საქართველოს მოქალაქეებმა დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად ტუბერკულოზზე შემოწმება უნდა გაიარონ

საქართველოს მოქალაქეებმა დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად ტუბერკულოზზე შემოწმება უნდა გაიარონ

საქართველოს ყველა მოქალაქემ, ვისაც სურს დიდი ბრიტანეთის ხანგრძლივ ვიზაზე საბუთების შეტანა, 2013 წლის 31 დეკემბრიდან უნდა გაიაროს წინასწარი შემოწმება ტუბერკულოზზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან საქართველოში ძალაში შედის წინასწარი შემოწმება ტუბერკულოზზე (TB).

როგორც საელჩოში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებას, რომელიც გაკეთდა 2012 წლის მაისში, სადაც ითქვა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ შემოწმების მოთხოვნა გავრცელდება დამატებით 67 ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე.

ამ ცვლილებით დიდი ბრიტანეთი ისეთი ქვეყნების რიგებს მიუერთდა, როგორიცაა აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია, სადაც მსგავსი შემოწმებები უკვე პრაქტიკაშია.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ტურისტის ან სხვა სახის ვიზიტორის სტატუსით გამგზავრების მსურველებს, წინასწარი შემოწმება ტუბერკულოზზე არ ესაჭიროებათ. გამონაკლისს წარმოადგენს განაცხადები საქმროს/საცოლის (იგივე საქორწინო) ვიზებზე.

მოთხოვნა ვრცელდება ყველა იმ მოქალაქეზე, ვისაც სურს მოიპოვოს ბრიტანეთის ვიზები 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის, მათ შორის Tier 4 სასწავლო ვიზები.

თავად პროცესი ითვალისწინებს შემდეგს: გამგზავრების მსურველებმა, ვიზაზე საბუთების შემოტანამდე, უნდა მიმართონ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს (Home Office) მიერ აღიარებულ სამედიცინო ცენტრს საქართველოში, გაიარონ სრული შემოწმება ტუბერკულოზზე და აიღონ სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ტუბერკულოზის მატარებლები არ არიან. ეს ცნობა მათ უნდა დაურთონ სავიზო განაცხადს.

წინასწარი შემოწმება ტუბერკულოზზე შედის ძალაში 2013 წლის 31 დეკემბრიდან.

ისინი, ვისაც ესაჭიროება გაიაროს წინასწარი შემოწმება ტუბერკულოზზე, უნდა დაუკავშირდნენ შესაბამის კლინიკას და ჩაეწერონ პროცედურის გასავლელად. სკრინინგის გადასახადი უნდა მოხდეს უშუალოდ ამ სამედიცინო დაწესებულებაში. შემოწმებაზე ჩაწერა უნდა განხორციელდეს მხოლოდ 31 დეკემბრიდან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა