გაისად ათი წელი ხდება, რაც რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანია, 2015 წელს კი სფფ-ის პრეზიდენტობისთვისაც იბრძოლებს!
ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჩვენთან ინტერვიუში ეს თავად დაადასტურა და არანაკლებ საინტერესო სხვა თემებზეც გვესაუბრა.
- ნოემბრის ბოლოს გვითხარით, რომ კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება თემურ ქეცბაიასთან და ფედერაცია საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
- როგორც ვიცი, ზვიად სიჭინავა თემურ ქეცბაიასთან დარეკვას ხვალ (ინტერვიუ ჩაწერილია 16 დეკემბერს. - ავტ.) გეგმავს. სავარაუდოდ, ფედერაციის ხელმძღვანელები და ნაკრების მწვრთნელი დეკემბრის ბოლომდე შეხვდებიან და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. საქმე მოქმედ კონტრაქტთან გვაქვს, თუმცა, შესაძლოა, ახალ პირობებზეც ვილაპარაკოთ.
- გამოდის, თემურ ქეცბაია დარჩება და არსებული ხელშეკრულებით გააგრძელებს მუშაობას ან... კონტრაქტი შეწყდება და კომპენსაციას გადაიხდით?
- საკითხი ასე კატეგორიულად არ დგას - დარჩეს თუ წავიდეს თემურ ქეცბაია. ფაქტია, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია, მაგრამ შესაძლოა, მის რომელიღაც პუნქტზე მოილაპარაკო, სხვაზე ვერა და ა.შ. ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს, მოლაპარაკება შედგება და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ქართული ფეხბურთისთვის უკეთესი იქნება.
- რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებმა მოიძიეს 2011 წელს გავრცელებული ინფორმაციები, სადაც აღნიშნულია, რომ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტი 2+2 სისტემით გაფორმდა. ფედერაცია კი ამბობს, რომ ხელშეკრულება ოთხწლიანია და მასში არანაირი ოფცია არ არის ჩადებული.
- არ ვიცი, ვინ რა მოიძია, მაგრამ კონტრაქტის ფურცელში არანაირი 2+2 არ წერია! დეტალები არ მახსოვს, თუმცა, ხელშეკრულება ნამდვილად 2015 წლის სექტემბრამდეა გაფორმებული. უბრალოდ, პირველი ორი წელი ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპად არის გამოყოფილი.
- თუ ხელშეკრულებაში არანაირი დამატებითი ოფცია არ არის ჩადებული და ვერაფერს შეცვლით, რაღაა სალაპარაკო ნაკრების მწვრთნელთან?! კონტრაქტი 2015 წლამდე ჰქონია და იმუშავებს კიდეც!
- კონტრაქტიან ხალხთან არ ლაპარაკობენ?! მოლაპარაკება ყველაფერზე შეიძლება.
- არ ფიქრობთ, რომ ფედერაციას მეტი მოეთხოვებოდა? ისე გამოვიდა, რომ ნაკრების მწვრთნელისა და ფეხბურთელების კონფლიქტში, შემრიგებლის სტატუსით ჩარევის ნაცვლად, მაყურებლის როლით დაკმაყოფილდით.
- ეს დაპირისპირება თვეების განმავლობაში ხომ არ გაგრძელებულა, ერთმანეთის ნათქვამს გამოეხმაურნენ და მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. მთავარია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს, თორემ შენიშვნების მიცემაზე ადვილი რა არის?!
- ფაქტია, რომ ასეთ სიტუაციაში უფრო მეტი მაინც მწვრთნელს მოეთხოვება...
- ამიტომ ვამბობ, რომ კიდევ გვაქვს თემურთან სალაპარაკო. კონტრაქტის პირობების შესრულება ორივე მხარის ვალდებულებაა, მაგრამ თუნდაც ეს კონფლიქტი, თამაშის ხარისხი ან ნაჩვენები შედეგი არ არის სალაპარაკო?! სალაპარაკო სულ არის - სეზონის წინაც, მისი მსვლელობის დროსაც და ბოლოსაც.
- საქართველოს ნაკრების მწვრთნელი უცხოელ ჟურნალისტებთან სალაპარაკოდ ყოველთვის მზადაა, ქართველების სატელეფონო ზარებს კი არ პასუხობს. ეს სწორად მიგაჩნიათ?
- ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ უცხოელები არ უსვამენ ისეთ მწვავე შეკითხვებს, როგორსაც ქართველი ჟურნალისტები. საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და ბუნებრივიც არის, რომ შეკითხვები აქ უფრო მძაფრია. თანაც, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრებს თემური ერთგვარად შემაჯამებელი ფორმატით ამჯობინებს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ მასმედიასთან მწვრთნელის ურთიერთობა და ასეთი საკითხები, სამომავლოდ, კონტრაქტითაც დარეგულირდება!
- ეგ კი არა, მოქმედ კონტრაქტში ისიც კი არ წერია, რა ვალდებულება აქვს მწვრთნელს, ფედერაციას და ა.შ.
- სამწუხაროდ, ასეა. ზვიად სიჭინავამ თქვა კიდეც, რომ ეს კონტრაქტი სამთავრობო დონეზე იყო გადაწყვეტილი. ამის გამო, გარკვეულწილად, აკლია კიდეც პროფესიონალიზმი.
- სფფ-ის პრეზიდენტები იცვლებიან, რეზო არველაძე კი, უკვე მეათე წელია, ფედერაციის მაღალჩინოსანია. რისი დამსახურებაა ეს?
- პირველ რიგში, იმის, რომ პირნათლად და პატიოსნად ვემსახურები ფეხბურთს, რომელიც ჩემი ცხოვრებაა. ჩემი საქმიანობა არ მოსწონთ? მე იმდენი რამ არ მომწონს, ყველაფერზე რომ ვილაპარაკო, გამოვა, რომ საქართველოში ფეხბურთი არავის სცოდნია.
- "ქართულ ფეხბურთს არველაძეები მართავენ" - ასეთი რამ არასდროს გსმენიათ?
- პირადად არავისგან მომისმენია, მათ კი, ვინც შორიდან ამტკიცებს ასეთ რაღაცებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ილაპარაკონ, რამდენიც სურთ. როცა არგუმენტებს მოისმენენ, არ მგონია, სალაპარაკო კიდევ დარჩეთ რამე.