მარიამ გიგლემიანი: ჩემი ძმა სკამზე მიაბეს და ისე სცემეს

მარიამ გიგლემიანი: ჩემი ძმა სკამზე მიაბეს და ისე სცემეს

სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში მერამდენე დღეა პატიმრები ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების დასჯის მოთხოვნით შიმშილობენ. მიზეზი 21 წლის პატიმრის, მირზა გიგლემიანის ცემაა. 9 დეკემბერს, ადვოკატმა ინგა ბერიკაშვილმა გაახმაურა აღნიშნული ფაქტი. მისი თქმით, გიგლემიანს ადმინისტრაციამ იმის გამო სცემა, რომ კუთვნილი 15-წუთიანი გასეირნება მოითხოვა. "ისედაც დახურულ სისტემაში არიან, მათ საკნებში მზის სხივი აღარ აღწევს. ადმინისტრაციას უთქვამს, - დღეს ვერ გაისეირნებო, გიგლემიანს გაუპროტესტებია, მათთვის კანონი შეუხსენებია, ამას მოჰყვა შელაპარაკება. ამის მერე იგი დირექტორის მოადგილის კაბინეტში აუყვანიათ და წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლით უცემიათ. ამ დროს გიგლემიანს ხელზე ბორკილები დაადეს.

- პატიმარი ასახელებს კონკრეტულ გვარებს, ვინც სცემა. არ ვაპირებთ გაჩუმებას, წინა ხელისუფლების მეთოდების გაგრძელებას ვერ შევეგუებით. სხვადასხვა დაწესებულებაში 6 პატიმარია ნაცემი. გიგლემიანს ექსპერტიზა ჩაუტარდა. დასკვნაში წერია, რომ პატიმარს აქვს ტვინის შერყევა და თავის ქალის ტრავმა, აღენიშნება სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობა. ფაქტზე რეაგირებას ვითხოვთ. ნაცემია მირზა გიგლემიანის ძმაც, იგი ამჟამად გადაყვანილია სხვა დაწესებულებაში. მასაც იმის გამო სცემეს, რომ დისთვის დაწერილი წერილის გაგზავნა მოითხოვა", - აცხადებს ადვოკატი ინგა ბერიკაშვილი.

მინისტრმა სოზარ სუბარმა გიგ­ლემიანის ცემის ფაქტი არ დაადასტურა და თქვა, რომ პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. თუმცა, მას შემდეგ, რაც დაიდო ექსპერტიზის შედეგი და დადასტურდა, რომ პატიმარი მსგავს დაზიანებებს თავად ვერ მიიყენებდა, სუბარმა მე-7 დაწესებულების ხელმძღვანელს, შოთა ტრაპაიძეს დროებით უფლებამოსილება შეუჩერა. "პატიმარს აქვს დაზიანებები. იგი ასახელებს თანამშრომლებს, რომლებმაც სცემეს. ცხადია, არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება იყოს თვითდაზიანებები ან შეიძლება იყოს მართალი მისი ჩვენება. გამოძიება დაადგენს რეალობას და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. საქმე გაიგზავნება საგამოძიებო ორგანოში ან შეწყდება და დირექტორი აღდგება თანამდებობაზე", - აღნიშნა სუბარმა ჟურნალისტებთან.

ადვოკატები კატეგორიულად გამორიცხავენ თვითდაზიანებას, სახალხო დამცველის აპარატშიც ადასტურებენ, რომ გიგლემიანი ნაცემია.

მე-7 დაწესებულებაში, სადაც ძმები გიგლემიანები იხდიან სასჯელს, ე.წ. "კანონიერ ქურდებს" ათავსებენ. დაწესებულება ყველაზე მკაცრია და ის ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფშია განთავსებული. მსჯავრდადებულების და, მარიამ გიგლემიანი ამბობს, რომ მისი ძმები "კანონიერი ქურდები" არ არიან, მისთვის გაურკვეველია, რატომ იხდიან ისინი სასჯელს ასეთ მკაცრ დაწესებულებაში.

მარიამ გიგლემიანი:

- მირზასთან ერთად საკანში მყოფი პატიმრის ადვოკატისგან შემთხვევით გავიგე, რომ ჩემს ძმას ციხეში ძალიან სცემეს. მერე მე-7 დაწესებულებიდან ერთ-ერთმა პატიმარმაც დამირეკა და მითხრა, ძალიან ცუდად არის და მიხედეთო. 6 საათი სრულდებოდა, სამსახურიდან პირდაპირ საპყრობილეში გაგიჟებული რომ მივედი. სამუშაო საათები დამთავრებული იყო, მაგრამ საპყრობილის შესასვლელში ზარი მაინც დავრეკე. ვუთხარი, მირზა გიგლემიანის და ვარ და მაინტერესებს, ჩემი პატიმარი როგორ არის-მეთქი. იქიდან არავინ გამოსულა, თუმცა დამცინავად ვიღაცამ მიპასუხა: - რა განერვიულებს, არ ინერვიულო, თორემ მალე დაბერდებიო. არც კი მომაქციეს ყურადღება, უშედეგოდ ვითხოვდი პასუხს.

- რა დაზიანებები აქვს მირზას?

- მას ექსპერტიზა ჩაუტარდა. ფაქტის გახმაურებამდე რამდენიმე დღით ადრეა ნაცემი. ეტყობა, ყველაფერი გააკეთეს, რომ არ გახმაურებულიყო მანამ, სანამ მიყენებული ჭრილობები არ მოუშუშდებოდა, თუმცა ისე სასტიკად სცემეს, რომ კვალი მაინც დარჩა და ეს დასკვნაშიც წერია. მირზას თავზე აქვს დაზიანება, გვერდებზე, ზურგზე, უამრავი სისხლნაჟღენთი აღენიშნება, ტუჩი გამსკდარი აქვს, ხელზე ბორკილების კვალი ეტყობა. თურმე ბორკილები დაადეს, სკამზე მიაბეს და ისე ურტყამდნენ წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლს. დარეკვის უფლებას ვინ მისცემდა და ამიტომ გვიან გავიგეთ.

- მარიამ, როგორც შევიტყვე, იქ სასჯელს იხდის შენი მეორე ძმაც, ისიც ნაცემია?

- როგორც ვიცი, ივანესაც სცემეს და სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეს ამბავიც იმ დღეს გავიგე და გაგიჟებული ვიყავი. ჩემი უფროსი ძმა ციხეში დახეიბრდა. სააკაშვილის რეჟიმის დროს ის ისე სასტიკად იყო ნაცემი, რომ ნეკნებიც კი ჩამტვრეული ჰქონდა. მას ხერხემალიც ისე დაუზიანეს, ოპერაცია დასჭირდა. ერთი წელია, რაც ციხეში ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას სხვა დაავადებებიც განუვითარდა.

- შენი ორივე ძმა ციხეშია, როგორც შევიტყვე, ობლობაში გაიზარდეთ, იქნებ გვიამბო თქვენს ოჯახზე.

- აფხაზეთიდან დევნილები ვართ, თუმცა აფხაზეთი არ მახსოვს, 22 წლის ვარ. მშობლებთან ერთად თბილისში ვცხოვრობდით. დედა რომ გარდაიცვალა, 10 წლის ვიყავი, ჩემი უფროსი ძმა 12 წლის იყო, პატარა - 9-ის. მამა გვივლიდა, მაგრამ დედის გარდაცვალებიდან ექვს წელიწადში მოულოდნელად მამაც გულის ინფარქტით გარდაიცვალა. მშობლების გარეშე დავრჩით. მე და ჩემი ძმები მარტო ვცხოვრობდით, თუმცა ნათესავები ყურადღებას გვაქცევდნენ. ცხოვრებაში იმდენი სტრესი და ტკივილი გადავიტანეთ, რომ ეს ჩვენს ცხოვრებაზე აისახა. ბიჭებიც ქუჩაში მოხვდნენ და ქუჩის ცუდი შედეგიც სახეზეა.

- რისთვის დააკავეს შენი ძმები?

- მამა ახალი გარდაცვლილი იყო, ჩემი უმცროსი ძმა, მირზა რომ დაიჭირეს. 16 წლის იყო მაშინ. თურმე მეგობრებთან ერთად ქუჩაში ტაქსი გააჩერა, მძღოლი მანქანიდან ჩამოსვეს და ბიჭებმა ამ მანქანით ქალაქში გაისეირნეს, შემდეგ კი მანქანა მარნეულში, გზაზე დატოვეს. ამის გამო დააკავეს. ვფიქრობ, მაშინ ამ ბავშვური საქციელის გამო ციხეში რომ არ გამოეკეტათ, მისი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა. მირზა არასრულწლოვანთა დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, 4 წელი იჯდა. პატარა ძმის დაკავებიდან ერთ თვეში უფროსი ძმა, ივანე, რომელსაც ბაჩოს ვეძახით, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სულ მარტო დავრჩი, ეს ჩემთვის სრული შოკი იყო. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ბევრი ტკივილი გადავიტანე. მირზა ციხიდან 2012 წლის სექტემბერში გამოვიდა, სანამ ციხის სკანდალური ფაქტები გახმაურდებოდა. ის სულ სხვანაირი იყო. ძალიან მიკვირდა, მიზეზს ვეკითხებოდი, მაგრამ არ მპასუხობდა. ციხის კადრების შემდეგ მივხვდი, ასე ჩაფიქრებული რატომ იყო. ეტყობა, ძალიან მძიმე დღეები გამოიარა. სულ მარტო ყოფნა უნდოდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა. მირზას ციხის კადრების შემდეგ ბევრჯერ ვკითხე, - მართლა ხდებოდა ასეთი საშინელებები-მეთქი? მაგრამ ჩემთვის ამაზე არასოდეს გაუცია პასუხი. მხოლოდ იმას მეუბნებოდა, - არაფერი მკითხოო. ვფიქრობ, იმდენად მტკივნეული იყო ეს მისთვის, რომ გაურბოდა ამ თემაზე საუბარს. მალე მირზა ისევ დაიჭირეს, თავისუფლებაში მხოლოდ 5 თვე იყო.

- ამჯერად რა დააშავა?

- ადამიანის დაჭრაზე აიყვანეს. ის ბიჭი საბედნიეროდ, გადარჩა, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან, ვიცნობ. ისიც ნასვამი იყო და გაუგებრობა მოხდა, თორემ დარწმუნებული ვარ, ამას არ გააკეთებდა. რაც შეეხება ჩემს უფროს ძმას, ივანეს, ის 20 წლის ასაკში გაასამართლეს. სასჯელთა შეკრებითობით სასამართლომ 26 წელი მიუსაჯა, თავის ასაკზე მეტი სასჯელი გამოუტანეს. ახლა შეკრებითობა გაუქმდა და წლები ჩამოაკლდა.

- იქნებ გვითხრათ, კონკრეტულად რა დააშავა?

- მკვლელობა ნადიკვარზე, ორთაჭალაში მოხდა და მას ბრალი წაუყენეს. დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ისე არ იყო საქმე, როგორც ბაჩოს შეაწმინდეს ხელები. თუმცა არ ვამბობ, რომ ის მართალი იყო და ისე დასაჯეს. საშინელება იყო იმის მოსმენა, ამხელა სასჯელი რომ გამოუტანეს. მაშინ მამაც გარდაცვლილი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო ჩემი ძმების დაკავება. არადა, მშობლების დაღუპვის შემდეგ ჩემი ძმები ჩემზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ და უცებ მარტო დავრჩი. ბაჩოს სასჯელი გამოტანილი ჰქონდა, მაგრამ მაინც ორი წელი გლდანის ციხეში გამოკეტეს, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ახლაც აქვს. თუმცა, რომ მირეკავს, მეუბნება,

- კარგად ვარო. ვფიქრობ, არ უნდა, რომ ვინერვიულო და ასე იმიტომ ამბობს.

- შენი ძმები მე-7 დაწესებულებაში იხდიან სასჯელს, სადაც ე.წ. "კანონიერი ქურდები" არიან. ისინი ამ სტატუსის მატარებლები არიან?

- არც ერთი არ არის ქურდული მენტალიტეტის მქონე, შემიძლია, დავიფიცო. ამას დანამდვილებით გეტყვით, მაგრამ იმას ვერ გეტყვით, რატომ მოხვდნენ იქ. ალბათ მათი დასჯა სურდათ, ყველაზე მკაცრი პირობები იმ დაწესებულებაშია და ალბათ ამიტომაც გადმოიყვანეს. როგორც ვიცი, მირზას ცემის შემდეგ ბაჩო სასწრაფოდ გადაიყვანეს გლდანში.

- ოჯახი არც ერთს არ აქვს შექმნილი?

- უფროსს ჰყავს მეუღლე და 5 წლის შვილი, მირზამ დაოჯახება ვერ მოასწრო. მე ორი წლია, გათხოვილი ვარ. გული მეწვის, ჩემი ძმები ციხეში რომ არიან, დარწმუნებული ვარ, ჩემი მშობლები ცოცხალი რომ ყოფილიყვნენ, ისინი ციხეში არ მოხვდებოდნენ... მირზა სასტიკად ნაცემია, მივმართე სახალხო დამცველს და იმედი მაქვს, სოზარ სუბარიც გაითვალისწინებს და დასჯის დამნაშავეებს. ჩემი ძმის დაწესებულებაში პატიმრები ისევ შიმშილობენ და მოითხოვენ ადმინისტრაციის თანამშრომლების დასჯას. პატიმარს არც ცემატყეპა სჭირდება და არც შიმშილი, ვითხოვ, ზომები მიიღონ. ციხის უფროსმა, მისმა მოადგილემ და სხვებმა, რომლებმაც ჩემს ძმას ბორკილდადებულს სცემეს, პასუხი აგონ და სათანადოდ დაისაჯონ!

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები