კახა ბენდუქიძეს უნიკალური დენდროპარკის გაჩეხვის მცდელობაში ადანაშაულებენ

კახა ბენდუქიძეს უნიკალური დენდროპარკის გაჩეხვის მცდელობაში ადანაშაულებენ

დიღომში, აგრარული უნივერსიტეტის აგროპარკს გაჩეხვა ემუქრება. ეს ინფორმაცია "პარტიზანული მებაღეობის" იდეის ავტორმა, ნატა ფერაძემ გვაცნობა. როგორც ნატა ფერაძემ Ambebi.ge-ს განუცხადა, არსებული ინფორმაცია უტყუარია, თუმცა, ჯერჯერობით, მერიას დენდროპარკის გაჩეხვის ნებართვა არ გაუცია:

"წყაროს დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ ამ უნიკალური ჯიშის ხეებს გაჩეხვა ემუქრება. როგორც მითხრეს, კახა ბენდუქიძეს ამ ტერიტორიაზე მშენებლობის წამოწყება აქვს დაგეგმილი",- განაცხადა Ambebi.ge-სთან საუბრისას ნატა ფერაძემ.

არსებულ ინფორმაციას აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე არ ადასტურებს. მისი თქმით, დენდროპარკს გაჩეხვა კი არ ემუქრება, არამედ პირიქით, მიმდინარეობს მისი თვითმზარდი მავნე მცენარეებისგან გაწმედა:

"ნებსმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანდეთ და ნახოთ, რომ ამ უნიკალური ჯიშის ხეებს საფრთხე არ ემუქრება. რაიმე უკანონო ქმედებას რომ ჰქონოდა ადგილი, მერიის ზედამხედველობის სამსახური შესაბამის ზომებს მიმართავდა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს მერიაში და გადაამოწმოს, რომ მათ მიერ ხეების გაჩეხვის ნებართვა გაცემული არ არის და არც ჩვენ მიგვიმართავს მათთვის",- განაცხადა ლაშა გოცირიძემ.

"პარტიზანი მებაღეების" თავმჯდომარე, ნატა ფერაძე არც მერიას და არც აგრარული უნივერსიტეტს არ ენდობა. ფერაძე ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვით ჰოლანდიიდან გამოწერილი სპეციალური მანქანებით აპირებენ უნიკალური ჯიშის ხეების სხვა ტერიტორიაზე გადარგვას, თუმცა მისი მტკიცებით, 50 წლის ხეებს გადარგვის შემდეგ, გახარების შანსი ვერ ექნება:

"ჯერ ამბობენ, რომ ხეების თვითმზარდი მცენარეებისგან გაწმენდა მიმდინარეობს, მალე გეტყვიან, რომ სხვა ადგილას გადარგვას აპირებენ, ეს მერიის არაერთხელ ნაცადი ხრიკია. ადრეც მსმენია მათგან მსგავსი არგუმენტები", - განაცხადა ნატა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში სარეკრეაციო ზონები საგრძნობლად შემცირდა. გამწვანებულ ტერიტორიებსა და პარკებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მრავალი ასწლოვანი ნარგავი შეეწირა. 8 ივლისს ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე, 42 ხე მოიჭრა, კუს ტბის ფერდობზე რესტორნის მშენებლობას კი შედეგად ე.წ. ციყვების ტერიტორიის მწვანე ნარგავებისგან გასუფთავება მოჰყვა.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია