სისხლის სიმსივნური დაავადებები და ის, რაც მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს

სისხლის სიმსივნური დაავადებები და ის, რაც მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს

ლეიკემია სიმსივნური დაავადებების რიგს მიეკუთვნება და ბავშვთა ონკოლოგიაში სიხშირით პირველ ადგილზეა. რა იწვევს ამ დაავადებას, მსოფლიო მედიცინისთვის უცნობია, მაგრამ ცნობილია რისკ-ფაქტორები. როგორია დაავადების სიმპტომები, რა უნდა იცოდეს მშობელმა, როგორია ამ დაავადების სტატისტიკა საქართველოში? - ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასმათ შენგელაია გვესაუბრება.

ასმათ შენგელაია, პროფესორი, იაშვილის სახელობის კლინიკის ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- ლეიკემია ეს არის სისხლმბადი სისტემის სიმსივნური დაავადება, როდესაც ძვლის ტვინის დაზიანება ხდება. როგორც მსოფლიოში, ასევე - საქართველოში, ბავშვთა ონკოლოგიურ დაავადებებში ლეიკემია სიხშირით პირველ ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად ლეიკემიით 100 000-დან 5 ბავშვი ავადდება. დასავლეთ ევროპაშიც ასეთი მაჩვენებელია. 1994 წლამდე საქართველოში, ლეიკემიით დაავადებული თითქმის ყველა ბავშვი იღუპებოდა. გადარჩენის მაჩვენებელი მხოლოდ 2% იყო. ესეც უმეტესად, არასწორად დასმული დიაგნოზის გამო ხდებოდა. 1994 წლის მარტიდან, გერმანელმა კოლეგებმა ქართველი ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღეს. ფრანკფურტის საუნივერსიტეტო კლინიკიდან პროფესორები ჩამოვიდნენ, პრობლემა შეისწავლეს და ქართველ ექიმებს ტრენინგები გერმანიაში ჩაგვიტარეს. ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველოში გერმანული პოლიქიმიოთერაპიული პროგრამა დავნერგეთ. ეს არის გაწერილი პროგრამა - როგორ უნდა დასვა დიაგნოზი, როგორ უმკურნალო და ა.შ. სამედიცინო ბაზა, მედიკამენტები, ლაბორატორიები გერმანელებმა სრულიად უსასყიდლოდ შექმნეს. ამ პროგრამით მუშაობა დავიწყეთ და იმ შედეგს მივუახლოვდით, რაც დასავლეთ ევროპაშია. იქ გაჯანსაღების მაჩვენებელი 85%-ია, საქართველოში - 70%.

- 15%-იან სხვაობას რა განაპირობებს?

- ინფრასტრუქტურაში არსებული ხარვეზები. იგულისხმება, როგორც ჰიგიენური პირობები, ასევე სისხლის ბანკის მუშაობა, დონორების რაოდენობა, მაღალი ხარისხის მედიკამენტები. ეს ყველაფერი ჯამში სხვაობას გვაძლევს. მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, მკურნალობის მეთოდს თანდათან ვხვეწთ. მინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ ახლახან "რუსთაველის ფონდის" გრანტი მოვიპოვეთ, ლეიკემიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესების მიზნით, 2 კვლევა დავგეგმეთ. 2007 წელს, გერმანელებმა მედიკამენტებით დაფინანსება შეგვიწყვიტეს. ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფომ იკისრა, ლეიკემიით დაავადებულთათვის ყოველწლიურად 1 200 000 ლარი გამოიყოფა. ამ თანხას 35-40 ბავშვს ვუნაწილებთ. 1995 წლიდან დღემდე ამ კლინიკაში 700-ზე მეტი ბავშვი სრულიად გამოვაჯანსაღეთ. გაჯანსაღებულად ითვლება ბავშვი, რომელსაც დაავადება აღარ გაუმეორდება. აქტიური ქიმიოთერაპიის შემდეგ, პატარა პაციენტები წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. 5 წლის თავზე, ბავშვი ჯანმრთელია და ცხოვრების ჩვეულებრივ წესს უბრუნდება. ლეიკემია არის საუკეთესო შედეგის მქონე სიმსივნური დაავადება, რომელიც უკვე გაჯანსაღებულ ბავშვებზე ავადმყოფობის კვალს არ ტოვებს. მომავალში მათ ჯანმრთელი შთამომავლობა ეყოლებათ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა გადაწყვეტილია. ლეიკემია განკურნებადია, მაგრამ - არა პაციენტთა 100%-ში. სამწუხაროდ, ბავშვების 30% მკურნალობის დროს, სხვადასხვა გართულებით იღუპება. ხდება რეციდივი ანუ განმეორებითი დაავადება. გარკვეულ რაოდენობას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება. თითოეული გარდაცვლილი ბავშვი ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა.

- გართულებებს ექიმთან დაგვიანებული ვიზიტი იწვევს?

- რა თქმა უნდა. დაგვიანებული მომართვის შემთხვევა წლების წინ უფრო ხშირი იყო. ბოლო დროს, უბნისა და ოჯახის ექიმებმა დაავადების ამოცნობა ისწავლეს. თუ მშობელი ყურადღებიანია, მომართვიანობა დროულია.

- რა უნდა იცოდეს მშობელმა? ამ დაავადებას როგორი სიმპტომები აქვს?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია