მთელი წლის განმავლობაში არაერთ დაავადებაზე გვიხდება წერა, ვწერთ მსოფლიო მედიცინაში მიღწეულ აღმოჩენებსა და უნიკალურ ოპერაციებზე. წინასაახალწლო ნომერში კი გვინდა ექიმის პრაქტიკიდან რამდენიმე მხიარული ამბავი მოგითხროთ.
სულიკო კოსიაშვილი, ქირურგი:
- ერთი ავადმყოფი მოვიდა, რომელსაც საშარდე გზების პრობლემა ჰქონდა. მე ამ დროს სხვა პაციენტი მელოდებოდა და იმისათვის, რომ დრო მომეგო, შუშის ჭურჭელი მივეცი და ვუთხარი, რომ ჩემს მოსვლამდე შარდი ამ ჭურჭელში შეეგროვებინა. როდესაც დავბრუნდი, ვხედავ, რომ მთელი იატაკი სველია. აქ რა ხდება-მეთქი, ვკითხე. რა მიპასუხა, იცით? "ექიმო, აბა, რომელი სნაიპერი მე მნახე, აქედან იმ შუშაში ჩამესხა და ერთი წვეთი ძირს არ დამქცეოდაო".
ერთხელ 78 წლის ქალბატონი მესტუმრა და მეუბნება: - შვილო, ძალიან მერიდება ჩემი სატკივრის გამხელა, მაგრამ უნდა მიშველოო. მიზეზი ვკითხე. მიპასუხა, - ამ სიბერის ჟამს ძალიან მომწყინდა მარტოობა და გავთხოვდიო. ძალიან კარგი-მეთქი, ვუპასუხე. ამაში ცუდი არაფერია, მე რით შემიძლია დახმარება-მეთქი. შეიშმუშნა ეს ქალბატონი, მერიდება და მერიდებაო, გაიძახის. ბოლოს მეუბნება, ისეთი წამალი გამომიწერეთ, ქმარმა არ შემაწუხოსო. რას გულისხმობთ-მეთქი, ვკითხე. როგორც იქნა, დაძლია მორიდება და მეუბნება, მე იმისთვის გავთხოვდი, რომ მარტო არ ვყოფილიყავი და გვერდით მეგობარი მყოლოდა, ჩემი ქმარი კი ღამეში ორჯერ მაწუხებს და ცოლ-ქმრის მოვალეობის შესრულებას მთხოვსო. მართლა ძალიან გამიკვირდა (იცინის), ვიფიქრე, ეს ქალბატონი 78 წლისაა, ალბათ მისი მეუღლე ბევრად ახალგაზრდა იქნება, საინტერესოა, რატომ დაქორწინდა ამ ქალბატონზე, თუ სიმდიდრის გამო, მაშინ რა გასაჭირი ადგას ასეთი, რომ ახალგაზრდა ქალთან ვერ წასულა? ამ ფიქრებში ვარ გართული და ვეკითხები - რამდენი წლის ბრძანდება თქვენი მეუღლე-მეთქი? - 80 წლისააო - მიპასუხა. ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ისიც მინდოდა მეკითხა, რას ჭამს ეს კაცი, რას სვამს, რომ მეც ვიხელმძღვანელო-მეთქი, მაგრამ მომერიდა...
- რა ურჩიეთ?
- არაფერი, ვუთხარი, არ ინერვიულოთ, ქალბატონო, თაფლობისთვე ჩაივლის და მაგასაც გადაუვლის-მეთქი... ცნობილი ყარაბახის მოვლენებია, ანუ გაცხარებული კონფლიქტია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ჩვენს საავადმყოფოში ერთი სომეხი ქალბატონი ჩამოვიდა ქალიშვილთან ერთად. ძალიან მძიმედ იყო. რომ გამოჯანმრთელდა, გაწერის დღეს ერთ-ერთ ჩვენს ექთანს ეუბნება: ისეთი მადლიერი ვარ, ისე კარგად მიმკურნალეთ და ისეთი ყურადღებიანი ხართ, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე არ უნდა დასრულდეს, მომავალშიც ვიმეგობროთ, თქვენც გვესტუმრეთ სომხეთშიო. ჩვენი ექთანი უსმენს, უსმენს და ეუბნება: აბა, ახლა როგორ ჩამოვალ სომხეთში, მე აზერბაიჯანელი ვარო. დედა-შვილმა ეს რომ გაიგო, მოიღუშნენ და აწიოკდნენ! ახლა რა ნემსი გამიკეთეთ, რამე რომ დამემართოს, არც ერთს ცოცხალს არ დაგტოვებთ, თქვენ ვინ ყოფილხართო! ძლივს დავაშოშმინეთ და რის ვაი-ვაგლახით გავისტუმრეთ (იცინის).
- ეს რაც შეეხება პაციენტებს, ექიმებზე, თქვენს კოლეგებზე რას გაიხსენებდით.
- ერთ-ერთი სოფლიდან საჩივარი შემოვიდა ჯანდაცვის სამინისტროში (დღეს უკვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან), ქირურგი საოპერაციოდან გამოვიდა და მთვრალი იყო, სპირტის სუნი ასდიოდაო. საბედნიეროდ, არაფერი არ გართულებულა, მაგრამ რაკი მთვრალი იყო, ამაზე დიდი ამბავი ატყდა. გადაწყდა, რომ ერთ-ერთი ექიმი ჩავიდოდა ადგილზე და ამ საქმეს გამოიძიებდა. აღმოჩნდა, რომ ჩასული და "ბრალდებული" ინსტიტუტის მეგობრები ყოფილან. ამდენი ხანი ერთმანეთი არ გვინახავსო და რესტორანში წავიდნენ ამ ამბის აღსანიშნავად, იქიდან კი საავადმყოფოში შეზარხოშებული მიბრუნდნენ. ამასობაში მომჩივანმა შეიტყო, რომ თბილისიდან ამ საქმის შესასწავლად ექიმი ჩასულიყო, და რას ხედავს, საქმის გამოსაძიებლად ჩასული ექიმი ფეხზე ძლივს დგას. წარმოიდგინეთ, იქ რა მოხდებოდა! არადა, ქირურგს, რომელსაც უჩიოდნენ, ერთი წვეთი არ ჰქონდა ოპერაციის დროს დალეული, როგორც წესი, ხელები სპირტით დაუბანია და ამაზე ატეხილა ერთი ამბავი... თუმცა ვიცნობდი ისეთ ექიმსაც, რომელსაც ძალიან უყვარდა დალევა. აქ საინტერესო ის არის, რომ სწორედ ეს ექიმი ამოწმებდა მძღოლებს სიმთვრალეზე. ერთხელაც, კომუნისტების დროს, "გაიშნიკებმა" ნასვამი მძღოლი შემოუყვანეს, ექიმმა დაუწერა - "ფხიზელი". ინსპექტორი აღშფოთდა, მთვრალია კაცი და ფხიზელს როგორ წერო. ადგა ექიმი, გაიარა ბანცალით და ინსპექტორს ჰკითხა: აბა, შემომხედე, ეს მძღოლი უფრო მთვრალია თუ მე?
- ახალ წელს ქართველებმა ჭარბად ვიცით მოლხენა, ხშირად ვკარგავთ ზომიერების შეგრძნებას, ამას როგორ უნდა მოვერიოთ?
- ერთ-ერთ ძველ ჩანაწერებში ამოვიკითხე, რომ კოლხნი და ივერნი, ბერძნების მსგავსად, სამ სადღეგრძელოზე მეტს არ სვამდნენ. ბერძნები ერთი დასხმით სამჯერ მოყუდებით სვამდნენ, კოლხნი და ივერნი სამჯერ დასხმით და სამჯერ დაცლით. ბერძნები წყალნაზავ ღვინოს, ქართველები კი გაუზავებელს მიირთმევდნენ, ფეხზე მყარად იდგნენ და არ ბილწსიტყვაობდნენ. ახალი წლის დღეებში ბევრჯერ ვყოფილვარ მორიგე და 1-ელ იანვარს დილით გარეთ რომ გამოვდივარ, მთელი ქალაქი მკვდარივითაა, ჩამიჩუმი არ ისმის. ადამიანების უმრავლესობა მთელი ღამის ნაბახუსევია და გამოძინებულზე 1-ელ და 2 იანვარს ისევ აგრძელებს სმას... ეს არ არის მოლხენა, საკვებისა და ღვინის ჭარბი მოხმარება ქართველის ბუნებაში არ იყო, ჩვენი წინაპრები ყოველთვის ზომიერებას იცავდნენ. რატომ უნდა მივბაძოთ მომხდურს ცუდში და ტრადიციად ვაქციოთ? მივბაძოთ ჩვენს წინაპრებს ზომიერებაში, რაც არა მარტო ჯანმრთელობისა და გუნება-განწყობისთვის, ზოგადად ჩვენი მომავლისთვის არის სასარგებლოც და აუცილებელიც.
მოამზადა ლიკა კერატიშვილმა
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)