საქართველო - ქვეყანა დეპორტაციის გარეშე

საქართველო - ქვეყანა დეპორტაციის გარეშე

პარლამენტი ქვეყანაში უცხოელების შემოსვლის გამკაცრებას გეგმავს. მიზეზი საგანგაშო სტატისტიკაა, რომლის თანახმადაც საქართველოში არალეგალი მიგრანტების განსაკუთრებით დიდი ციფრი ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განმარტებით, ბოლო ორი წლის მანძილზე მხოლოდ ერთი ქვეყნიდან საქართველოში 8000-მდე არალეგალი შემოვიდა. მისივე ინფორმაციით, წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც კი არ არის გამოვლენილი და ერთი მიგრანტიც კი არ არის ქვეყნიდან გაძევებული.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ქვეყნიდან შემოსულთა და გასულთა ციფრები ერთმანეთს შევადარეთ და აღმოჩნდა, რომ 7 974 ადამიანია ასეთი. პოტენციურად დღეს საქართველოში მხოლოდ ერთი ქვეყნიდან დაახლოებით 8 ათასი არალეგალია შემოსული.

"ნომერ პირველი პრობლემა არის ის, რომ მიგრაციის პოლიტიკა ზომაზე მეტად ლიბერალურია. კერძოდ, დღეს უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვს 118 ქვეყნის მოქალაქეს. ამავდროულად კი, აქ ყოფნის ვადა 360 დღეა. ასეთ სტანდარტს არც ერთი ქვეყანა არ იცნობს", - აღნიშნავს ლევან იზორია.

პარლამენტი უკვე იხილავს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონპროექტს, რომლის თანახმადაც უცხოელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის და ყოფნის წესები მკაცრდება.

ცვლილებების თანახმად, ახლებურად რეგულირდება მიგრაციის სფერო და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის ვადები. იცვლება საქართველოს მიერ გაცემული ვიზების კატეგორიები და ასევე დგინდება ის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია ვიზების გაცემაზე.

ლევან იზორიას ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებებით მკაცრდება კონტროლი საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კანონით მათი ქვეყნიდან გაძევების მექანიზმი შემოდის. გაძევების უფლებამოსილება კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.

ქვეყანაში მიგრაციული პროცესების რეგულირება და მართვა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ კუთხით სერიოზული სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კოტე სურგულაძემ უკვე გააფორმა ხელშეკრულება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელმაც ქვეყანაში მიგრაციული პროცესების მართვას უნდა შეუწყოს ხელი.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ მთავრობა მიგრაციის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობის დაწყებას აგვიანებს.

"პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგნად უნდა გამოიკვეთოს, რომ დღემდე ქვეყანაში საემიგრაციო სამსახური საკანონმდებლო დონეზე არ ჩამოყალიბებულა, დღემდე არა გვაქვს შემუშავებული მიგრაციული კვოტები და ყველა ის დაპირება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ გასცა, ხელისუფლებაში ყოფნის წლისთავზე პრაქტიკულად შეუსრულებელი რჩება", - უთხრა ლორთქიფანიძემ "მთელ კვირას".

მისივე განმარტებით, საგანგაშო სტატისტიკის გამო იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას, ვისაც საზღვრების გაკონტროლება ევალება.

"არალეგალების ასეთი დიდი ციფრი ნიშნავს, რომ ქვეყანა წლების განმავლობაში დაემსგავსა ღობე-ყორე მონგრეულ სახლს, სადაც, ბოდიში და, ღორები გადარბიან და გადმობრიან. მე ამ შემთხვევაში ღორებად მოვიხსენიებ იმ ჩინოვნიკებს, რომელთაც სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მკაცრი კონტროლის დაწესება ევალებათ.

"შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აკეთებს განცხადებას, რომ მხოლოდ ერთი სახელმწიფოდან 8000 არალეგალი მიგრანტია შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცით, რომ მინიმუმ 7-8 სახელმწიფოდან შემოდიან ემიგრანტები. ამ ფონზე ადვილი წარმოსადგენია, ტოტალურად არალეგალების რა რაოდენობა იქნება თავმოყრილი საქართველოში.

"ამაზე პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, უნდა ეკისრებოდეს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებსა და იმ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომელთა უშუალო ხელშეწყობითაც ხდებოდა ეს უკანონო მიგრაცია", - განმარტავს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ხელი აქვს მოწერილი რეადმისიის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით მესამე სახელმწიფოებში მოხვედრილ პირთა დეპორტაციის ხარჯები საქართველომ უნდა გაიღოს. ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი სახელმწიფოს წინაღმდეგ, რომელზე პასუხისმგებელი პირებიც აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს.

"ათასობით არალეგალი მიგრანტის საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრა ერთი ტრაგედიაა ჩვენთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის და მეორე გახლავთ ის, რომ აქედან გასული ადამიანების უკან დაბრუნების ხარჯები ეკისრება საქართველოს ბიუჯეტს. ანუ, ჩვენი გადასახადების ხარჯზე უნდა მოხდეს ამ ადამიანების უკან დაბრუნება. რა მოცულობის ხარჯებთანაა ყველაფერი ეს დაკავშირებული, ადვილი წარმოსადგენია იმ ფონზე, როცა მხოლოდ ერთი სახელმწიფოდან 8000 უკანონო ემიგრანტი გვყავს", - დასძენს უფლებადამცველი.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ქვეყანაში არალეგალი უცხოელების შემოდინების დიდი რიცხვის ფონზე, ქვეყნიდან გასული მოსახლეობის საგანგაშო სტატისტიკაზეც საუბრობს.

"გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობიდან და ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოდან მკვიდრი მოსახლეობის მასობრივი გადინება ხდება. სტატისტიკასაც გეტყვით – 2009-2010 წლებში ქვეყანა შემოუსვლელად დატოვა 160 ათასმა მკვიდრმა მოსახლემ. ეს არის კატასტროფული ციფრი, რომელიც სამწუხაროდ, ოფიციალურ მონაცემს შეადგენს.

"ჩვენ მაშინ საქართველოს პარლამენტში ეს ინფორმაცია მივიღეთ შსს-დან. მკვიდრი მოსახლეობის გადინების ბალანსის აღდგენას ძველი ხელისუფლება მიზანმიმართულად სწორედ იმ არალეგალებით გეგმავდა, რომელთაც ბინადრობის მოწმობასთან ერთად საბოლოო ჯამში ორმაგი მოქალაქეობა ენიჭებოდათ სააკაშვილის მიერ.

"2013 წლის მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბრის თვეში თურქეთის სახელმწიფოს 2700 მცხოვრებს მიენიჭა ორმაგი მოქალაქის სტატუსი. ეს მოხდა ისე, რომ დარღვეული იყო საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები, რადგან ამ პირებს სახელმწიფო ენის ცოდნასთან ერთად მოეთხოვებოდათ განსაზღვრულ ფარგლებში ქართული კანონების ცოდნა. ასევე მათ უნდა ჰქონოდათ გარკვეული ბიზნესები ქვეყანაში.

"ახალი ხელისუფლება მუშაობს ქვეყანაში უცხოელების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონზე", - კი, ბატონო, მაგრამ ასე მუშაობენ ძალიან ბევრ კანონზე, რომლებსაც უკვე თვეები გადის და ვერ ვიღებთ. მათ შორისაა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის შესახებ კანონმდებლობა", - განმარტავს ლორთქიფანიძე.

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა