მხოლოდ საქართველოში: თუთა და მსხალი ნაძვის ხედ და ახალი წელი 1 დღით ადრე

მხოლოდ საქართველოში: თუთა და მსხალი ნაძვის ხედ და ახალი წელი 1 დღით ადრე

2014 წლის დადგომამდე სულ მცირე დრო რჩება. შესაბამისად, საახალწლო სამზადისი დედაქალაქსა თუ რეგიონებში უკვე დიდი ხნის დაწყებულია. თითქმის ყველა ქალაქშია მორთული ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი - ნაძვის ხე. მათმა ნაწილმა საზოგადოების ყურადღების მიქცევა სხვადასხვა მიზეზით უკვე მოასწრო. რამდენიმე სახალისო, საინტერესო და კურიოზულ შემთხვევაზე ჩვენც მოგითხრობთ.

ყველაზე დიდი გამოხმაურება ჭიათურაში დადგმულ ნაძვის ხეს მოჰყვა. რკინებისა და მწვანე ბადისგან აწყობილ კონსტრუქციას ყველა ერთხმად იწუნებდა. "საფრთხობელას ჰგავს", "დაკეცილი ქოლგაა", "ეს ნაძვის ხეა, თუ ხაბარდა? არ ეკადრებათ ჭიათურელებს ასეთი ნაძვის ხე", - წერდნენ სოციალურ ქსელში. თუმცა როგორც აღმოჩნდა, გავრცელებული ფოტო ნაძვის ხის აწყობის პროცესში იყო გადაღებული, თუმცა არც საბოლოო შედეგს აღუფრთოვანებია ჭიათურელები.

მეორადი ნაძვის ხით და ფოიერვერკის გარეშე ხვდება ახალ წელს საპარლამენტო ქალაქი.  აღსანიშნავია, რომ ქალაქში თავდაპირველად 2 ნაძვის ხე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ოპერის თეატრთან დაიდგა, მაგრამ ეს უკანასკნელი გამოუსადეგარობის მიზეზით აიღეს.

"ტრაგიკული" ბედი ეწია სურამში, 1 700 ლარიან ჩინურ ნაძვის ხეს, რომელმაც ახალ წლამდეც ვერ მიაღწია - ჩინური ნაძვის ხე ქარმა გადატეხა, ამიტომ ქალაქში ხელოვნური ნაძვის ხის ნაცვლად, სკვერში მდებარე ცოცხალ ნაძვს მორთავენ.

სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ნაძვის ხის გარეშე იზეიმებს ახალ წელს ქარელი. მასზე ქალაქის გამგეობამ უარი ბიუჯეტის სიმწირის გამო თქვა, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ ძველი პატარა ნაძვის ხე ქარელის მოსახლეობაში ირონიას იწვევდა.

გრანდიოზულად აინთო საახალწლო ნაძვის ხე გურჯაანში. ნაძვის ხის განათების შემდეგ, რაიონის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი ქართული ესტრადის მომღერლებმა და ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა მიულოცეს.

ყველაზე საოცარი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ავთანდილ გოგიაშვილის ინიციატივით, სოფლებში საზეიმო განწყობის შესაქმნელად, ნაძვის ხის ნაცვლად თუთის ან მსხლის ხეების გამოყენებაც შეიძლება.

არანაკლებ უცნაურია ახალი წლისადმი ბორჯომელების მიდგომა. ისინი ყველაზე სულსწრაფები აღმოჩნდნენ და ახალ წელს ერთი დღით ადრე ზეიმობენ. ბორჯომის გამგეობამ საახალწლო ღონისძიებების გამართვა 30 დეკემბერს გადაწყვიტა: ახალ წელს ყველა ბორჯომელი საკუთარ სახლში მოფუსფუსეები უნდა შევხვდნენო. ხელი რომ არ შევუშალოთ ეროვნული ტრადიციების განვითარებას, ჯობია ერთი დღით უკან გადმოვინაცვლოთო, - აცხადებენ ბორჯომში.

ასეა თუ ისე, გემოვნებაზე არ დაობენ, და გადაწყვეტილებებსაც ყველა რეგიონი ინდივიდუალურად იღებს.

იმედია, ყველას ამაღლებული განწყობა დაგებედებათ.

გილოცავთ დამდეგს!

ბელა თაბუაშვილი, "ამბები.გე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია