როლანდ ახალაია პროკურატურაში დაიბარეს

როლანდ ახალაია პროკურატურაში დაიბარეს

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ როლანდ ახალაიას პროკურატურაში მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე იბარებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ განუცხადა, საქმე ეხება სამეგრელო-ზემო სვანეთში როლანდ ახალაიას საქმიანობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.

პროკურატურის ინფორმაციით, როლანდ ახალაია დღეს, 14:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვის მიზნით იყო დაბარებული.

"აღნიშნულის თაობაზე 2013 წლის 23 დეკემბერს მას უნდა ჩაბარებოდა უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ, მაგრამ, ვინაიდან არ იმყოფებოდა საცხოვრებელ მისამართზე, იგი გამოძახებული იქნა ტელეფონით, რომელსაც განემარტა, რომ მოწმის სახით ჩვენების მისაცემად 2013 წლის 24 დეკემბერს 14:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს მთავარ პროკურატურაში", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, როლანდ ახალაიამ უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე და განმარტა, რომ უწყებას ჩაიბარებდა მისი ადვოკატი რომეო საჯაია.

"ამ უკანასკნელმა კი სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უწყების ჩასაბარებლად თვითონ გამოცხადდებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2013 წლის 24 დეკემბერს, დილის საათებში. 2013 წლის 24 დეკემბერს რომეო საჯაია არ გამოცხადდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში უწყების ჩასაბარებლად, ასევე არ გამოცხადდა როლანდ ახალაია დაკითხვაზე 14:00 საათზე. მათთან დამატებით დაკავშირება კი ვერ მოხერხდა, ვინაიდან არაერთგზის მცდელობისა, ტელეფონები იყო გამორთული", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, როლანდ ახალაია მთავარ პროკურატურაში დასაკითხად 26 დეკემბერს 13:00 საათზე განმეორებით იქნება გამოძახებული.

როლანდ ახალაია 2004-2012 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი იყო.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ