მარგველაშვილი: არავის არ უნდა მოუვიდეს თავში, რომ დამსაქმებელმა ორსული ქალი გაათავისუფლოს

მარგველაშვილი: არავის არ უნდა მოუვიდეს თავში, რომ დამსაქმებელმა ორსული ქალი გაათავისუფლოს

არავის არ უნდა მოუვიდეს თავში, რომ დამსაქმებელმა ორსული ქალი გაათავისუფლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მიერ ერთწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, უაღრესად შთამბეჭდავია ის, რაც გაკეთდა თეა წულუკიანისა და მისი გუნდის მიერ ამ ერთი წლის განმავლობაში.

"გამოვყავით შრომის კოდექსი, ის შრომის კოდექსი, რომელიც მიღებულია და რომლის ინიციატორიც თეა წულუკიანი იყო, უაღრესად კარგი დოკუმენტია, რომელსაც მომავალშიც სჭირდება დახვეწა. რა თქმა უნდა, ის იყო სწორი, როდესაც შრომის კოდექსთან დაკავშირებით მისი ხედვა იყო გამოტანილი. რა თქმა უნდა, ჩემი შენიშვნები იყო გასათვალისწინებელი, მაგრამ ნაკლებად კვალიფიციური, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უაღრესად ბევრი გაკეთდა. შრომის კოდექსი არის ერთ-ერთი იმ დოკუმენტთაგანი, რომელიც ჩვენ ცივილურ სამყაროსთან გვაახლოებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არავის არ უნდა მოუვიდეს თავში, რომ ჩვენ ველურ გარემოში ვცხოვრობთ და შეიძლება რომელიმე დამსაქმებელმა მხოლოდ თავისი ფინანსური ინტერესით გათვალოს ურთიერთობა.

"მაგალითად, როგორც მინისტრმა ბრძანა, ორსული ქალი გაათავისუფლოს და ამას უნდა უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ საზოგადოების მორალი, არამედ ის დოკუმენტები, რომლებსაც თქვენ ქმნით", - მიმართა თეა წულუკიანს პრეზიდენტმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა