ვინ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც გელა ჩარკვიანისგან საჩუქრებს იღებს

ვინ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც გელა ჩარკვიანისგან საჩუქრებს იღებს

გელა ჩარკვიანს ოჯახურ ტრადიციებზე სასაუბროდ შინ ვესტუმრეთ. მისაღებ ოთახში უკვე იდგა ნაძვის ხე, რომლის ქვეშ მის შვილიშვილ ნანას სანტა-კლაუსისთვის წერილი გაუმზადებია. ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს ერთადერთ ქალიშვილ ნანას ბაბუა გელა ჩარკვიანთან დიდი მეგობრობა აკავშირებს. ერთად ბევრს კითხულობენ, საუბრობენ, სეირნობენ...

მასპინძლის გვერდით დივანზე რუხი კატა მოკალათდა, რომელიც მრავალი წელია, მათ ოჯახში ცხოვრობს. ცხოველების ყოლა მისი ოჯახის ერთ-ერთი დამახასიათებელი ''თვისებაა''. გელა ჩარკვიანთან ოჯახურ ტრადიციებზე საუბარი ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორც ნებისმიერ სხვა თემაზე ხდება ხოლმე. იშვიათია მსგავსი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია, დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს და იმაზე მეტი გითხრას, ვიდრე ელი...

- ტრადიცია ბევრნაირია, მაგრამ რახან ოჯახურ ტრადიციებზე ვლაპარაკობთ, მოდით, უპირველესად მცირე განმარტება გავაკეთოთ. მიმაჩნია, რომ ოჯახის ტრადიცია ისაა, რასაც რეგულარულად, დიდი ხნის განმავლობაში აკეთებ. ტრადიცია შეიძლება იყოს თავად ოჯახის დაარსებული, ან რომელიც შთამომავლობით მივიღეთ წინა თაობებისგან, ან ისტორიულად გადმოგვეცა - ერის საგანძურიდან. რასაკვირველია, ტრადიცია ჩემს ოჯახსაც აქვს, ისევე, როგორც ბევრ სხვას.

- როგორც ვიცი, ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია თქვენთან შაბათის სადილები იყო, სადაც ყველანი ერთად იკრიბებოდით...

- დიახ, ასე იყო. მშობლისთვის არ არის მარტივი, შეეგუო იმას, რომ ბავშვები შენთან აღარ ცხოვრობენ. ჩვენ ხომ ულევი სიყვარულის წყარო არ გვაქვს და ბევრი არაა ისეთი ადამიანი, ვინც მართლა ძალიან გვიყვარს?! მოდით, ვიყოთ გულწრფელნი და ვაღიაროთ, რომ ასეთი გრძნობა მხოლოდ უახლოესი ადამიანების მიმართ გვაქვს და ესენი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შვილები არიან. როცა იზრდებიან, საკუთარ ცხოვრებას იწყობენ და ოჯახებს ქმნიან, შენ გინდა, ისინი როგორღაც ''დაიბრუნო''. ჩვენ ამისათვის გამოვძებნეთ ასეთი გზა - შაბათი ოჯახური სადილის დღედ გამოვაცხადეთ.

ამ დროს შვილები ბრუნდებოდნენ ჩვენთან უკვე თავიანთი მეუღლეებითა და შვილებით. სადილის მომზადებისას უნდა გაგვეთვალისწინებინა ყველას გემოვნება. ვიცოდით, რა უყვარდა ირაკლის, თეონას და მათ მეუღლეებს და აქედან გამომდინარე ვამზადებდით სადილს. შვილები ორივენი შემოქმედები იყვნენ: თეონა ბალერინაა და ახლა ლონდონში ბალეტის სკოლაში ასწავლის, ხოლო ირაკლი იყო პოეტი, კომპოზიტორი და პროზაიკოსი, საოცრად შემოქმედებითი ბიჭი. შაბათობით შეხვედრის დროს ისინი ''ანგარიშვალდებულნი'' იყვნენ ჩვენ წინაშე. გვიყვებოდნენ მათ ცხოვრებაში მომხდარ ახალ ამბებს: შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო ყოფითი ამბავი - რამე ნივთის შეძენა, მოგზაურობის შედეგად მიღებული შთაბეჭდილების გაზიარება და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში კი ეს იყო შემოქმედებითი ანგარიში. ვთქვათ, ჩვენ ვიგებდით, რა დაწერა ირაკლიმ ახალი და ის სიმღერა ჩვენთან სრულდებოდა. ირაკლი გიტარაზეც უკრავდა და ფორტეპიანოზეც, ბუნებრივია, ზოგჯერ ერთადაც ვუკრავდით. თეონა კარგად მღერის და ირაკლისთან ერთადაც მღეროდა ძმის სიმღერებს. აქვე იყვნენ თეონას მეუღლე, შვილები, ირაკლის მეუღლე ქეთათოც. ასეთი სადილები ჩვენთან უმთავრესად 80-90 წლებიდან იმართებოდა.

- 90-იან წლებშივე იყო ლამპის შუქი, ''კერასინკით'' გათბობა..

- კი, რასაკვირველია, სინათლე ხშირად არ იყო, გვედგა ''კერასინკაც'', მაგრამ 90-იანი წლების მეორე ნახევარში ჩვენ შედარებით წინ წასული ''ტექნოლოგიები'' შევიძინეთ. დავდგით ''ტურბო'', რომელსაც ნაკლებად ჰქონდა ნავთის სუნი, მხურვალება კი - საკმაოდ ძლიერი. რასაკვირველია, დღევანდელთან შედარებით ის ჩამორჩენილი ეტაპია, მაგრამ ეს ჩვენს ბედნიერებას ხელს არაფერში უშლიდა. ოთახში ფორტეპიანო იდგა და ჩვენ ვმღეროდით. ვფიქრობ, მაშინ მე და ნანაც ახალგაზრდები ვიყავით. რასაკვირველია, ასაკი ფარდობითია - დღეს ჩემთვის 50 წლის ადამიანი ბავშვია. ახლა ირაკლი 52 წლის იქნებოდა. ვფიქრობ, შაბათის სადილები ჩვენი ოჯახის მართლაც რომ ძალიან კარგი ტრადიცია იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია