თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ალექსანდრე ნინუას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ნინუას პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყება დაკავების მომენტიდან, კერძოდ 12 დეკემბრიდან.
"პრაქტიკულად დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების მოთხოვნას და არ დაუტოვა სასამართლოს შესაძლებლობა, ემსჯელა აღმკვეთი ღონისძიების სახით უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების საკითხზე. აქედან გამომდინარე, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნება პატიმრობა", - განაცხადა მოსამართლემ.
წინასასამართლო სხდომა 15 იანვარს 14.00 საათზე დაიწყება. ნინუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრლად.
დაცვის მხარეს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 48-საათიანი ვადა აქვს, თუმცა დაცვის მხარე მის გასაჩივრებას არ აპირებს.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაკავების პროვოცირება თავად ნინუამ მოახდინა.
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი წაყენებულ ბრალს აღიარებს და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მიზეზს განმარტავს.
როგორც ჟურნალისტებს ნინუას ადვოკატმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ნინუა ბრალს ეთანხმება. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავად მივიდა პატრულთან, განზრახ გადმოაგდო ქამრიდან იარაღი, რომელიც, ბუნებრივია, პატრულმა დაინახა და შესაბამისად მოახდინა რეაგირება", - განმარტა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ალექსანდრე ნინუამ პროცესზე აღნიშნა ისიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯერ მისი დაკითხვა მიმდინარეობდა, აიძულებდნენ, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, შემდეგ კი უკვე შესაბამის უწყებაში შესყიდვების დეპარტამენტის რიგითი თანამშრომლების დაბარება ხდებოდა, რომლებზეც უკვე ზეწოლა თავად მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით ხორციელდებოდა.
ალექსანდრე ნინუა დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ბოლო პერიოდში კი საქართველოში კეზერაშვილის ბიზნესს კურირებდა. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ნინუა გიგა ბოკერიას ნათესავია.