ჭვარტლიანი ლამპა, "გრელკა" და 90-იანების სიმბოლოები - კრეატიული აქცია უშუქობის წინააღმდეგ (ფოტორეპორტაჟი)

ჭვარტლიანი ლამპა, "გრელკა" და 90-იანების სიმბოლოები - კრეატიული აქცია უშუქობის წინააღმდეგ (ფოტორეპორტაჟი)

"90-იანი, თუ 2013 წელი?" - ამ ლოზუნგით ბათუმელმა ახალგაზრდებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რეგიონში შექმნილი უშუქობის პრობლემა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიის მიმდებარედ, ვარდების სკვერში ლამპა, ყავის საფქვავი მანქანა, ძველი რადიო მიმღებები, ნაკვერჩხლის უთო, ხელის საანგარიშო და სათბურა მიიტანეს.

აქციის მონაწილეები ბათუმის მერიას უუნარობაში, ხოლო ადგილობრივ მთავრობას 90-იან წლებში დაბრუნებაში ადანაშაულებენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესის" ხელმძღვანელმა ნინო გაბუნიამ აღნიშნა, ბათუმში ელექტროენერგიაზე გაურკვეველი გრაფიკია დაწესებული და კითხვაზე - თუ როდის აღდგება სრულად ელექტროენერგია, პასუხი არავის აქვს.

"ვაპროტესტებთ იმ მდგომარეობას, რომელიც ბათუმში ბოლო ერთი კვირაა მძვინვარებს. ვერ მოგვარდა უშუქობის პრობლემა და პასუხიც არ გვაქვს, როდის მოგვარდება. შუქი ბათუმში მცხოვრებლებს უცნაური გრაფიკით გვაქვს, არ ვიცით როდის ჩაირთვება და როდის გაითიშება. სამწუხაროდ, გაგვახსენდა ის ავბედითი 90-იანი წლები, როდესაც დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. მთავრობისთვის შემაშინებელი არ უნდა იყოს თოვლის მოსვლა. ზამთრის გამო მოსახლეობა არ უნდა ვიხდიდეთ სასჯელს, მოწყვეტილი ვართ ცივილიზაციას და გათბობის წყაროს", - აღნიშნა ნინო გაბუნიამ.

აქციის მონაწილეები პროტესტის აღნიშნულ ფორმას პერფორმანსს უწოდებენ და განმარტავენ, რომ 21-ე საუკუნეში გრაფიკით შუქს არავინ უნდა ელოდებოდეს.

"90-იანი წლების ნივთების გამოფენა არის პერფორმანსი. ბათუმელ ახალგაზრდებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ ჩვენ არ გვინდა 90-იან წლებში დაბრუნება. 21-ე საუკუნეში გრაფიკით შუქს არ უნდა ველოდებოდეთ", - აღნიშნა ნინო ჩხეიძემ.

ბათუმს ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დენი გრაფიკით მიეწოდება.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა