან შინ მისვლისას გულდასმით დაიბანეთ ხელები და სახე. არ გაცივდეთ, როგორც კი რესპირატორული დაავადების დამახასიათებელი სიმპტომები შეგაწუხებთ, მოერიდეთ შინიდან გასვლას, გადაუდებელ შემთხვევაში კი პირბადე აიფარეთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ხანშიშესულ ადამიანებთან და ბავშვებთან ურთიერთობისას, რადგან გრიპით დაავადების რისკის ქვეშ, პირველ რიგში, ისინი იმყოფებიან. აუცილებელია დაავადებული ადამიანის იზოლაცია და მისი სათანადო მკურნალობა. ხშირად ადამიანები თვითნებურად იღებენ წამლებსა და სხვადასხვა სახის ვიტამინს, მაგრამ ექიმის დანიშნულების გარეშე ნურც ვიტამინებით დავტვირთავთ პაციენტს და ნურც მედიკამენტებით. პრევენციული ღონისძიებების ერთი მესამედი ჩვენზეა დამოკიდებული.
- მაგრამ თუ დაავადება მაინც შეგვხვდა?
- რაც უფრო მეტი კონტაქტია ადამიანებს შორის, მით უფრო იზრდება ვირუსული ინფექციების გავრცელების საშიშროება. დღეს ბევრს ლაპარაკობენ ვიტამინების მიღებასა და სხვადასხვა პრევენციულ ზომაზე, მაგრამ თუ გრიპი შეგხვდათ, საშიში არაფერია. მთავარია, ექიმთან დროული კონსულტაცია, რადგან თვითმკურნალობა ყველა დაავადების შემთხვევაში დაუშვებელია, მხოლოდ კვალიფიციურ ექიმს შეუძლია სწორად შეაფასოს ყველა სიმპტომი, განსაზღვროს პაციენტის მდგომარეობა და დანიშნოს შესაფერისი მკურნალობა. შემდეგ კი მთავარია ყურადღება, რათა არაფერი გამოგვეპაროს, მათ შორის ფილტვების ანთება.
ასეთ დროს არ გახვიდეთ შინიდან, იყავით მშვიდ გარემოში, მიიღეთ მეტი სითხე, სასურველია ცხელი ლიმონიანი ჩაი. ხშირად აკონტროლეთ ტემპერატურა, მაგრამ ნებისმიერი სიცხის დამწევი პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად რჩევა ჰკითხეთ სპეციალისტს. თვითმკურნალობას ნუ მიმართავთ. თავად გრიპი არ არის მძიმე დაავადება და საშიში სიცოცხლისათვის, მაგრამ გრიპის შემდგომმა გართულებებმა, შესაძლოა, საფრთხე მართლაც შეგიქმნათ.
ლიკა კერატიშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)