ფსიქოტროპული აფთიაქებიდან მედიკამენტის უკანონო გაყიდვა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მთავრობის სხდომამ დღეს განიხილა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.
ჭიკაიძის განცხადებით, ეს გამოწვეული იყო უკანასკნელი წლებიდან გამომდინარე, რომელიც ეხება კუსტარული ნარკოტიკების დამზადებას, რომელიც, მისი თქმით, უკონტროლო იყო.
"ფსიქოტროპული აფთიაქებიდან ხდებოდა ამის რეალიზაცია-გაყიდვა. ხშირ შემთხვევაში ეს ხდებოდა უკანონოდ, ე.წ. რეცეპტის გარეშე. ჩვენ გადავწყვიტეთ ისეთი კანონპროექტის ინიცირება, რის მიხედვითაც რეცეპტის გარეშე ამის რეალიზაცია პირდაპირ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას და 15-დან 20 წლამდე ფარმაცევტული საქმიანობის აკრძალვას. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და საზოგადოების მხარდაჭერის, ვინაიდან ძალიან დიდ ციფრებთან გვაქვს საქმე ნარკომანიასთან დაკავშირებით", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის, ისევე როგორც აღნიშნული უწყებების მინისტრების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე 2013 წლის 16 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე 27 აფთიაქში განხორციელებულმა ერთობლივმა ინსპექტირებამ გამოავლინა, რომ "ფორმა N2" რეცეპტის გარეშე, კანონმდებლობის დარღვევით, გაცემულია 3 447 946 ერთეული (აბი) კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატი. აღნიშნული შეადგენს აფთიაქების მიერ სრულად გაცემული კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების რაოდენობის 99,99%–ს.