ვანო მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე გამოძიების დაწყებისა და მის მიერ გაჟღერებული ბრალდების სიმცდარის დადასტურების შემთხვევაში, მისი ეს განცხადება სამართლებრივად, შესაძლოა მის წინააღმდეგვე იყოს გამოყენებული.
თუკი გამოძიება დაადგენს, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის გენერალურმა მდივანმა სასამართლო პროცესზე ცრუ განცხადება გააკეთა და ადამიანები დანაშაულის ჩადენაში შეგნებულად ამხილა, რასაც ამ ეტაპზე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ჯერ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად ამტკიცებენ, კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში მერაბიშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმის საფუძველს იძლევა.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" 101-ე მუხლის გათვალისწინებით, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, ან სისხლის სამართლის პროცესის დროს გამოვლინდა ან გამოქვეყნდა მასმედიაში. "სისხლის სამართლის კოდექსის" 373-ე მუხლი კი ადგენს სამართლებრივ პასუხისმგებლობას დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენაზე.
Ambebi.ge-ს ექსპერტი კახა კახიშვილი უდასტურებს, რომ თუკი გამოძიებით დადგინდება, რომ მერაბიშვილი ტყუის, მაშინ შეიძლება თავად მერაბიშვილი მიეცეს პასუხისმგებლობაში დანაშაულზე ცრუ დასმენის გამო.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" 101-ე მუხლი ითვალისწინებს გამოძიების დაწყებას, თუ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, ინფორმაცია, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება მერაბიშვილის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით. ამავდროულად, გამოძიების დაწყებისთანავე მთავარი პროკურატურის გამომძიებელმა უნდა გააფრთხილოს ბატონი მერაბიშვილი "სისხლის სამართლის კოდექსის" 373-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ცრუ დასმენაზე. თუ ამ ხელწერილის შემდეგ, რომ ის გაფრთხილებულია ცრუ დასმენისთვის პასუხისმგებლობის შესახებ, ბატონი მერაბიშვილი დაადასტურებს განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს, უნდა დაიწყოს გამოძიება. თუკი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მერაბიშვილმა სხვადასხვა მიზნების გამო, ცრუ დასმენა მოახდინა და შეეცადა, შეექმნა შთაბეჭდილება სხვადასხვა ადამიანების მხრიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ, მაშინ საბოლოოდ, თავად მერაბიშვილი უნდა მიეცეს პასუხისმგებლობაში, ცრუ დასმენის გამო" - განუცხადა Ambebi.ge-ს კახა კახიშვილმა.
გარდა ამისა, კახიშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქმედებას, რაზეც ვანო მერაბიშვილი საუბრობს, რეალურად ადგილი არ ჰქონია, გამოძიება თავად ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს.
"თუკი გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ ეს იყო მოგონილი, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც ნათელი გახდება, თუ როგორ ახერხებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სხვადასხვა პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით, წმინდა სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას" - აღნიშნა კახიშვილმა.
იგივეს ამტკიცებს კიდევ ერთი იურისტი, ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომლის შეფასებითაც, მოცემულ შემთხვევაში, მერაბიშვილის მხრიდან ტყუილის თქმის და მის მიერ პროვოკაციის მოწყობის თაობაზე პრემიერ-მინისტრის, მინისტრების და დეპუტატების პოლიტიკური განცხადებები, სრულიად არასკმარისია.
"ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების მსგავსი ტიპის პროვოკაციული განცხადებები შეფასების საგანია "სისხლის სამართლის კოდექსის" პრიზმაში. თუკი პირმა დანაშაულის ჩადენაში ცრუდ დაასმინა მეორე პირი და ამ შემთხვევაში სწორედ დანაშაულის ჩადენის დასმენასთან გვაქვს საქმე, გამოძიების მიერ ამ განცხადების სიცრუის დადასტურების შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილის დამატებით უნდა მიეცეს პასუხისმგებლობაში, სსკ-ის 373-ე მუხლით. ყველას, ვისაც პირზე რა არ მოადგება, ვერ ილაპარაკებს, როცა იცის, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა კანონით ისჯება" - აცხადებს ლორთქიფანიძე.
ვანო მერაბიშვილმა გუშინ, ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მის მიმართ ზეწოლაში დაადანაშაულა.
"პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ "ვითანამშრომლებდი" ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის "ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრალდებას მთავარი პროკურატურა და ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ და მის ნათქვამს "ტყუილსა" და "პროვოკაციას" უწოდებენ.
ნათია ინაური, Ambebi.ge