უფლებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
როგორც გიგი უგულავამ მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ის სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს, რათა ისეთი პრეცედენტი, რომელიც გუშინ შეიქმნა, აღარ განმეორდეს.
"სამართლებრივ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ. ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლო, აპელაცია თუ სხვა რამ. ამას არ გავაკეთებ იმისთვის, რომ რაიმე თანამდებობას ვეკიდები. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ჩემთვის თანამდებობა განმსაზღვრელი არასდროს ყოფილა. ამას გავაკეთებ იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დავუშვა იმ სავალალო პრეცედენტის გაგრძელება, რომელიც გუშინ, ღამის პირველ საათზე, ასეთი პარტიზანული მეთოდებით შეიქმნა", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ბინძურ, სულსწრაფ თამაშში სასამართლოც ჩართო. "ეს პრეცედენტი თავად სასამართლოსთვისვეა ცუდი. დღეის ამას მოყოლებული, ნებისმიერ მთავრობას ექნება ცდუნება და სასამართლო ზეწოლას ვერ გაუძლებს, რომ მისთვის არასასურველი არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირი ასე პარტიზანულად, საზოგადოების ზურგს უკან, ზეპირი მოსმენის გარეშე გადააყენოს. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, არის სამწუხარო, რომ ამ ბინძურ, სულსწრაფ თამაშში ჩართეს სასამართლო", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, სასამართლოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების საჯაროდ მიღება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კითხვები არ იყოს.
"მე ვიცი, რომ სასამართლო გააკეთებს განცხადებას, რომ სასამართლო უფლებამოსილია ასეთი საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. ანალოგიური მოთხოვნით, 6 თუ 8 თვის წინ პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, თუმცა სასამართლომ საჯაროდ განიხილა ეს და მხარეებს მოგვცა უფლება, ჩვენი არგუმენტები წამოგვეყენებინა. ეს საჯაროობა აუცილებელია იმისთვის, რომ კითხვები არ დარჩეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებას სტალინის მიერ მოლოტოვის გადაყენებას ადარებს. ამასთან, მისთვის ჯერ უცნობია, უფლებამოსილება შეუჩერდა თუ გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან.
"არ ვიცი მოსამართლემ, ქალბატონმა დალი მეტრეველმა, უფლებამოსილება შემიჩერა თუ გადამაყენა, რადგან განჩინება ჯერ არ მიგვიღია. ვფიქრობდი და მსოფლიო ისტორიაში ერთი მომენტი გამახსენდა, როდესაც ადამიანი შეიძლება რაღაცას აკეთებდეს და ზურგს უკან, ჰაერში გადააყენო - ასეთი რამ გააკეთა სტალინმა, როცა მოლოტოვი ჰაერში გადააყენა და მეორე შემთხვევა ვარ მე, როდესაც არც გეკითხებიან, არც იმის უფლებას გაძლევენ, რომ შენი პოზიცია დაიცვა, ელემენტარულად, შენი არგუმენტი წამოაყენო და ასე ფოსტით იგებ გადაწყვეტილებას, რომ უფლებამოსილება ან შეჩერებული გაქვს ან ხარ გადაყენებული. ამას გზა და გზა გავარკვევთ, როგორც არის", - განაცხადა გიგი უგულავამ.