რამდენად გემოვნებიანია ღარიბაშვილის მეორე ნახევარი - ნუნუკა თამაზაშვილის სტილი (+ფოტოგალერეა)

რამდენად გემოვნებიანია ღარიბაშვილის მეორე ნახევარი - ნუნუკა თამაზაშვილის სტილი (+ფოტოგალერეა)

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა, მისი მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი გაიზარდა.

რამდენად გემოვნებიანია პრემიერ-მინისტრის მეორე ნახევარი, იღებს თუ არა ქვეყნის კულტურულ, თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, რამდენად ახდენს გავლენას მეუღლეზე - ეს ის თემებია, რომელიც მოსახლეობას ქვეყნის პირველი პირების მეორე ნახევრებზე აინტერესებს.

იბეჭდება სტატიები, ადგენენ რეიტინგებს, სადაც მსოფლიოს პრეზიდენტების, თუ პოლიტიკოსების ყველაზე მომხიბვლელ, დახვეწილ და გემოვნებით ჩაცმულ მეუღლეებს ასახელებენ; მოდის კრიტიკოსები და დიზაინერები მსოფლიო ლიდერების ჩაცმულობაზე მეტად, მათი მეორე ნახევრების გემოვნებით ინტერესდებიან.

ფართო საზოგადოებამ ნუნუკა თამაზაშვილი პირველად 17 ნოემბერს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იხილა. საღამოს წვეულებაზე მისულმა ღარიბაშვილის მეუღლემ ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან არჩევანი ამერიკელი დიზაინერის ოსკარ დე ლა რენტას კაბაზე შეაჩერა. 6 490 დოლარად შეფასებულ კაბაში ნუნუკა უდავოდ შესანიშნავად გამოიყურებოდა. კაბის შავ ფონზე მთელ სიგრძეზე ბადეზე სხვადასხვა ფერის ყვავილები იყო ამოქარგული. კაბის სილუეტი 50-იანი წლების სტილითაა შექმნილი.

არანაკლებ დახვეწილი სამოსით წარსდგა ღარიბაშვილის მეუღლე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების წინაშე, რომელთაც მეუღლესთან ერთად უმასპინძლა. როგორც ჩანს, ნუნუკა ზედმიწევნით ითვალისწინებს ოფიციალური შეხვედრებისთვის დადგენილ დრეს-კოდს: საღამოს სამოსისთვის მან მუქი ლურჯი ფერის კაბა შეარჩია, რომელსაც მკერდსა და წელზე ერთგვარი ჯიბის ფორმის ნაჭერი ფარავდა და კორსეტს მოგაგონებდათ. სადა, ტანზე გამოკვეთილი კაბის შესაფერისად მსუბუქი მაკიაჟი შეარჩია და სამკაულებით არ გადატვირთა.

თუ სხვადასხვა ღონისძიებებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე გადაღებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, ნუნუკა უპირატესობას კლასიკურ სამოსს ანიჭებს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ძირითადად, მშვიდი ფერები ხიბლავს - ელეგანტური, დახვეწილი სტილი აქვს არჩეული. როგორც ჩანს, განსაკუთრებით მუქი ფერის ტონალობა მოსწონს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, კაბებს ანიჭებს უპირატესობას და ამ შემთხვევაშიც, მისი არჩევანი შავი ფერის კლასიკური შარვალია.

პოლიტიკოსის იმიჯზე მეუღლის ფაქტორი გავლენას რომ ახდენს, ამას პიარის სპეციალისტი, მაია ქავთარაშვილიც გვიდასტურებს.

მაია ქავთარაშვილი, პიარის სპეციალისტი:

- ჯერჯერობით, ღარიბაშვილის მეუღლე საზოგადოებაში ერთხელ, ინაუგურაციის დროს გამოჩნდა და არა მგონია, ეს აქტივობაში ჩაითვალოს. რამდენადაც ვიცი, ერთი გამოჩენით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ზოგადად, რაც შეეხება პოლიტიკოსის მეუღლეს, მისი ფაქტორი, რა თქმა უნდა, უდავოა. ისტორიას რომ გადავხედოთ, ყველა წარმატებული მამაკაცის უკან, ქალი დგას - ეს ცნობილი გამონათქვამია და კაცი იმდენად არის წარმატებული, რამდენადაც მის გვერდში მდგომი ქალბატონი ამას ახერხებს, აქვს ამის ინტელექტი, სურვილი და შესაძლებლობა. ბუნებრივია, პოლიტიკოსები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და არა მხოლოდ, იყენებენ საკუთარი ქალბატონების იმიჯს და მათ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა მოიპოვონ, საკუთარი მკაცრი პოლიტიკური ან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები უფრო შეამსუბუქონ, სხვა ჭრილში გადაიყვანონ. ქალი ყოველთვის დედასთან, სინაზესთან, სიკეთესთან ასოცირდება. ამომრჩეველი იქნება, თუ საზოგადოების სხვა სეგმენტი, უფრო ლოიალურად არის განწყობილი ქალბატონისადმი, როცა ის მეუღლეს უდგას გვერდით. სხვა საკითხია, რამდენადაა ეს კულტურა საქართველოში დამკვიდრებული. ის კლასიკური პიარ-აქტივობები, რაც პოლიტიკოსის იმიჯსა და რეპუტაციაზე მუშაობს, ალბათ, ნაკლებად ხაზგასმულია ჩვენთან. ამ ფაქტორის უარყოფა ნამდვილად არ შეიძლება.

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეები:

- კადრები ინაუგურაციის დახურული ღონისძიებიდან - ქვეყნის პირველი პირები პირველ ნახევრებთან ერთად

- პირველი პირების მეორე ნახევრები

- როგორ მასპირნძლობს ღარიბაშვლის მეუღლე დიპლომატიურ კორპუსს

- ღარიბაშვილი და ივანიშვილი ოჯახებთან ერთად სუხიშვილების კონცერტზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია