მურმან დუმბაძე - ტენდერი, რომლითაც ავთანდილ ბერიძე ახალი მოდელის "ტოიოტა პრადოს" შესყიდვას აპირებდა, გაუქმებულია

მურმან დუმბაძე - ტენდერი, რომლითაც ავთანდილ ბერიძე ახალი მოდელის "ტოიოტა პრადოს" შესყიდვას აპირებდა, გაუქმებულია

ტენდერი, რომლითაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ახალი მოდელის "ტოიოტა პრადოს" შესყიდვას აპირებდა, გაუქმებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუს" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მურმან დუმბაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ტენდერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება თავად ავთანდილ ბერიძემ მიიღო.

"ავთანდილ ბერიძემ გაითვალისწინა საზოგადოებრივი აზრი და მანქანა ტენდერიდან მოხსნილია, ტენდერი აღარ გაიმართება. აღნიშნულის გამო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მცირე ფინანსური ზარალი ექნება - ანუ გარკვეული საჯარიმო სანქცია დაეკისრება, მაგრამ ამას პირადი სახსრებით დაფარავს", - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ამასთან, ვიცე-სპიკერის თქმით, ავთანდილ ბერიძეს ავტომანქანის გამოცვლა უსაფრთხოების სამსახურმა ურჩია.

"ავთანდილ ბერიძემ დამირეკა და მითხრა, რომ უსაფრთხოების სამსახური ავტომანქანის გამოცვლის რჩევას აძლევს და ამასთან დაკავშირებით აზრი მკითხა. მე ვუთხარი, რომ უსაფრთხოების სამსახურის რჩევას უნდა დამორჩილებოდა. მან სწორედ ამის შემდეგ მიიღო აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება", - დასძინა დუმბაძემ .

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

"საგანგებოდ გვინდა გამოვეხმაუროთ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს და გავიზიაროთ საზოგადოების გულისწყრომა. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი, იქნება ის არჩეული თუ დანიშნული რაიმე თანამდებობაზე, უზრუნველყოფილ იქნას ნებისმიერი საშუალებით, რომელიც უფლებამოსილებისა და მოვალეობის ეფექტური შესრულებისთვის არის საჭირო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა ხდებოდეს გონივრულ ფარგლებში და იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელიც არის ამავე დროს "ქართული ოცნების" წევრი, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას. ის თვითონვე უნდა ხვდებოდეს ამას, თავს იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი საზოგადოების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის", - აცხადებს კალაძე.

მისივე განმარტებით, ავთო ბერიძის საკითხს უახლოეს სხდომაზე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეს, რომელსაც ამ დრომდე "ტოიოტა პრადო" და "ტოიოტა კამრი" ემსახურებოდა, მომავალი წლიდან, 2012 წლის "ტოიოტა პრადოს" ნაცვლად, ამავე მარკის 2014 წლის მოდელი მოემსახურება.

სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისთვის ჩატარებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნული ავტომანქანა 83.000 ლარი ღირს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა