ავარიული სკოლები თბილისში, რომლებსაც დანგრევა ემუქრება

ავარიული სკოლები თბილისში, რომლებსაც დანგრევა ემუქრება

დოლიძის ქუჩა #3-ში მდებარე 61-ე სკოლა, შესაძლოა, დაანგრიონ. ამ თემას ინტერნეტშიც განიხილავენ. ზოგი იმასაც ამბობს, რომ სკოლის დემონტაჟი და მის ადგილას ჰიპერმარკეტის აშენება არის დაგეგმილი. არსებული ინფორმაციის გადამოწმება სკოლის დირექტორთან, შორენა ღუდუშაურთან ვცადეთ. მან ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ინფორმაცია სკოლის ავარიულობისა და მისი შესაძლო დემონტაჟის შესახებ დაადასტურა:

"სკოლის ავარიულ ნაწილს კონსერვაცია ჩაუტარდა. ამჟამად ბავშვებს ამ ნაწილში სწავლა არ უწევთ, ამიტომაც მოსწავლეები ორცვლიან სწავლაზე გადავიყვანეთ. ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდება, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, სკოლის სრული დემონტაჟი მოხდება თუ მხოლოდ მისი ავარიული ნაწილის დანგრევა და ხელახალი აშენება გახდება საჭირო",- განაცხადა 61-ე სკოლის დირექტორმა, შორენა ღუდუშაურმა.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში გვაცნობეს, რომ 61-ე სკოლა ჯერ კიდევ 30 წლის წინ იყო ავარიული, ჰქონდა ბზარები, დროდადრო გამაგრებითი სამუშაოებიც მიმდინარეობდა, მაგრამ მას შემდეგ სხვა ბზარები გაუჩნდა. ნიადაგში არსებული გრუნტის წყლები და ქანების ცვლილება სკოლას კიდევ უფრო ავარიულს ხდის. 

როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, გიგა უმეკაშვილმა გვაცნობა, ამჟამად სკოლის კონკრეტული საყრდენებისა და კედლების შესწავლა მიმდინარეობს, გაკეთდა სატესტო ნიშნულები და დაკვირვების შედეგად დაიდება დასკვნა, რომლის მიხედვითაც სკოლის გამაგრების ან დემონტაჟის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ცნობით, 61-ე სკოლის გარდა, მეტრომშენის დასახლებაში მდებარე 103-ე საჯარო სკოლაც ავარიულია. სკოლა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მისი დემონტაჟია საჭირო. 103-ე სკოლის მოსწავლეები ამჟამად ვარკეთილში მდებარე 157-ე სკოლაში სწავლობენ.

გიგა უმეკაშვილის თქმით, ავარიული სკოლის დემონტაჟის შემდეგ, იმავე ადგილას 2014 წლისთვის ახალი სკოლის აშენება იგეგმება.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია