"არ გავცვლით ღირსებას თავისუფლებაზე" - რა მოთხოვნებს უყენებს როლანდ ახალაია პროკურატურას

"არ გავცვლით ღირსებას თავისუფლებაზე" - რა მოთხოვნებს უყენებს როლანდ ახალაია პროკურატურას

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია მოითხოვს, რომ საგამოძიებო უწყებებმა კითხვები მის მიმართ საჯაროდ დასვან. როგორც როლანდ ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ის მზად არის, რომ საჯაროდ დასმულ კითხვებს საჯაროდვე უპასუხოს.

"რადგან ჩემი ოჯახის მიმართ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, მე მოვითხოვ ჩემს მიმართ არსებული კითხვები საჯაროდ იქნას დასმული და მზად ვარ საჯაროდვე გავცე პასუხი. ჩემი რწმენითა და ნაკეთები საქმეებით არასდროს მომიხდენია საზოგადოებაში მანიპულირება და დღესაც არ ვისაუბრებდი, რომ არა პროკურატურის მიერ აგორებული შავი პიარი.

შანტაჟის და ჩემი ოჯახის წევრების უკანონო დევნის მიუხედავად მიზანს ვერ მიაღწევენ და ჩვენ არ გავცვლით ღირსებას თავისუფლებაზე", - აცხადებს ახალაია.

მისივე თქმით, მისთვის უფლებამოსილების გადამეტება საპატრიარქოს რეზიდენციის მშენებლობას ეხება.

"ეს თითქოსდა გამოიხატა შემდეგში: 2009 წელს სამეგრელოს ეწვია საქართველოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი სამეგრელოში მობრძანებისას საზოგადოების მოთხოვნით გადაწყდა, რომ ზუგდიდში უნდა აშენებულიყო საპატრიარქოს რეზიდენცია. უწმინდესმა მთხოვა, რომ მეხელმძღვანელა საპატრიარქოს რეზიდენციის მშენებლობისთვის. პატრიარქის მითითებით საპატრიარქოს არქიტექტორის მიერ დაიწყო პროექტის მომზადება. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმესთან ერთად ანაკლიის სანაპიროზე შეირჩა ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო საპატრიარქოსთვის მეგრული ყაიდის ოდა. ამ პერიოდში ანაკლიაში მომუშავე შ.პ.ს. "სანის" ანგარიშზე სამეგრელოში მოღვაწე ბიზნესმენებმა ნებაყოფლობით, კანონიერად ჩარიცხეს თანხები. თვით "სანის" ხელმძღვანელობაც გამოთქვამდა მზადყოფნას თავისი სახსრებით მონაწილეობა მიეღო ამ მშენებლობაში. ვინაიდან ანაკლიაში შერჩეულ ადგილზე ვერ მოხერხდა მიწის ნაკვეთის გამოყოფა პროექტი შეჩერდა, ხოლო შენატანი თანხა არ გახარჯულა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მითითებული თანხა ისევ დღემდე ირიცხება შ.პ.ს. "სანის" ანგარიშზე. ეს გახლავთ ჩემს მიმართ აღმოჩენილი ყველაზე დიდი "კომპრომატი", - განაცხადა ახალაიამ.

მისივე თქმით, პროკურორი, რომლის პერიოდშიც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო, არის ირაკლი ალასანიას მიერ მიგზავნილი თემურ გერგაიას დეიდაშვილი.

"საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს, მე, ზუგდიდის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ თავის წარმომადგენლად ამირჩია საქართველოს პარლამენტში, რის გამოც ჩემი ოპონენტი ირაკლი ალასანია გადავიდა ქურდულ გარჩევებზე და შუამავალი პირის, ყოფილი მხედრიონელის თემურ გერგაიას ხელით ცადა ჩემი გზიდან ჩამოცილება, რისი დამადასტურებელი აუდიო–ვიდეო ჩანაწერები გამაჩნია. სწორედ გერგაიას დეიდაშვილი არის ვალერი იოსავა, რომელიც ალასანიას რეკომენდაციით გახდა საოლქო პროკურორი, რომელსაც დაევალა ჩვენი ოჯახის მიმართ ცრუ ბრალდებების შეთითხვნა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ მის პერიოდში დაიწყო სისხლის სამართლის საქმე უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე", - აცხადებს ახალაია.

დეპუტატის განცხადებით, 2012 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო დევნა დაიწყო ახალაიების ოჯახის მიმართ.

"მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 2001 წელს შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში, ვინაიდან ჩავთვალე, რომ პროკურატურაში მუშაობა კორუფციის გარეშე შეუძლებელი გახდა, პროტესტის ნიშნად გადავდექი ზუგდიდის რაიონული პროკურორის თანამდებობიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება იყო უპრეცედენტო საქართველოს პროკურატურის სისტემაში. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულ ხელისუფლებასთან ერთად ჩემი შვილები, რომლებიც იყვნენ 22–23 წლის ასაკში, სათავეში ჩაუდგნენ ბრძოლას კრიმინალისა და კორუფციის წინააღმდეგ, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა საზოგადოებას. მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა ორივე ეს პრობლემა იქნა გადაწყვეტილი დადებითად, რაც აისახა საქართველოში მცხოვრები თითოეული ოჯახის ყოველდღიურ ყოფაზე. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებამ მისცა საშუალება ქვეყანას განეცადა წინსვლა, რაც განხორციელდა 2004–2012 წლებში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო უპრეცედენტო დევნა ჩვენი ოჯახის მიმართ. ააგორა ბინძური პიარი და გამოიყენა დაუშვებელი მეთოდები. სწორედ ეს გახდა განმსაზღვრელი ბაჩოსთვის გადაეწყვიტა ქვეყანაში დაბრუნება და ყველა კითხვისთვის პასუხის გაცემა. ამის საშუალება პროკურატურამ არ მისცა და ჩამოსვლიდან მეორე დღესვე შეუთითხნა დაუსაბუთებელი ბრალდებები, რაც სასამართლოზე საპნის ბუშტივით გასკდა. ამ დღეებში საქართველოს პროკურატურამ კვლავ განაგრძნო ჩვენი ოჯახის მიმართ შავი პიარის გავრცელება და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ჩემი პროკურატურაში დაბარების შესახებ. სამწუხაროდ დღეს პროკურატურა ჩამოყალიბდა პოლიტიკური დევნის იარაღად და აცდა მის მთავარ დანიშნულებას ებრძოლოს დანაშაულს", - აცხადებს ახალაია.

დეპუტატი როლანდ ახალაია პროკურატურაში დღეისთვის განმეორებით არსი დაბარებული.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამეგრელო-ზემო სვანეთში როლანდ ახალაიას საქმიანობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.

პროკურატურის ინფორმაციით, როლანდ ახალაია 24 დეკემბერს, 14:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვის მიზნით ერთხელ უკვე იყო დაბარებული, თუმცა დაკითხვაზე არ მისულა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ