რაში ადანაშაულებენ სამართალდამცავებს მარიამ კოჩალიძის ახლობლები

რაში ადანაშაულებენ სამართალდამცავებს მარიამ კოჩალიძის ახლობლები

16 დეკემბერს დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმის განხილვა. ირანის მოქალაქეს, მოჰამადამინ როოინტანს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად გამოუტანა.

შეგახსენებთ, შემზარავი დანაშაული წელს, 22 ივლისს ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 16 წლის ყელგამოჭრილი გოგონა ნათესავებმა ზღვის სანაპიროზე იპოვეს. მარიამი მოკუნტული იწვა, ზურგზე დიდი ლოდი ედო. კისერი სულ დაჩეხილი ჰქონდა, ცალი ხელი ჭრილობაზე მიედო. ხელიც დასერილი ჰქონდა, ეტყობოდა, მკვლელს წინააღმდეგობას უწევდა; მეორე ხელით იქვე ქვიშიანი მიწა სიმწრით ამოეთხარა.

მარიამი სახლიდან საღამოს 7 საათზე, ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა. დილა-საღამოს ერთი და იმავე მარშრუტს გადიოდა, ახალი ბულვარიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დიდ ქვაზე ჩამოჯდებოდა, წიგნს კითხულობდა, ჩანაწერებს აკეთებდა, მზის ჩასვლას ელოდებოდა და შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. 9 საათი სრულდებოდა, გამზრდელმა ნათლიამ, ნატალია კვინტრაძემ მარიამი რომ მოიკითხა. ძებნის შემდეგ ამ შემზარავი სურათის თვითმხილველები გახდნენ.

გამოძიების მტკიცებით, მკვლელობა ყაჩაღობის ნიადაგზე მოხდა და ამიტომ ბრალდებულს ყაჩაღობასა და განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ბოროტმოქმედმა თან წაიღო მარიამის ოქროს ჯვარი და ნახევარგრამიანი ოქროს ბეჭედი, იქვე დატოვა ძვირად ღირებული "აიფონი" და ველოსიპედი, რომელიც მხოლოდ გადასაადგილებლად გამოიყენა.

მკვლელი საქართველოში ერთი თვის შემოსული იყო და დანაშაულის ჩადენიდან სულ ცოტა ხანში ბათუმი დატოვა.

სასამართლო პროცესებს მოკლულის ოჯახის წევრები ბოლომდე არ ესწრებოდნენ, რადგან ისინი მკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან. არც განაჩენის გამოცხადებაზე მისულან.

ნატალია კვინტრაძე, მარიამ კოჩალიძის ნათლია:

- განაჩენის გამოცხადებაზე არ ვიყავით, ამ "ცირკში" მონაწილეობა არ მიგვიღია. პროკურატურამ მომხდარს თავიდანვე ანგარებით ჩადენილი მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა და თქვა, რომ ეს დანაშაული მკვლელმა ყაჩაღობის მიზნით ჩაიდინა. ამის მერე გამოძიებას არაფერი გაუკეთებია სიმართლის გასარკვევად. მთელი სასამართლოს მსვლელობისას ავითარებდნენ ამ ვერსიას და დააყენეს ის განაჩენი, რაც თავიდან დაგეგმეს. არავის უცდია, ოჯახის მიწოდებული ინფორმაციების გადამოწმება და რეალური გამოძიების ჩატარება. კონკრეტული ადამიანების დაკითხვას ვითხოვდით, სიმართლე რომ გარკვეულიყო, მაგრამ ამასაც ვერ მივაღწიეთ.

- თქვენ დაგკითხეს?

- ჩვენ დაგვკითხეს, მერე რა, ვინ მიაქცია ჩვენს ჩვენებას ყურადღება?! ყაჩაღი იქ დატოვებდა ძვირად ღირებულ ტელეფონს და ველოსიპედს და ნახევარგრამიან ოქროს წაიღებდა მხოლოდ?.. სად იყო აქ ყაჩაღობა?! მერე რა, რომ მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს? კარგად იციან, რომ მას მაინც არ დაიჭერენ და მიუსაჯეს, რა აზრი აქვს ამ სასჯელს?! თუნდაც სიკვდილით დასჯა გამოეტანათ.

- არ გაქვთ იმედი, რომ მის დაკავებას მოახერხებენ?

- არც უცდიათ მისი დაკავება. ელოდებიან, მეგობრულად თურქეთი როდის დაეხმარება, - ეს ხომ ზღაპარია! არადა, ბავშვი სარწმუნოების ნიადაგზე მოკლეს, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. ჩვენ, ოჯახი შევებრძოლებით თურქეთს? მაგრამ სახელმწიფოს იმის ძალა მაინც უნდა შესწევდეს, რომ XXI საუკუნეში 16 წლის ბავშვს კლავენ სარწმუნოების ნიადაგზე, ეს ხმამაღლა მაინც თქვას.

- თურქეთი რა შუაშია? მკვლელი ხომ ირანის მოქალაქეა.

- თვითონ ამბობენ, რომ მკვლელი თურქეთშია და იქიდან არსად გასულა. ცხადია, თურქებმა შეუკვეთეს ირანელს მკვლელობა და მას ხომ არ დაიჭერენ? ის დაიქირავეს, რადგან თურქულმა სკოლამ გადაგვიხადა 2.800 ლარი და არ გვაპატიეს მარიამის თურქული სკოლიდან გამოყვანა; სხვა ვერსია ჩვენ არ გვაქვს. მარიამი შაჰინის სახელობის თურქულ სკოლაში სწავლობდა. მომხდარს მთელი ოჯახი ამ სკოლას ვუკავშირებთ: 10 დღის გადაყვანილი გვყავდა გიმნაზიაში და მეათე დღეს მოკლეს.

- უფრო კონკრეტულად გვითხარით, რას გულისხმობთ?

- ნათლობის ჯვარი მარიამს ძაფით ეკიდა. რომ ვიპოვეთ, ძაფი ისევ ყელზე ჰქონდა, ჯვარი კი მოხსნილი... მკვლელი სექტის წარმომადგენელი იყო, მაგრამ რომელი სექტის, არ ვიცი. ათასჯერ ვთხოვეთ, დაეკითხათ იმ მაღაზიის გამყიდველები, სადაც მკვლელი ყოველდღე მიდიოდა. არ უნდა მისულიყვნენ იმ სკოლაში, სადაც მარიამი 8 წელი სწავლობდა და არავინ უნდა დაეკითხათ?.. საქმე ზერელედ არის გამოძიებული და სიმართლე არავის გაურკვევია. ჩვენ რა უნდა მოვიმოქმედოთ? რამე ძალა შეგვწევს ამ სახელმწიფოში უბრალო ხალხს? მითხარით, როგორ გავუმკლავდეთ ამ უკანონობას? პროკურატურა აჭარაში მაგას იტყვის, რომ ბავშვი სარწმუნოების ნიადაგზე მოკლეს? ჩვენ თურქეთს ვერ მოვერევით. შეიძლება, როგორც გირგვლიანის დედა მოიშორეს, ისე მოგვიშორონ მე და მარიამის დედა და ასე გაგვაჩუმონ.

- მაინც რატომ უნდა მოეკლათ თურქებს?

- მარიამის მამა რომ გარდაიცვალა, ოჯახი ვერ იხდიდა სწავლის ფულს. 2.800 ლარი იყო გადასახდელი და ამიტომ დედამისი მივიდა იმ თურქულ სკოლაში, უთხრა, რომ მარიამის გადაყვანა სურდა სხვაგან. ოღონდ მარიამი არ გადაიყვანოთ, ჩვენ მოვძებნით ბიზნესმენებს, ვინც მის სწავლას დაასპონსორებენ, - უთხრეს დედამისს, - ფულს არ გადაგახდევინებთო. იმ წელს დავტოვეთ, ფულიც არ გადაგვიხდია, მაგრამ მერე რომ გადმოვიყვანეთ, გვეხვეწებოდნენ, არ ისვენებდნენ. სახლშიც იყვნენ მოსულები სასწავლო ნაწილის გამგე და დამრიგებელი, ოღონდ მარიამი არ წაიყვანოთო. ისიც მითხრეს, დაგეხმარებით ტანსაცმლით, საკვებითო. რად გვინდოდა მათი ტანსაცმელი, მარიამს რა ეტყობოდა ჩაუცმელის და უჭმელის?! უბრალოდ, სწავლის თანხა დიდი იყო და ვერ ვიხდიდით. მარიამმა თურქული სკოლა დატოვა და სასულიერო აკადემიაში რომ გადავიდა, ვფიქრობთ, ამიტომ შეუკვეთეს მისი მოკვლა. ბავშვობიდან ძალიან წარმატებული იყო, საოცრად ნიჭიერი. ძალიან ნაკითხი ბავშვი იყო. სკოლაშიც ყველა საგანს ერთნაირად მაღალ დონეზე ფლობდა. უსწავლელი არასოდეს წასულა. 10 კლასი ისე დაამთავრა, ერთი ცხრიანიც არასოდეს გამოჰყოლია. თურქულსა და ინგლისურს ქართულივით ფლობდა. კარგად იცოდა რუსული, ფრანგულსაც სწავლობდა. ასეთი ბავშვი მოგვიკლეს და იმის შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ მკვლელი დაისაჯოს. ეს არის სამართალი?! ჩვენ არ ვცნობთ ამ განაჩენს, ეს ფარსი იყო.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ