"ბიძინასთან ვლაპარაკობთ ყველაფერზე, "შალახოს" გარდა" - ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტთან

"ბიძინასთან ვლაპარაკობთ ყველაფერზე, "შალახოს" გარდა" - ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტთან

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ საზოგადოებისთვის "შალახოს თემა" უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ვილნიუსში პარაფირების ისტორიული ხელშეკრულების გაფორმება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემა ტუხიაშვილისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა ("კვირის პალიტრა").

"იმ დროს, როცა შენ ირგვლივ სხედან ქვეყნების პრეზიდენტები, თითოეული მათგანისთვის ხელის ჩამორთმევა, მეგობრულად ორი-სამი სიტყვის გადალაპარაკება უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ გარემოში ვიყავი და ვფიქრობდი სრულიად სხვა რამეზე და თითქმის არ მიმიქცევია ყურადღება, რა მელოდია ჟღერდა დარბაზში ხელმოწერისას.

შესაძლოა, ეს გამოუცდელობის გამო მომივიდა. მხოლოდ შემდეგ, სასტუმროში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ იმ დროს, როცა ვფიქრობდი ევროპული სახელმწიფოს მეთაურებისთვის რა მეთქვა, თურმე ისეთი რამ გამომრჩა, რაც ამაზე უფრო "მნიშვნელოვანი" იყო. როცა დავბრუნდი საქართველოში და ვნახე, რომ ერთი-ორი კვირა საზოგადოების ერთი ნაწილი ცხოვრობდა იმით, რომ სიღრმისეულად განიხილავდა ამ საკითხს, დავდარდიანდი. ვილნიუსში მართლაც ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა და უმნიშვნელოვანესი ერთი წელი გველის წინ. ამ დროს კი ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რა მელოდია სჯობდა დაეკრათ დარბაზში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ეს არის თემა, რომელსაც სამოქალაქო სექტორში გადასულ, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან არ განიხილავს.

"ბიძინას ვხვდები ხოლმე. იცით, ალბათ, რომ ის ჩემი მეგობარია. ვლაპარაკობთ ყველაფერზე და, ბუნებრივია, ამ დისკუსიების ნაწილი არის პოლიტიკაც. ვლაპარაკობთ ყველაფერზე, "შალახოს" გარდა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ემას შოუს" წამყვანმა პეზიდენტს განათლების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს გადაცემაში გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც მან თქვა, რომ "პლასტელინის კაცია" და დაინტერესდა, ნანობს თუ არა ახლა ამ ფრაზას, ვინაიდან ახლა მას პრეზიდენტის ოპონენტები სხვა კონტექსტში იყენებენ.

"მახსოვს, მოხვედით და თქვენმა გადამღებმა ჯგუფმა ჩემს კაბინეტში სრული ქაოსი მოაწყო, ყველაფერი გადააადგილეთ და მერე მკითხეთ, ნუთუ თქვენი წინამორბედის შემდეგ არაფერი შეგიცვლიათო და მეც გიპასუხეთ, რომ ადვილად ვეწყობი იმ გარემოს, რომელიც მხვდება. ნამდვილად არ მინანია ეს სიტყვები, რადგან ამ ფრაზას თუ არა, სხვა რამეს გამოიყენებდნენ ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური ოპონენტები. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებამდე ვთქვი კიდეც, რომ ეს იქნებოდა პიროვნულ შეურაცხყოფაზე აგებული პიარკამპანია, რადგან რეალური პოლიტიკური არგუმენტები ოპოზიციას ჩემს წინააღმდეგ არ ჰქონდა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა