ჩვენში კერძო ტყეების მართვის ტრადიცია არ არსებობს, ამიტომ ძალიან ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო. ჩვენ თუ არ გავაკონტროლეთ, არ დავიცავით და მონიტორინგი არ ვაწარმოეთ ტყეების მართვის პროცესში, არა მარტო ეკოლოგიურ, დიდ ეკონომიკურ ზიანსაც მივიღებთ, რაც გვაქვს კიდეც, რადგან ბუნებრივი კატასტროფებით ყოველწლიურად ასეული მილიონობით ლარით ზარალობს ქვეყანა, რაც ძირითადად სწორედ ტყეების დეგრადაციით არის გამოწვეული, - ამბობს ჩვენთან საუბარში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი რევაზ გეთიაშვილი, რომელიც ერთი მხრივ, მიესალმება კერძო ტყეების გაჩენას საქართველოში, მეორე მხრივ კი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც შეიძლება ამ პროცესს ახლდეს თან.
- კანონსაწინააღმდეგო არაფერი ხდება. კანონით სატყეო ფონდის ტერიტორიის გასხვისება-გაყიდვა და იჯარით გაცემა არ შეიძლება, მაგრამ ლაპარაკია არა სატყეო ფონდის ტერიტორიაზე, არამედ კონკრეტული ადამიანების, ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწებზე, რომელთაც ამ ეტაპზე დაკარგული აქვთ სასოფლო-სამეურნეო ღირებულება და, შესაბამისად, ადამიანს აქვს უფლება ეს მიწა საჭიროებისამებრ გამოიყენოს. თუმცა მიწის კატეგორიასთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული რეგულაციები არსებობდეს, რადგან სასოფლო-სამეურნეო მიწა სხვაა და სატყეო მიწა - სხვა.
ეკოსისტემურად ამას შეიძლება ვუწოდოთ სატყეო პლანტაცია, ან ხელოვნურად გაშენებული ტყე. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, აჭარაში, სამეგრელოსა და სვანეთში არსებობს კიდევ ასეთი ფენომენი, ე.წ. ისტორიული თუ ტრადიციული საკუთრების ტყეები. ევროპის ბევრ ქვეყანაში ასეთი ტიპის საკუთრება კანონით არის დადგენილი. 2014 წელს ეს პროცესები საკანონმდებლო დონეზე უნდა მოწესრიგდეს: 1. უნდა შეიქმნას ტყის ახალი კოდექსი 2. თვითმმართველობის შესახებ იქმნება ორგანული კანონი და მასში ლაპარაკია იმაზე, რომ სოფელს გადაეცეს მისი განვითარებისთვის საჭირო ქონება, მათ შორის ტყეებიც. ანუ გამოდის, რომ ხელისუფლებას ეს გეგმაში აქვს. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი თემში კერძო საკუთრებისა, თუ ის იქნება ერთიან რეგულაციაში და მას კარგად გააკონტროლებს სახელმწიფო.
მაია კოდუა, ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში:
- ჩვენ ჩავატარეთ მოკვლევა სამეგრელოს რეგიონში, სადაც ე.წ. კერძო ტყეების სხვადასხვა ვარიანტია: 1. მოსახლეობას საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე აქვს ტყე (ძირითადად, თხმელის), რომელიც სწრაფად იზრდება და ადვილად მრავლდება. 2. მარტვილისა და ჩხოროწყუს სოფლებში შემორჩენილია კერძო ტყეები - წინაპრის ნამოსახლარი, მამაპაპისეული მიწები, რომლებიც დაახლოებით 50 წლის უკან მიატოვეს წინაპრებმა და სხვაგან დასახლდნენ. დღეს ეს ოჯახები თავიანთი წინაპრების მიწებს იყენებენ სახნავ-სათესად. ნამოსახლარზე არის ტყეები სხვადასხვა ჯიშის ხეებით, რომლებიც შეიძლება მოსახლეობამ გამოიყენოს შეშად, მაგრამ მათ მისი გამოყენების უფლება არა აქვთ, რადგან ამ ტყეებში არსებული მერქნული რესურსი მცირეა. იმისათვის, რომ მიიღონ ხის ჭრის უფლება, აუცილებელია გარკვეულ ტერიტორიაზე არსებობდეს დაახლოებით 40-50 კუბმეტრი მერქნული რესურსი. უმეტეს შემთხვევაში, მოსახლეობა მიწის ნაკვეთებს ვერ არეგისტრირებს, ვინაიდან ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც ვერ სარგებლობენ ტყით.
- რა ჯდება ერთი ჰექტარი მიწის დარეგისტრირება?
- დაახლოებით 700 ლარი. დაურეგისტრირებელ მიწებს მოსახლეობა საყანედ იყენებს, მისდევენ მეფუტკრეობას, ანუ მიწით სარგებლობენ, ხეების მოჭრის უფლება კი არა აქვთ. ადგილს, სადაც ნებართვით ხდება შეშის ჭრა, ტყეკაფი ჰქვია - სატყეო სამსახურის მიერ ხეები ინომრება, მიდიხარ ბანკში, იხდი თანხას, იღებ შეშის მოპოვების ბილეთს და ამის შემდეგ შეგიძლია მოჭრა ხე. როგორც აღვნიშნე, იშვიათ შემთხვევაში ეს მიწები რეესტრში აქვთ გატარებული. სამეგრელოს სოფლებში უკვე არსებობს რამდენიმე კერძო ტყე.
ნანა ფიცხელაური
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)