NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა რესპონდენტთა 79%-ს მოსწონს.
კითხვაზე: მოგწონთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასახელებული კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, - დადებითი პასუხი რესპონდენტთა 79%-მა გასცა. 8%-ს პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს, 12%-მა აირჩია კატეგორია "არ ვიცი", 6%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
რაც შეეხება შეკითხვას: როგორ აფასებენ რესპონდენტები ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას და რომელ მოსაზრებას ეთანხმებიან ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 45% განაცხადა, რომ "ეს არ მოახდენს გავლენას, რადგან ბიძინა ივანიშვილი ისევ აქტიურად იქნება ჩართულ პოლიტიკურ და მმართველობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში", 15% აზრით "ეს ხელს შეუწყობს მრავალპარტიული დემოკრატიისა და სამთავრობო ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას", ასევე 14% მიიჩნევს, რომ "ეს წარმოშობს გაურკვევლობასა და არასტაბილურობას ქვეყნის მმართველობასა და კოალიცია ქართულ ოცნებაში", 4% აღნიშნულ არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, 1% ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ ქვეყანაში ვითარება ყველა აღნიშნული სცენარით განვითარდება, 21%-მა არ იცის, 1%-მა კი შეკითხვაზე უარი განაცხადა.
გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში რესპონდენტები გამოიკითხა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა პოზიცია აქვთ მათ ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებამდე კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 43% აღნიშნულს ამართლებს, 24% არ ამართლებს, 32% არ იცის, 1% პასუხზე უარს აცხადებს.
გამოკითხვები 13 -27 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით 3 ათას 915 რესპონდენტი გამოიკითხა.