"მთელ ერს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და ვუსურვებ, ყველაფერი ცუდი, რაც ქვეყანაში წლების განმავლობაში ხდებოდა, დავიწყებას მისცემოდეს... და ჩემს თანაგუნდელებს ვუსურვებ, თავი არ დაზოგონ, რომ საზოგადოებას იმედი არ გავუცრუოთ", - ასე მიმართავს საახალწლოდ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე ქართველ საზოგადოებას. გული სწყდება, რომ წელს წინასაახალწლო სამზადისში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ამაში პოლიტიკური საქმიანობა უშლის ხელს...
- პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, დასრულდა ის რამდენიმეწლიანი ტერორი და ძალადობა, ზოგადად, ის საშინელი გარემო, სადაც ადამიანს განსხვავებული პოზიციის გამოხატვის ეშინოდა... დიახ, ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ წინ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. ამიტომაც, სადღესასწაულოსთან ერთად, სამუშაო განწყობაც მაქვს. იმდენად დაძაბული სამუშაო რეჟიმი გვაქვს, იმდენი საქმეა, შესაძლოა, 31 დეკემბერსაც მოგვიწიოს მუშაობამ, თუმცა ეს ჩემს საახალწლო განწყობას ხელს არ შეუშლის, პირიქით...
- გამოდის, ოჯახში საახალწლო სამზადისს ვერ გაუძღვებით?
- დიახ, შეიძლება ვერ მოვახერხო. არადა, ყოველ წელს არა მხოლოდ ჩემს, არამედ მამისეულ ოჯახშიც მე ვუძღვებოდი სადღესასწაულო სამზადისს. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, ხუმრობა არ გეგონოთ. ორ ოჯახში, ერთდროულად, ყველაფერი უზადოდ და უნაკლოდ უნდა გააკეთო, რათა რომელიმე მხარემ არ ითაკილოს, ჩემთან რაღაც დააკლოო... რა თქმა უნდა, ვხუმრობ, მაგრამ ეს ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო. რამდენიმე დღით ადრე ვიწყებდი სამზადისს და ყველაფერს ვგეგმავდი. როგორ ფერებში გამეშალა სუფრა...
- კერძებსაც თავად ამზადებდით?
- ყველაფერს ვაკეთებდი. საკმაოდ კარგი ხელი მაქვს და ყველაფერი გემრიელად გამომდიოდა. ძალიან მიყვარდა ეს სამზადისი და ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. წელს, ვერ მოგატყუებთ, რომ ისეთივე ძალისხმევით შევუდგები სამზადისს, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლესთან ერთად ვხვდები ახალ წელს და ეს ჩემთვის განსაკუთრებით დიდი ბედნიერებაა, მაგრამ რას ვიზამთ...
იხილეთ სტატიის სრული ვერსია