ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობის 50 %-ს, ხოლო ქობულეთს სრულად ბუნებრივი აირით მომარაგება აღუდგა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარადან" აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, ბათუმის, ხელვაჩაურის მოსახლეობას და კომერციულ ობიექტებს გაზი სრულად დღეს, 16:00 საათიდან მიეწოდებათ.
"სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში" განმარტავენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მოსახლეობის მხრიდან ბუნებრივი აირის მოხმარების გაზრდამ წნევის ვარდნა გამოიწვია და გაზიც ამიტომ გაითიშა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ცენტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.
აჭარის კომერციულ ობიექტებს ბუნებრივი აირი გუშინ, 18:00 საათიდან გაეთიშა, ხოლო მოსახლეობას - ღამის საათებში.