"...საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შემეცვალა, თუმცა ქართველი ხალხის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, როგორი კეთილგანწყობილიც იყო, ისეთივე დარჩა" - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის შეკითხვას.
ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს რუსეთს თავშეფარებული ყოფილი უშიშროების მინისტრი - ვალერიან ხაბურძანია გამოეხმაურა...
- ჩემი შეფასება ერთმნიშვნელოვნად დადებითია. მე ვხედავ ამ სიტყვაში შეცვლილ პოზიციასაც და ერთგვარ სინანულსაც. ამ სიტყვების ფონზე ჩვენ უნდა გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები. მე ვთხოვდი ბატონ ზურაბ აბაშიძეს, ჩართოს ამ მოთხოვნაში ქართველთა კავშირი რუსეთში. მთელი ჩემი არსებით ჩავერთვები მეც და შესაძლოა, ჩავრთოთ ქართული ლობი.
- ამბობთ რომ პუტინთან ურთიერთობა გქონდათ.. თქვენ ფიქრობთ, რომ მას მართლა უყვარს ქართველი ხალხი?
- კი. არ მინდა ისევ მაგინონ, მაგრამ კარგად მახსოვს 2003 წლის თებერვალი, მასთან კაბინეტში ვიყავი და მითხრა, მთხოვე რა გინდაო... ოჯახის უსაფრთხოებას დამპირდა რუსეთში და მე უარი ვუთხარი... მაშინ ვლადიკავკაზში აფეთქდა თუ ააფეთქეს გაზსადენი და გაზი კიდევ ერთხელ შეწყდა საქართველოში. ამიტომ გაზსადენის სასწრაფო აღდგენა ვთხოვე. პუტინმა დააჭირა ხმამაღლამოლაპარაკეს ხელი და ჩუბაისს დაელაპარაკა. ჩუბაისმა ერთკვირიანი ვადა დაასახელა, მაშინ პუტინმა უთხრა, დღესვე გამოხვალ ცენტრალური ტელევიზიით, იტყვი და იზამ კიდეც, რომ სამ დღეში გაზი აღდგებაო. მე შევარდნაძეს დავურეკე და მართლაც ასე მოხდა. ახლა ძნელია შაოსან დედებს ამ პათეტიკით გული მოულბო და ეს არცაა ჩემი ამოცანა, უბრალოდ ეს ფაქტია. ასეთი ფაქტები ხშირი იყო.
- კიდევ ხომ ვერ გვიამბობთ გულისამაჩუყებელ ფაქტებს.. ახლა არ გსურთ ვლადიმერ პუტინთან კავშირი აღადგინოთ?
- აი დამცინით, არა და არ გვაქვს გასაცინად საქმე... თუ დამავალებენ და რაღაც ოფიციალური სტატუსი მექნება, მზად ვარ! სხვანაირად საქმეს გავაფუჭებ. თუმცა სახალხო დიპლომატიის დონეზე მზად ვარ.